ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე:

ნებისმიერი მოქალაქის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უპირველესი გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა. კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის და მიღების წესს კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია.

2018

წლის 15-16 თებერვალს მედია საშუალება „ბიზნესპრესნიუსმა“ (Bpn.ge „პალიტრამედია“ ჰოლდინგის ერთ-ერთი სააგენტო), იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და აღსრულების ეროვნული ბიუროდან, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა 7 თვე გავიდა და Bpn.ge-მ ინფორმაცია ვერ მიიღო. როგორც მედია საშუალება აცხადებს, ამ დროის განმავლობაში მუდმივად ცდილობდა გაერკვია თუ რატომ არ აწვდიდნენ აღნიშნული უწყებები, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, შესაბამის ინფორმაციას. 2018 წლის 2 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, რომ 2015 წლიდან მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით, მათთან არ თანამშრომლობენ და შესაბამისად არ მისცემენ მოთხოვნილ ინფორმაციას.

„ბიზნესპრესნიუსის“ გარდა, იუსტიციის სამინისტროდან და მასთან დაქვემდებარებული უწყებებიდან, საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა სხვა ორგანიზაციებსაც არაერთხელ ჰქონიათ, მათ შორის არის ფაქტ-მეტრიც. 2016 წელს, IDFI-ის, კვლევის ფარგლებში, ინფორმაციის გამოთხოვის 346 წერილზე არც ერთი პასუხი არ მიუღია. იგივე პრობლემა იყო „საია“-ს შემთხვევაშიც.

აღსანიშნავია, რომ ცალკე აღებულ არცერთ საჯარო უწყებას ან/და თანამდებობის პირს, კანონი არ აძლევს რაიმე სახის შესაძლებლობას, პირადი შეხედულებისამებრ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციის გაცემა.

ანალიზი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ „პალიტრამედიის“ ჰოლდინგში შემავალი მედიასაშუალებების ბოიკოტირების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა:

„თეა წულუკიანი არაერთხელ არის შემჩნეული საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაში, დიდი ხანია სისტემურ ხასიათს იღებს მისი მხრიდან კანონის უპატივცემულობა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2018 წლის 15-16 თებერვალს მედია საშუალება „ბიზნესპრესნიუსმა“ (Bpn.ge „პალიტრამედია“ ჰოლდინგის ერთ-ერთი სააგენტო), იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან და აღსრულების ეროვნული ბიუროდან, საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა 7 თვე გავიდა და Bpn.ge-მ ინფორმაცია ვერ მიიღო. როგორც მედია საშუალება აცხადებს, ამ დროის განმავლობაში, მუდმივად ცდილობდა გაერკვია თუ რატომ არ აწვდიდნენ აღნიშნული უწყებები, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, შესაბამის ინფორმაციას. 2018 წლის 2 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „ბიზნესპრესნიუსს“ შემდეგი პასუხი გასცა:

„მინისტრის მითითებაა, ოღონდ დღეს კონკრეტულად კი არა, ეს არის 2015 წლიდან. მაგ პერიოდიდან გეუბნებით მეც, რომ არ ვპასუხობთ „პალიტრას“, გაწყვეტილი გვაქვს ურთიერთობა სამუშაო. კითხვა-პასუხის რეჟიმში „პალიტრასთან“ არ ვართ, ინფორმაციის მიცემა არ შეგვიძლია“.

როგორც იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის პასუხიდან ჩანს, თეა წულუკიანმა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო სამსახურებს დაავალა, რომ არ ეთანამშრომლა „პალიტრამედია“ ჰოლდინგთან. სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურა ანა დოლიძე განცხადებით.

ნებისმიერი მოქალაქის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უპირველესი გარანტი საქართველოს კონსტიტუციაა. კონსტიტუციის 41-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის და მიღების წესს კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არეგულირებს. კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, „ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი“. მე-40 მუხლის მიხედვით კი, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა“. ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით, თუ საჯარო უწყება კანონის შესაბამისი საფუძვლით[1]

არ გასცემს ინფორმაციას, საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის პასუხი აშკარა წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ კანონთან, შესაბამისად, კონსტიტუციასთან. ცალკე აღებულ არცერთ საჯარო უწყებას ან/და თანამდებობის პირს, კანონი არ აძლევს რაიმე სახის შესაძლებლობას, პირადი შეხედულებისამებრ შეზღუდოს საჯარო ინფორმაციის გაცემა.

აღსანიშნავია, რომ „ბიზნესპრესნიუსის“ გარდა, იუსტიციის სამინისტროდან და მასთან დაქვემდებარებული უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა სხვა ორგანიზაციებსაც არაერთხელ ჰქონიათ, მათ შორის არის ფაქტ-მეტრიც.

მაგალითისთვის, ფაქტ-მეტრს, 2017 წლის მარტში გაგზავნილ წერილზე, იუსტიციის სამინისტროდან დღემდე არ მიუღია პასუხი და შესაბამისად არც ინფორმაცია ან/და ახსნა რატომ არ გვეგზავნება პასუხი. ფაქტ-მეტრმა 2018 წლის 15 თებერვალსაც მიმართა იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილით, თუმცა აღნიშნულ წერილზე პასუხი, დღემდე არ მიგვიღია. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, არ მიგვიღია არც წერილობითი და არც ვერბალური დასაბუთება თუ რატომ არ გვეგზავნება კონკრეტული ინფორმაცია. მიმდინარე წლის 18 აპრილს საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროდანაც, რაზეც პასუხად  მივიღეთ, რომ მონაცემების დამუშავების გამო, სააგენტო 10 დღიან ვადას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ 10 თვეზე მეტი გავიდა და ინფორმაცია კვლავ არ მიგვიღია. 25 სექტემბერს ინფორმაცია გამოვითხოვეთ

 სერვისების განვითარების სააგენტოდანაც, დღემდე არც ამ წერილის პასუხი მიგვიღია.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2016 წლის კვლევის ანგარიშის

მიხედვით, ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება, ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, იუსტიციის სამინისტრო იყო. გთავაზობთ ამონარიდს კვლევის ანგარიშიდან: „ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა. 2016 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ 12 უწყებას გაეგზავნა 346 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი ინსტიტუტს, სამწუხაროდ, არც ერთ მოთხოვნაზე არ მიუღია“. აქვე, „იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის მნიშვნელოვანი გაუარესება თვალშისაცემია 2014 წლიდან, როდესაც 2013 წლის 95,6%-იანი მაჩვენებელი 48,4%-მდე შემცირდა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3,9%-მდე შემცირდა, ხოლო 2016 წელს 0%-ს შეადგენს“.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარში სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან ინფორმაციის გაუცემლობისთვის IDFI-ის მიმართ უფლებების დარღვევა დაადგინა და იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართა, თუმცა სამინისტრომ ეს რეკომენდაციები არ განიხილა. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია, განიხილოს ისინი  და მათი განხილვის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველს წერილობით აცნობოს 20 დღის ვადაში. ეს ვალდებულება მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეასრულა. ამის გამო უჩა ნანუაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში თეა წულუკიანს უჩივლა. საქალაქო სასამართლომ თეა წულუკიანი სამართალდამრღვევად სცნო: „თეა წულუკიანი, დაბადებული 1975 წლის 21 იანვარს, ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა

“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)“ 2017 წლის კვლევის ანგარიშის

მიხედვით, რომელიც, ასევე, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეეხებოდა, იუსტიციის სამინისტრო იყო კვლავ ერთ-ერთი მოწინავე საჯარო უწყება, რომელიც უპასუხოდ ტოვებდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილებს.

[1]ინფორმაცია არ გაიცემა/არ არის საჯარო თუ იგი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, კომერციულ საიდუმლოებას, პროფესიულ საიდუმლოებას და სახელმწიფო საიდუმლოებას. იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლი:  1, 2, 3 პრიმა მუხლები.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი