ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე:

ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში ყველაზე მაღალ ზღვარს 2016 წლის ბოლოს მიაღწია და 2.78 ნიშნულზე დაფიქსირდა. მოცემულ პერიოდში არსებითად გაიზარდა თავისთავად დოლარის ინდექსი, რაც მსოფლიოს მასშტაბით ყველა ვალუტასთან მის გამყარებაში აისახა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება დოლარის გამყარების გავლენის სრულად აღმოფხვრისა და ლარის კურსის არსებულ ნიშნულზე შენარჩუნების შესაძლებლობას მოკლებული იყო. ვალუტის შემომავალ ნაკადებზე და შესაბამისად ლარის კურსზე უარყოფითად აისახებოდა ზოგადად რეგიონსა და პარტნიორ ქვეყნებში არსებული რთული ვითარებაც. ლარის კურსზე მოქმედ საგარეო ფაქტორებზე ხელისუფლება ასევე ვერ იქონიებდა არსებით გავლენას, თუმცა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა (ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სავიზო რეჟიმის გამკაცრება რიგ ქვეყნებთან, სახელმწიფო ფინანსების არათანაბარი ხარჯვა და სხვა) ლარის კურსზე დამატებით წნეხის შექმნას შეუწყო ხელი. ამდენად, პოლიტიკოსის განცხადების ეს ნაწილი მეტწილად მცდარია.

ლარის კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში საწვავის ფასზეც აისახება. მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოში საწვავის ფასი მეტ-ნაკლებად მსოფლიო ბაზარზე არსებული ნავთობის ფასის ცვლილების ტენდენციას იზიარებდა, იმავე პროპორციით არ იცვლებოდა, რადგან ამ პერიოდში საწავავის იმპორტი ძვირდებოდა, ვინაიდან ლარი უფასურდებოდა. თუმცა, 2017 წლიდან საქართველოში საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ტენდენციას ცდება, რაც ამავე წელს აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდით არის გამოწვეული. მას შემდეგ, რაც აქციზი გაიზარდა, მყისიერად, საწვავი 46 თეთრით გაძვირდა, საიდანაც უშუალოდ აქციზის ზრდის გავლენა 18-22 თეთრის ფარგლებშია. ბოლო წლებში, საწვავის ყველაზე დაბალი ფასი 2016 წლის ივლისი-დეკემბერში დაფიქსირდა, როცა მისი საშუალო ღირებულება 1.75 ლარი იყო. საწვავის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი კი, მიმდინარე წელს ფიქსირდება.

საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლა და პენსიის მასთან გათანაბრება „ქართული ოცნების“ დაპირება იყო. დღეს ასაკობრივი პენსია საარსებო მინიმუმზე 7 ლარით მეტი, 180 ლარია (მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისთვის 216 ლარი), რაც 2012 წელს 110-125 ლარს შეადგენდა. თუმცა, საარსებო მინიმუმის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შეცვლა არ მომხდარა და მისი დათვალა 2012 წლამდე არსებული მეთოდით ხორციელდება. 2018 წელს სახელმწიფო ასაკობრივი პენსიის ზრდა არ მომხდარა. განცხადების ამ ნაწილში ნიკა მელიას პათოსი ძირითადად სიმართლეა.

რაც შეეხება „მაღალჩინოსნების ხელფასებს“, 2018 წლიდან პარლამენტის წევრთა ანაზღაურება 833 ლარით გაიზრდა, ხოლო სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობების პირთა შრომის ანაზღაურების ზრდა კანონით შეიზღუდა. ასევე, ამავე კანონით, ამ პირებს პრემია/დანამატის მიღებაც აეკრძალათ. გარდა ამისა, 2018 წელს მთლიანი შრომის ანაზღაურება მშპ-სთან მიმართებაში მცირდება, ხოლო აბსოლუტურ მონაცემებში არსებითი ზრდა არ გაქვს.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ნიკა მელიას განცხადებას აფასებს, როგორც მეტწილად მცდარი.

ანალიზი

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნიკა მელიამ, „ქართული ოცნების“ საქმიანობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ლარი ისტორიულ ნიშნულამდე გააუფასურა და საწვავის ფასები გაზარდა. ამავდროულად, მისი განცხადებით, ხელისუფლების დაპირება იყო პენსიის ზრდა, მაგრამ მიმდინარე წელს არ გაუზრდია, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალჩინოსნების ხელფასები 700-800 ლარით გაიზარდა. ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა ლარი არსებობს (1995 წლის ოქტომბერი), მისი გაცვლითი კურსის მაქსიმალური ნიშნული დოლართან მიმართებაში - 2.78, 2016 წლის 21-22 დეკემბერს, ყველაზე დაბალი - 1.23 კი, 1996 წლის 6 იანვარს დაფიქსირდა.

გრაფიკი 1: ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, 1995-2017 წლები 1 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას აღსანიშნავია დოლარის ინდექსის ცვლილების ტენდენციის გავლენა ლარის კურსზე. ეს ინდექსი (DXY) უჩვენებს დოლარის ღირებულებას მსოფლიოს ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, როცა ინდექსის მაჩვენებელი იზრდება დოლარი მყარდება, და პირიქით, როცა იკლებს დოლარი გაუფასურებას განიცდის. როგორც წესი, ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკური ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, დოლარის ინდექსის ზრდამ ლარის გაუფასურება უნდა გამოიწვიოს და როცა DXY იკლებს, მაშინ ლარიც უნდა გამყარდეს.

გრაფიკი 2: დოლარის ინდექსისა და ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების ტენდენცია, 1999-2018 წლები 2 წყარო: Board of Governors of the Federal Reserve System (US); ეროვნული ბანკი  

როგორც გრაფიკიდან ჩანს, დოლარის ინდექსის ცვლილების ტენდენციას ძირითადად იმეორებს ლარის კურსიც. ანუ, როცა მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში დოლარი მყარდებოდა, მისი კურსი ლართან მიმართებაშიც იზრდებოდა. დოლარის გამყარება, როგორც ლარის კურსის შემცირების მიზეზი, მიეკუთვნება იმ ფაქტორებს, რომლებზეც ქვეყნის მთავრობას გავლენის მოხდენა არ შეუძლია. 2014 წლის ბოლოდან დოლარის ინდექსი მკვეთრად იზრდება, რაც მოცემულ პერიოდში დოლართან მიმართებაში მსოფლიოს ყველა ვალუტის, მათ შორის ლარის კურსის არსებით ზრდას (გაუფასურებას) იწვევს. თუმცა, შესამჩნევია ტენდენციიდან პერიოდული გადახრები და ისიც, რომ ლარის კურსის ცვლილების ამპლიტუდა მეტად მაღალია ვიდრე თავისთავად ინდექსის ცვლილების. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ლარის გაუფასურებაზე დოლარის გლობალური გამყარებისგან დამოუკიდებელი ფაქტორებიც (მოლოდინები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რეგიონში მიმდინარე პროცესები) მოქმედებდა, რომელთა ნაწილზე რეაგირების გარკვეული ბერკეტები ხელისუფლებას გააჩნია. ამდენად, ცალსახად იმის თქმა, რომ ლარის გაუფასურება მოქმედი ხელისუფლების ბრალია, შეუძლებელია, თუმცა, გარკვეულწილად, ამ ფაქტზე ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება.

რაც შეეხება საწვავის ფასებს, 2016 წელს, არსებითი კლების შემდეგ, 2017 წლიდან საწვავი ფასი სწრაფად იზრდება, რაც ნაწილობრივ ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდით არის განპირობებული, ხოლო ნაწილობრივ კი - მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდით. 2016 წლის ბოლოს, მაშინ როცა აქციზის გადასახადი ჯერ კიდევ არ იყო გაზრდილი, საწვავი საშუალოდ 1.77 ლარი ღირდა. 2017 წლის იანვარში, აქციზის ახალი განაკვეთის ამოქმედებისთანავე კი მაჩვენებელი 0.46 ლარით გაიზარდა, საიდანაც მხოლოდ აქციზის ზრდით გამოწვეული მატება 18-22 თეთრს შეადგენდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას განცხადების დროს  საწვავზე ყველაზე მაღალი ფასი საშუალოდ 2.34 ლარი 2012 წელს ფიქსირდებოდა. თუმცა, ივლისის თვეში საწავავის საშუალო ფასმა 2.46 ლარს მიაღწია, რაც ახალ ისტორიულ მასიმუმს წარმოადგენს.

გრაფიკი 3: საწვავის ფასი (ლარი)[1] 2012-2018 წლებში 3 წყარო: ავტოგასამართი სადგურების ქსელი „გალფი“  

გრაფიკი 4: საქართველოში საწვავის საშუალო ფასი და მსოფლიოში ბარელი ნავთობის საშუალო ფასი ($) 4 წყარო: ავტოგასამართის სადგურების ქსელი "გალფი"[i]

საწვავის ფასების შესახებ შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ მისი გაძვირება ძირითადად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მატებას უკავშირდება. თუმცა, გარკვეული წვლილი ამ გაძვირებაში ხელისუფლებასაც მიუძღვის, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, 2017 წელს საწვავზე აქციზი გაიზარდა, რაც საწვავის ფასების დაახლოებით 18-22 თეთრით ზრდას იწვევს.

რაც შეეხება პენსიებს, 2012 წელს ასაკობრივი პენსიის ოდენობა 110 ლარს და 125 ლარს შეადგენდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენსია რამდენჯერმე გაიზარდა. 2013 წელს პენსია ყველა პენსიონერისთვის ჯერ 125 ლარი გახდა, შემდეგ კი 150 ლარამდე გაიზარდა, 2015 წელს 10 ლარით (160 ლარამდე) გაიზარდა, ხოლო 2016 წლის ივლისიდან ასაკობრივი პენსია 180 ლარი გახდა. ამის შემდეგ პენსია აღარ გაზღდილა. ხოლო, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერების პენსია კი 2016 წლის სექტემბრიდან 216 ლარია. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ 2012 წლის საარჩევნო დაპირება პენსიის საარსებო მინიმუმამდე ზრდა იყო. დღევანდელი მდგომარეობით, არსებული ასაკობრივი პენსია საარსებო მინიმუმს (173 ლარი) 7 ლარით აჭარბებს, თუმცა ამვდროულად დაპირება მოიცავდა საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილებას, რადგან „ქართული ოცნება“ მიიჩნევდა, რომ საარსებო მინიმუმი გაცილებით მეტია, ვიდრე საქსტატის მიერ დათვლილი. თუმცა, საარსებო მინიმუმის თავიდან გადათვლა არ მომხადარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი 2016 წელსაც წერდა.

ამდენად, პენსიებთან დაკავშირებით ნიკა მელიას პრეტენზია სამართლიანია.

რაც შეეხება მაღალჩინოსანთა ხელფასების ზრდას, ნიკა მელიას მიერ გამოყენებული ტერმინი „მაღალჩინოსანი“ არ არის სამართლებრივად განმარტებული, მაგრამ განცხადებებში მოიაზრება სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელებიც არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, გუბერნატორები და მათი მოადგილეები, ა/რ თანამდებობის პირები, საკრებულოს თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები და ა.შ. ფაქტ-მეტრს მათი შრომის ანაზღაურების შესახებ  სხვადასხვა დროს  არაერთი კვლევა აქვს გამოქვეყნებული (იხ. ბმული: 1, 2, 3, 4). 2018 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის წევრის (მათ შორის, საპარლამენტო თანამდებობის მქონე) ხელფასი 833 ლარით გაეზარდა. სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაში უნდა განიმარტოს, რომ ეს პირები შრომის ანაზღაურების სახით იღებდნენ თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და დანამატს. 2018 წლიდან კი სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირები კანონით მხოლოდ თანამდებობრივ სარგოებს იღებენ და არა სხვა სახის ანაზღაურებას (პრემია, დანამატი). კანონმა, ასევე, მათი შრომის ანაზღაურების ზრდა შეზღუდა, რომლის ზედა ზღვრად, 2017 წელს მიღებული ანაზღაურების მაქსიმუმი დააწესა. თავის მხრივ, 2015 წლის მდგომარეობით, მინისტრებისა და მათ მოადგილეების შრომის ანაზღაურების მოცულობა 2012 წელთან შედარებით 24%-ით იყო შემცირებული. 2017 წელს ასევე შემცირებულია სამინისტროების შრომის ანაზღაურების მოცულობა. მათ შორის, შემცირებულია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების ხარჯები, ხოლო თავად გუბერნატორების შრომის ანაზღაურება 2018 წლიდან არ გაზრდილა.

[1]

გრაფიკი აგებულია ყოველთვიური საშუალო ფასის მიხედვით.

[i] წლების მიხედვით, საწავავზე ფასების სტატისტიკას მხოლოდ „გალფი“ აქვეყნებს.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია