ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ფანიაშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორში ორი მუნიციპალიტეტი (ქალაქისა და თემის) გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეული - გორის მუნიციპალიტეტის მერია. პარალელურად, ქალაქისა და თემის მანამდე არსებულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ა(ა)იპ-ები გაერთიანდა. რეორგანიზაციის პროცესის შედეგად, ჩამოყალიბდა 10 მუნიციპალური ორგანიზაცია, აქედან 6 სააგენტოს სახელითაა რეგისტრირებული. მერიის ბალანსზე ახლადრეგისტრირებულ სააგენტოებზე მანამდე არსებული ან/და ლიკვიდირებული რამდენიმე ა(ა)იპ-ის ფუნქციები გადანაწილდა. სულ, 2018 წლის ბიუჯეტიდან, 10 ა(ა)იპ-ის დასაფინანსებლად, 13 727 300 ლარია გათვალისწინებული. აქედან ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოა,

რომელმაც 59 ბაღი ერთ ა(ა)იპ-ში გააერთიანა.

გასული წლის მონაცემებით, ქალაქსა და თემში არსებულ საბავშვო ბაღებში საშუალოდ 5 730 აღსაზრდელი ირიცხებოდა და თითოეულზე დღეში 1.3 ლარი იხარჯებოდა, რეორგანიზაციის შემდეგ, ბავშვთა კონტიგენტი 5 586-ით განისაზღვრა, თითოეული ბავშვის კვების დღიური დაფინანსება კი, 2.7 ლარამდე გაიზარდა. შედეგად, 2018 წელს ბიუჯეტიდან ბავშვთა კვებაზე გასაწევი წლიური ხარჯი თითქმის 2-ჯერ (დაახლოებით 1.8 მლნ ლარით) გაიზარდა. აღნიშნული ფაქტორის არ არსებობის პირობებში მიმდინარე წელს ა(ა)იპ-ებზე გამოყოფილი ჯამური თანხა, გასულ პერიოდთან მიმართებაში, შემცირდებოდა. მთლიან ბიუჯეტთან ფარდობის თვალსაზრისით კი, ა(ა)იპ-ებზე გამოყოფილი სახსრების წილი, 2017 წელთან შედარებით, 1.54 პუნქტით, 36.74-დან 35.2%-მდე არის შემცირებული.

ანალიზი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, მამუკა ფანიაშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალური ორგანიზაციების გაერთიანებით საბიუჯეტო თანხები მთლიანობაში დაიზოგა.

„გორში ა(ა)იპ-ების გაერთიანებით თანხები დაიზოგა. აქ გასათვალისწინებელია საბავშვო ბაღებში კვების დაფინანსების გაზრდის საკითხი, რითიც შესაძლოა ამ მიმართულებით გათვალისწინებული თანხის მაღალი მაჩვენებელი მივიღოთ“ - განაცხადა

ფანიაშვილმა.

2017

წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ქალაქსა და თემის მუნიციპალიტეტებში არსებული ა(ა)იპ-ების რაოდენობა ყოველწლიურად იცვლებოდა. შესაბამისად, სხვადასხვა იყო მათი დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხაც.

ცხრილი 1:

გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებისთვის გამოყოფილი თანხა 2015-2018 წლებში

წლები ა(ა)იპ-ების რაოდენობა ა(ა)იპ-ების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა (ლარი) ადგილობრივი ბიუჯეტი (ლარი)
2015 36 10 444 600 28 349 300
2016 39 13 253 400 31 870 100
2017 37 12 698 499 34 564 400
2018 10 13 727 300 39 190 900
წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

როგორც ცხრილიდან ჩანს, ა(ა)იპ-ების ყველაზე ნაკლები რაოდენობა მიმდინარე წელსაა წარმოდგენილი, რომლებისთვისაც გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მეტი თანხაა განსაზღვრული. მათ შორის, ერთ-ერთი მსხვილბიუჯეტიანი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოა, რომლის დაფინანსების ძირითადი ნაწილი ბავშვთა კვებაზეა მიმართული.

თუ რეორგანიზაციამდე ერთ ბავშვზე დღეში 1.30 ლარი იყო ამ მიზნით განსაზღვრული,  ეს თანხა ახლა 2.70-მდე გაიზარდა. 2017 წლამდე ბაღებში საშუალოდ 5 730 აღსაზრდელი ირიცხებოდა, შესაბამისად თითოეული ბავშვის კვებაზე დანახარჯი ყოველდღიურად 7 449 ლარს შეადგენდა, რეორგანიზაციის შემდეგ (2018 წლიდან), აღსაზრდელების რაოდენობა 5 586-ს შეადგენს, ხოლო კვების ხარჯი თითოეულ ბავშვზე 15 082 ლარამდე იზრდება. სამუშაო დღეებზე (საშუალოდ 250) ნამრავლით კი, მხოლოდ, კვებისთვის გაწერილი ხარჯი წელიწადში დაახლოებით 3 770 500 ლარს შეადგენს. შესაბამისად, რაციონის ცვლილების შედეგად, კვებითი ხარჯი დაახლოებით 2-ჯერ არის გაზრდილი 2017 წელთან შედარებით. მიმდინარე წელს სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი 5 853 700 ლარია, აქედან სახელფასო ფონდი 2 078 712 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება გასულ წლებს, აღსანიშნავია, რომ 2013 წლამდე საბავშვო ბაღები თანადაფინანსებით მუშაობდა და მშობელს ბავშვზე თვეში 30 ლარის გადახდა უწევდა.  2014 წლიდან საბავშვო ბაღები ვაუჩერის პრინციპით მუშაობდა და მათი დაფინანსება აღსაზრდელების რაოდენობით განისაზღვრებოდა. 2014-2017  წლებში თითოეული ბავშვის კვებისთვის თვეში 60 ლარი იხარჯებოდა, ეს ნიშნავს რომ აღნიშნულ პერიოდში ცალკე ა(ა)იპ-ებად რეგისტრირებულ საბავშვო ბაღებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში დაახლოებით 30 000, ერთი წლის მანძილზე კი, 360 000 ლარი იხარჯებოდა.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალურ ორგანიზაციებს, უნდა აღინიშნოს, რომ მათ დასაფინანსებლად გათვალისწინებული მთლიანი თანხა გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (39 მლნ) 35%-ს შეადგენს. გასულ წლებში კი, ერთად (ორივე მუნიციპალიტეტის) აღებულ ბიუჯეტებთან მიმართებაში, ა(ა)იპ-ებისთვის გათვალისწინებული ფინანსური წილი პროცენტული მაჩვენებლით ასე განისაზღვრებოდა:

ცხრილი 2:

ა(ა)იპ-ების ფინანსური წილი ბიუჯეტთან მიმართებაში

წლები 2014 2015 2016 2017 2018
ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი (ლარი) 29 964 400 28 349 300 31 870 100 34 564 400 39 190 900
ა(ა)იპ-ების დაფინანსების პროცენტული წილი 16.20% 36.84% 41.59% 36.74% 35.20%
წყარო: გორის მუნიციპალიტეტის მერია

როგორც ცხრილიდან ჩანს, ბიუჯეტთან მიმართებაში ა(ა)იპების დაფინანსება რეორგანიზაციამდე, 2014-2016 წლებში, თანდათან იზრდებოდა, 2017 წელს თითქმის 2015 წლის მონაცემებამდე შემცირდა და 36.7%-ს გაუტოლდა. რეორგანიზაციის შემდგომ პერიოდში კი, 2018 წელს, აღნიშნული მაჩვენებელი 35%-მდე შემცირდა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში კი რეორგანიზაციამდე ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე, 2016-2017 წლებში, შესაბამისად 13.3 და 12.7 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. რეორგანიზაციის შემდგომ, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 13.7 მლნ-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბაღებში კვების რაციონის ზრდით გამოწვეული ხარჯების მატების გარეშე (დაახლოებით 1.8 მლნ), მიმდინარე წელს, გასულ პერიოდთან მიმართებაში, უმნიშვნელოდ, თუმცა შემცირდებოდა დაფინანსების აბსოლუტური მოცულობაც.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი