• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რაც უფრო ახლოა არჩევნების დღე, მით უფრო აქტიურია ხელისუფლება

რაც უფრო ახლოა არჩევნების დღე, მით უფრო აქტიურია ხელისუფლება

საარჩევნო კამპანიაში ჩართული სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა საქართველოს საარჩევნო

25/10/2018
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

საარჩევნო კამპანიაში ჩართული სუბიექტებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა საქართველოს საარჩევნო კოდექსით წესრიგდება. ამ კანონის თანახმად, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე, ხელისუფლებას ეკრძალება მთელი რიგი ისეთი აქტივობების განხორციელება (იხ. კოდექსი), რომლებიც შეიძლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვალოს. ამ კანონის 45-მუხლის მე-7 პუნქტი გვეუბნება, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

 

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რომელი ღონისძიებები გაიმართა ბოლო კვირების განმავლობაში აჭარის რეგიონში და რა მესიჯებით წარსდგნენ ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, ასევე, როგორ აფასებს არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებას და იკვეთება, თუ - არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები.

 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე ღონისძიებას დაესწრნენ. ჩვენ ამ აქტივობების ჩამონათვალს გაგაცნობთ:

 

ბათუმში, თამარის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამ ღონისძიებას თავად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქ ბათუმის მერი დაესწრნენ. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სკოლამდელ აღზრდას დიდი ყურადღება დაეთმობა.

 

ბათუმის მერიამ, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, ფედერაციებს სპორტული ღონისძიებებისა და საერთაშორისო ტურნირების ჩატარების ახალი სისტემა შესთავაზა. ამ სიახლით, კონკურსები აღარ გამოცხადდება და ფედერაციები, ღონისძიების ჩატარების სურვილის შემთხვევაში, მერიას განცხადებით მიმართავენ. ლაშა კომახიძემ შეხვედრაზე თქვა, რომ არ გამორიცხავს საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის გაზრდასაც.

რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც რეგიონისა და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ძირითადი აქცენტი შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე გაკეთდა. წინა არჩევნების გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ამ თემის გააქტიურება სწორედ არჩევნებს უკავშირდება. ამჯერად დაანონსდა, რომ თვითონ შშმ პირების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიერ მიღებულ რეკომენდაციებსაც პროექტის ავტორები გაითვალისწინებენ. თუმცა, პროექტი ჯერ არ არსებობს და შეკრებილ საზოგადოებას მხოლოდ  კონცეფცია გააცნეს. საუბარი იყო ინკლუზიური ტურიზმის განვითარებაზეც.

აჭარაში ამოქმედდა რეზერვის საპილოტე პროექტი. ამ ღონისძიებას თორნიკე რიჟვაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიახლის ძირითადი მესიჯი ისაა, რომ სარეზერვო სამსახურის პერიოდში რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ, სტუდენტები, 5 წლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლდებიან.

აქტიურობით გამოირჩევიან აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებიც. მაგალითად, შუახევის მერიამ სახურავების შეცვლის მიზნით 50 000 ლარი გამოყო.

21 ოქტომბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი კოლეჯის ხულოს ფილიალის მშენებლობა დაათვალიერეს. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მაღალმთიანი აჭარიდან ანზორ ბოლქვაძე. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღება ადგილზე შეუძლიათ, ხოლო მომავალში საშუალება ექნებათ, ეს ცოდნა თავიანთ მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიმართულებით გამოიყენონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე რეგიონში მოქმედი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა და აღნიშნა, რომ მთავრობა, სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხით, აქტიურ მუშაობას იწყებს.

ბათუმის მერიამ დააანონსა, რომ 2019 წლის ბოლომდე ხელოვნების უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, 1 000 კვ.მ ფართობზე სკვერს მოაწყობს და რომ ამ პროექტის განსახორციელებლად ტენდერი მალე გამოცხადდება.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით მასწავლებელთა კვირეული გაიმართა. რეგიონის მაღალი თანამდებობის პირებმა წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს.

„საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესების“ ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის მუნიციპალიტეტების 15 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებს ჯამში 50 075 ლარის 5 916 წიგნი გადაეცა.

აჭარის მაღალმთიანეთში დაიწყო ნივრის სათესლე მასალის გადაცემა. პროცესში აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი უშუალოდ მონაწილეობდა.

აჭარაში 1 აგვისტოს დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. პროცესი გამარტივებულია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ პირებს უფასო სერვისებს სთავაზობს.

ყველა ეს ღონისძიება ოქტომბერში გაიმართა, უმეტესად, მეორე ნახევარში. ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა მთავარი ისაა, რას უკავშირებენ ხელისუფლების ასეთ გააქტიურებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციული რესურსის პირდაპირი გამოყენება არ ჩანს, თუმცა ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი ინფრასტრუქტურული პროექტების სიხშირით გამოირჩევა, რაც ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობაზე მიუთითებს.

ინფორმაციისთვის, ხულოს მუნიციპალიტეტში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არჩეული მერი გადადგა. ის 31 ოქტომბრამდე შვებულებაში იყო, მოვალეობას კი მისი პირველი მოადგილე ასრულებდა. 17 ოქტომბერს გოჩა მელაძემ შვებულება შეწყვიტა, პირველი მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებას ხელი მოაწერა, მის ნაცვლად კი ხულოს პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი (მან გადადგომის შესახებ განცხადება წინა დღეს, 16 ოქტომბერს დაწერა) დანიშნა. ამის შემდეგ, საკუთარი უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, გოჩა მელაძემ განცხადებით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელმაც ეს თხოვნა დააკმაყოფილა. ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად მიიჩნიეს. იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა განაცხადა, რომ დაირღვა საარჩევნო კოდექსი. ამ კოდექსის მე-6 თავის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე, აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების საკადრო გადაადგილება, გარდა მათი ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა. ეს საკითხი უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა განიხილოს.

აღნიშნული გარემოებები ოპოზიციას, მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საზოგადოების ნაწილს, უქმნის შთაბეჭდილებას, რომ წინასაარჩევნო გარემო არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის არათანაბარია და ხელისუფლება მის ხელთ არსებულ საშუალებებს ისე იყენებს, რომ საარჩევნო კოდექსის აშკარა დარღვევას თავი აარიდოს. ეს კი საარჩევნო წელს ბიუჯეტის შედგენის პროცესშივე ხდება, როცა ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელება სწორედ წინასაარჩევნო პერიოდისთვის იგეგმება.

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა