ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მცდარი.   რეზიუმე:

ბოლო წლებში ლარის გაუფასურება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, ზრდის საგარეო ვალის მოცულობის ლარში გამოსახულ მნიშვნელობას, იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, შესაძლებელია წაახალისოს ინფლაცია.

პოლიტიკოსი საუბრობს რეალურ შემოსავალზე, თუმცა მისი მსჯელობა უფრო რელევანტური იქნებოდა განკარგვად შემოსავალთან მიმართებაში. მკითხველისთვის, საკითხის არსი უფრო გასაგები რომ გახდეს, ანალიზში განიხილავება განკარგვადი შემოსავალიც. განკარგვადი შემოსავალი წარმოადგენს შემოსავლებისა და გადასახდელი ვალდებულებების სხვაობას. ლარის გაუფასურება მოქმედებს განკარგვად შემოსავალზე - ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვთ აღებული, ლარის კურსის შემცირების შემდეგ ვალდებულებები ეზრდებათ და ნაკლები თანხა რჩებათ სხვადასხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ლარის გაუფასურება განკარგვადი შემოსავლის 60%-ით კლებას ვერ გამოიწვევდა. მეორე მხრივ, აღნიშნული ეფექტი, მთელ მოსახლეობაზე ვერ გავრცელდება, რადგან ვალი დოლარში მოსახლეობის მხოლოდ ნაწილს აქვს.

ფაქტ-მეტრის ვერდიქტი ძირითადად ეყრდნობა რომან გოცირიძის ციტატას - „ადამიანებმა დაკარგეს რეალური შემოსავალი“. რეალური შემოსავალი კონკრეტული ეკონომიკური ტერმინია. რეალური მაჩვენებლები მიიღება სხვადასხვა ეკონომიკური მონაცემისგან ინფლაციის ფაქტორის გამორიცხვით. რომან გოცირიძე რეალურ მაჩვენებელს მთლიანად ლარის კურსს უკავშირებს (რომელიც დაახლოებით 60%-ით შემცირდა), რაც ცალსახად არასწორი მიდგომაა. ამასთან, რეალური შემოსავლები (როგორც პოლიტიკოსი აცხადებს) არა თუ არ შემცირებულა 60%-ით, არამედ 2012 წლიდან მოყოლებული ზრდის ტენდენციით ხასიათდება.

  ანალიზი პარლამენტის სხდომაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა:

„ლარის გაუფასურების შედეგად ადამიანებმა დაკარგეს რეალური შემოსავალი 60%-ით“.

ბოლო წლებში ლარის გაუფასურება მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, ზრდის საგარეო ვალის მოცულობის ლარში გამოსახულ მნიშვნელობას, იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, შესაძლებელია წაახალისოს ინფლაცია (განსაკუთრებით იმპორტდამოკიდებული ეკონომიკის პირობებში).

მოცემულ ანალიზში, შეიძლება განვიხილოთ რეალური შემოსავალი და განკარგვადი შემოსავალი. რომან გოცირიძე რეალურ შემოსავალზე საუბრობს, თუმცა, ამ კონტექსტში განკარგვადი შემოსავლის განხილვა უფრო რელევანტური იქნებოდა. განკარგვადი შემოსავალი წარმოადგენს შემოსავლებისა და გადასახდელი ვალდებულებების სხვაობას.  მაგალითად, თუ მოქალაქეს აქვს შემოსავალი 1 000 ლარი, ხოლო ვალი - 100 ლარი, მისი განკარგვადი შემოსავალი იქნება 900 ლარი, რომლის დახარჯვაც მას შეუძლია სურვილისამებრ.

ლარის კურსის შემცირება, პირდაპირ მოქმედებს განკარგვად შემოსავალზე ადამიანებისთვის, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში, მათ შორის დოლარში აქვთ აღებული, ხოლო შემოსავლები ლარში აქვთ, რადგან ლარის გაუფასურების შემდეგ, მათი ლარში გამოსახული ვალდებულებები იზრდება. მაგალითად, თუ მოქალაქეს სესხი აქვს 100 დოლარი და ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა 1.5 დან 2.5 ნიშნულამდე, მისი ვალი, გამოსახული ლარში, გაიზრდება 150 ლარიდან 250 ლარამდე და მისი განკარგვადი შემოსავალი შემცირდება 850 ლარიდან 750 ლარამდე.

რომან გოცირიძე რომ საუბრობდეს კონკრეტულად განკარგვად შემოსავალზე, ლარის კურსთან მიმართებაში, მისი განცხადება უფრო რელევანტური იქნებოდა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ლარის კურსის შემცირება, განკარგვადი შემოსავლის იგივე მაჩვენებლით შემცირებას ვერ გამოიწვევდა (გარდა თეორიული შემთხვევისა როცა კურსის შემცირებამდე მოქალაქე შემოსავლის ნახევარს იხდიდა სესხის მომსახურებაში). ეს ადვილად ვლინდება ზემოაღნიშნული მაგალითიდან, სადაც ლარი გაუფასურდა დაახლოებით 65%-ით, ხოლო განკარგვადი შემოსავალი შემცირდა 12%-ით, 850-დან 750 ლარამდე.

პოლიტიკოსი საუბრობს რეალურ შემოსავალზე, თუმცა მისი მსჯელობა უფრო რელევანტური იქნებოდა განკარგვად შემოსავალთან მიმართებით. მკითხველისთვის საკითხის არსი უფრო გასაგები რომ გახდეს, ანალიზში განიხილავება განკარგვადი შემოსავალიც. ფაქტ-მეტრის ვერდიქტი ძირითადად ეყრდნობა ციტირებას: „ადამიანებმა დაკარგეს რეალური შემოსავალი“. რეალური მაჩვენებელი კონკრეტული ეკონომიკური ტერმინია. რეალური მაჩვენებლები მიიღება სხვადასხვა ეკონომიკური მონაცემისგან ინფლაციის ფაქტორის გამორიცხვით. პოლიტიკოსი რეალურ მაჩვენებელს მთლიანად ლარის კურსს უკავშირებს, რაც ცალსახად უხეში მანიპულაციაა. ლარის კურსი ინფლაციაზე მოქმედი ბევრი ფაქტორიდან მხოლოდ ერთ-ერთია.

ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად დენომინირებულია ლარში, ანუ იგივე ვალუტაში, რაშიც დათვლილია საშუალო ნომინალური ხელფასი. შესაბამისად, შემოსავლის (ხელფასის/პენსიის) ცვლილების ტენდენციის შეფასებისას დოლარში კონვერტაციის საფუძველი არ არსებობს. ლარის მსყიდველუნარიანობის ცვლილება კი არ არის მისი კურსის (ამ შემთხვევაში დოლართან მიმართებაში) შემცირების პირდაპირპროპორციული.

ვალუტის კურსს რეალურ მაჩვენებლებთან გარკვეული კავშირი აქვს, მათ შორის იმპორტული საქონლის გაძვირების გამო, მაგრამ ინფლაციის მაჩვენებლებში ეს კავშირი გათვალისწინებულია. წლიური ინფლაცია მოიცავს საქონლისა და მომსახურების კურსის ცვლილებით გამოწვეული გაძვირების/გაიაფების ეფექტს. განცხადების გადამოწმების მიზნით, მიზანშეწონილია მოსახლეობის რეალური შემოსავლების (სფი[1]-

ს გათვალისწინებით) და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების განხილვა.

ცხრილი 1:

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი (ლარი)

sadfafdsfsdf წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განსხვავებული პერიოდის შემოსავლების შესადარებლად მართებულია გამოვიყენოთ სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით კორექტირებული მაჩვენებლები და არა უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული შემოსავალი. ცხრილ 1-ში მოცემულია ნომინალური ხელფასის მოცულობა 2010-2018 წლებში, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის გათვალისწინებით, თუ რამდენი იქნებოდა სხვა წლების ნომინალური ხელფასი 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მდგომარეობით. როგორც ვხედავთ, რეალური საშუალო ხელფასი არა თუ შემცირდა 60%-ით, არამედ ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

  ცხრილი 2:

ასაკობრივი პენსია 2010-2018 წლებში

222 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პენსიის შემთხვევაშიც, მისი უცხოურ ვალუტაში გადაყვანა და შემდეგ შედარება არასწორია. აქაც უნდა გავითვალისწინოთ ინფლაციის დონე და დავაკვირდეთ რეალური პენსიის ცვლილებას. აღსანიშნავია, რომ ნომინალური პენსია დროის გარკვეულ მონაკვეთში უცვლელია (მაგ. 2013 წლის IV კვარტლიდან 2015 წლის II კვარტლის ჩათვლით 150 ლარია), შედეგად რეალური პენსიის მოცულობა კლებადია (150 ლარიანი ნომინალური პენსიის შემთხვევაში რეალური 163.33 ლარიდან 151.7-მდე) ფიქსირების პერიოდზე. შემდგომ საფეხურებრივად იზრდება როგორც ნომინალური (150-დან 160 ლარამდე) ასევე რეალური პენსია (151.7 ლარიდან 160.2-მდე). აღწერილი ციკლი მეორდება ნომინალურ პენსიის ყოველი ზრდის შემდგომ. 2014 წლის III კვარტლიდან (კურსის შემცირების საწყისი პერიოდი) 2018 წლის I კვარტლის ჩათვლით კი, რეალური პენსია უმნიშვნელოდ (8 ლარი), თუმცა გაზრდილია.

რეალური პენსიის არსის გასაგებად, მიზანშეწონილია კონკრეტული შემთხვევის განხილვა. მაგალითად, 2012 წლის მესამე კვარტლის ნომინალური პენსია 125 ლარი შეესაბამება 2016 წლის 136.2 ლარს (რასაც იყიდდა პენსიონერი 2012 წლის სექტემბერში 125 ლარით, იგივე პროდუქტის შესაძენად 2016 წლის სექტემბერში მას დასჭირდებოდა 136.2 ლარი), 2016 წლის სექტემბრის ნომინალური პენსია აღნიშნულ მაჩვენებელს (136.2 ლარი) 43.8 ლარით აღემატება და 180 ლარს შეადგენს.

ცხრილი 3:

მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილების ტენდენცია

33333 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც ცხრილი 3-დან ჩანს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2010 წლიდან მოყოლებული დადებითია. 2014 წლიდან აშშ დოლარში გამოხატული რეალური მშპ მცირდება. ხშირად, ამ მონაცემზე დაყრდნობით ქვეყნის გაღარიბებაზე მითითება ხდება, თუმცა აღნიშნული შემცირება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მკვეთრი კლებით არის გამოწვეული. რეალური ცვლილებების შესაფასებლად, მიზანშეწონილია მუდმივ ფასებში გამოსახული მშპ-ს საფუძველზე მსჯელობა. რეალური მშპ ერთ სულზე ლარებში, 2010-2017 წლებში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 2017 წლის მდგომარეობით 7 627 ლარს შეადგენს.

[1] სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოადგენს მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფასების საშუალო დონის მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5668 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია