ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიგა ბოკერიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების მცდელობა საქართველოში ჯერ კიდევ 1918-1921 წლებში იყო, თუმცა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო სრულყოფილად ვერ განხორციელდა. 2004 წლის თებერვალში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და 82-ე მუხლით დაკანონდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. 2009 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რამაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედება უფრო რეალური გახადა. ამავე კოდექსის 330-ე მუხლის მიხედვით, 2010 წლიდან - 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმოქმედებდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავდა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს. 2013 წლის 18 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა ბრალდებულ თანამდებობის პირებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს, რომ ნაფიც მსაჯულებს განეხილათ მათი საქმეები. ამ საქმეების ნაწილში, აღნიშნული ცვლილებით, გაფართოვდა გეოგრაფიული არეალიც და თბილისისა და ქუთაისის გარდა, გავრცელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოზეც. 2014 წლის 1 ოქტომბერს უნდა შეცვლილიყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის დროებითი წესი და მათი მოქმედება უნდა გამხდარიყო სრულმასშტაბიანი (ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს, ყველა საქალაქო სასამართლოში), თუმცა 2014 წლის 18 სექტემბერს 2 წლით კვლავ გახანგრძლივდა დროებითი განსჯადობის წესი.

დღეისათვის მოქმედი კანონით, რომელიც 2016 წლის 24 ივნისს არის მიღებული, ნაფიც მსაჯულთა ტერიტორიული განსჯადობა ვრცელდება თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებსა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებზე. რაც შეეხება საგნობრივ განსჯადობას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეები შედარებით გაფართოვდა, თუმცა გათვალისწინებული გაფართოება არ მომხდარა.

2011-2018

წლებში ჯამში 36 საქმეზე ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და განაჩენი გამოტანილი იქნა 46 პირის მიმართ. აქედან, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა 4 საქმე 6 პირის მიმართ, რომელიც ეხებოდა ყოფილი თანამდებობის პირებს. ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ნაფიც მსაჯულებმა ბრალდებული გაამართლეს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთლიანად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გააკრიტიკა და მას ჩავარდნილი ინსტიტუტი უწოდა.

ანალიზი პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“, გიგა ბოკერიამ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

„ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი 2010 წლის კანონმდებლობით იქნა აღდგენილი (1918-1921 წლებში გვქონდა ადრე), ძალაში შევიდა და ამოქმედდა 2012 წელს, მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაზე და მხოლოდ თბილისში, ოღონდ, იმ გეგმით რომ ყოველ წელს უნდა გაფართოებულიყო... თავიდან სამოხელეო საქმეებზე „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და გაავრცელა ქუთაისზეც და ა.შ. შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ საქმეზე მარცხი დადგა, ღარიბაშვილი გამოვიდა და საჯაროდ დაგმო ეს ინსტიტუტი. მე-7 წელია შემოვიდა და ფაქტობრივად გაფართოება აღარ ხდება. რაც პატიმრობას ითვალისწინებდა, გეგმაში, ყველა ამ დანაშაულებზე უნდა გაფართოებულიყო, მაგრამ არ ხდება“.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების მცდელობა საქართველოში ჯერ კიდევ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წლები) დროს იყო, რაც საქართველოს პირველი კონსტიტუციით დაკანონდა კიდეც. საქართველოს დროებითმა მთავრობამ მმართველობის დაწყებისთანავე გადაწყვიტა სასამართლო რეფორმის გატარება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იყო. 1919 წლის იანვარს, საქართველოს პარლამენტმა გამოსცა კანონი „ნაფიც მსაჯულთა შემოღების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, ნაფიც მსაჯული უნდა ამორჩეულიყო ორივე სქესის იმ პირთაგან, ვინც იყო საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, იცოდა ქართული ენა, წერა და კითხვა რომელიმე ენაზე, ვინც ასაკით არ იყო 25 წელზე ქვემოთ და ვისაც ერთ წელზე ნაკლებ დროს არ უცხოვრია იმ მაზრასა ან ქალაქში, სადაც ნაფიც მსაჯულთა არჩევა წარმოებდა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგებოდა ერთი მოსამართლისგან, 12 მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულისგან. 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის 81-ე მუხლის მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მოქმედებდა მძიმე სისხლის სამართლის, პოლიტიკური და ბეჭვდითი (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში) დანაშაულისთვის. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო, აღნიშნული კანონი სრულფასოვნად ვერ ამოქმედდა. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს თანამედროვე საქართველოში, 2004 წლის თებერვალში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა და 82-ე მუხლით დაკანონდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. 2009 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,

რამაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედება უფრო რეალური გახადა. 2009 წლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის მიხედვით, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა შემდეგი სამი შემთხვევისა: 1. როცა მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობით სასამართლო თანახმაა, რომ საქმე განხილული იყოს ნაფიც მსაჯულების მონაწილეობის გარეშე; 2. თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა და 3. როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

ამავე კოდექსის 330-ე მუხლის მიხედვით, 2010 წლიდან - 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმოქმედებდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავდა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-

ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედებოდა, სისხლის სამართლის საქმეს, კოდექსით დადგენილი წესით, განიხილავდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

2012

წლის 1 ოქტომბრიდან, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავდა, აგრეთვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე (განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში) და 137-ე (გაუპატიურება) მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეებსაც.

2012

წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით განიხილავდნენ უკვე არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქუთაისის საქალაქო სასამართლოც. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც, საქმეს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, განიხილავდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. ამ შემთხვევაში თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების განსჯადობის წესს განსაზღვრავდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩეოდნენ შესაბამისი ამომრჩევლების სიიდან.

2013 წლის 18 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შესაძლებლობას აძლევდა ბრალდებულ თანამდებობის პირებს, მათ შორის ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს, რომ ნაფიც მსაჯულებს განეხილათ მათი საქმეები. ამ საქმეების ნაწილში, აღნიშნული ცვლილებით, გაფართოვდა გეოგრაფიული არეალიც და თბილისისა და ქუთაისის გარდა, გავრცელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოზეც. რაც შეეხება გიგა ბოკერიას განცხადებას მაღალჩინოსნების საკითხზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკა, ნამდვილად დაიმსახურა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა, მას შემდეგ რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გაამართლა. ღარიბაშვილმა განაცხადა,

რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვერ იმუშავა: „ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ ინსტიტუტმა განიცდა სრული კოლაფსი და კრახი. ჩვენ ვართ ვალდებული, ამას გადავხედოთ და ხარვეზი გამოვასწოროთ. რა თქმა უნდა, დაზარალებულს, ლაშა მახარაძის ოჯახს აქვს აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნა, რომ დამნაშავე დაისაჯოს. ეს სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. როგორ და რა მეთოდებით, ამას შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ეს ინსტიტუტი ჩავარდა და სრული კოლაფსი განიცადა. ასე, რომ ჩვენ ამას აუცილებლად და ძალიან მალე უნდა გადავხედოთ“.

2014 წლის 1 ოქტომბერს უნდა შეცვლილიყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის დროებითი წესი და მათი მოქმედება უნდა გამხდარიყო სრულმასშტაბიანი (ყველა დანაშაულზე, რომელიც პატიმრობას ითვალისწინებს, ყველა საქალაქო სასამართლოში), თუმცა 2014 წლის 18 სექტემბერს 2 წლით კვლავ გახანგრძლივდა დროებითი განსჯადობის წესი.  2016 წელსაც არ გამხდარა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სრულმასშტაბიანი. დაემატა 110-ე - 114-ე

მუხლებით (მკვლელობის სხვადასხვა ფორმები) ჩადენილი დანაშაულის განსჯადობა. რაც შეეხება ტერიტორიულ ცვლილებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები შეიქმნა თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებსა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში.

დღეისათვის მოქმედი კანონით, რომელიც 2016 წლის 24 ივნისს არის მიღებული, ნაფიც მსაჯულთა ტერიტორიული განსჯადობა ვრცელდება

 თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებსა და ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებზე.

რაც შეეხება საგნობრივ განსჯადობას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 135 1 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−144 2 მუხლებით, 144 3

 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით.

ფაქტ-მეტრი აგრეთვე დაინტერესდა როგორია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარების სტატისტიკა. უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის

 თანახმად, 2011-2018 წლებში ჯამში 36 საქმეზე ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და განაჩენი გამოტანილი იქნა 46 პირის მიმართ.

  ცხრილი 1:

ნაფიც მსაჯულთა მიერ 2011-2018 წლებში განაჩენის გამოტანით განხილული საქმეების რაოდენობა

  

წლები

 

 

სასამართლო

განხილული განაჩენის გამოტანით
საქმე პირი
2011 თბილისის საქალაქო 2 4
2012 თბილისის საქალაქო 1 1
2013 თბილისის საქალაქო 3 6
ქუთაისის საქალაქო 1 1

2014

თბილისის საქალაქო 3 6
ქუთაისის საქალაქო 1 1
2015 თბილისის საქალაქო 6 7
ქუთაისის საქალაქო 3 3

2016

თბილისის საქალაქო

4 4

2017

თბილისის საქალაქო 3 3
ქუთაისის საქალაქო 3 3
რუსთავის საქალაქო 1 2
გორის რაიონული 1 1
ზუგდიდის რაიონული 1 1
2018 წლის 8 თვე თბილისის საქალაქო 3 3
სულ განხილული 36 46
წყარო: უზენაესი სასამართლო

ცხრილში ჩამოთვლილი საქმეებიდან, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა 4 საქმე 6 პირის მიმართ, რომელიც ეხებოდა ყოფილი თანამდებობის პირებს, მათ შორის გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოტანილ იქნა 2 პირის მიმართ, ხოლო გამამართლებელი ვერდიქტი - 6 პირის მიმართ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი