ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, შოთა ხაბარელის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.   რეზიუმე:

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემებით, სლოვენიაში სპორტული აქტივობებით დაკავებულია 11 წლამდე ბავშვების 88%, მოზარდების - 69%, ზრდასრულების - 77%, ხოლო ხანდაზმულების - 61%. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ქართველი ახალგაზრდობის შესახებ 2016 წელს ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ საქართველოში, მთლიანობაში, 14-29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 21% არის დაკავებული სპორტული აქტივობებით. შესაბამისად, დეპუტატი საქართველოს შესახებ მონაცემების დასახელებისას ცდება, თუმცა, მთლიანობაში, მისი განცხადების პათოსი სწორია.

  ანალიზი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, შოთა ხაბარელმა, პარლამენტში ქართველი ახალგაზრდობის სპორტში ჩართულობის შესახებ საუბრისას განაცხადა:

„სლოვენიაში სპორტში ჩართულობა 75%-ზეა, ჩვენს გვაქვს მაქსიმუმ 10%“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

1987 წელს სლოვენიაში ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში ბავშვებისა და მოზარდების სპორტული აქტივობის ყოველწლიურ მონიტორინგს ისახავს მიზნად. დღეისათვის სლოვენიაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი არაერთი პროგრამა ფუნქციონირებს, რის შედეგადაც მოსახლეობის ზოგად სპორტულ აქტივობებში ჩართულობა მაღალ ნიშნულზეა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. სახელმწიფოს პროგრამები მიზნად ისახავენ მწვანე ტერიტორიების ხელმისაწვდომობას, სპორტული აქტივობების ორგანიზებას, რეკრეაციული ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას და ა.შ.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემების

თანახმად, სლოვენიაში, სპორტული აქტივობით დაკავებულია 11 წლამდე ასაკის ბავშვების 88%, მოზარდების - 69%, ზრდასრულების - 77%, ხოლო ხანდაზმულების - 61%.

რაც შეეხება საქართველოს, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ქართველი ახალგაზრდების შესახებ 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მთლიანობაში, 14-29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 21% არის დაკავებული სპორტული აქტივობებით. აქტიური ახალგაზრდების წილი ქალაქად და სოფლად თითქმის თანაბარია (თბილისი - 20%, სხვა ქალაქები - 22%, სოფლად - 22%). გამოკითხული ახალგაზრდების 17% აცხადებს, რომ გასული წლის განმავლობაში რეგულარულად იყო დაკავებული სპორტული ან გამაჯანსაღებელი აქტივობებით (სპორტული შეკრებები, სპორტის აქტივობები და ა.შ.). რაც შეეხება თავისუფალ დროს განხორციელებულ სპორტულ აქტივობებს, რესპონდენტების 21% განტვირთვის აღნიშნულ მეთოდს ხშირად მიმართავს, 50% - ზოგჯერ, ხოლო 29% - იშვიათად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასაკთან ერთად მცირდება ახალგაზრდების წილი, რომლებიც კონკრეტული სტრუქტურირებული თუ არასტრუქტურირებული აქტივობით რეგულარულად არიან დაკავებული. ამასთან, საყურადღებოა ქართველ ახალგაზრდებში თავისუფალ დროს განხორციელებული აქტივობების მაჩვენებლის განსხვავება ოჯახური მდგომარეობის მიხედვით. კვლევის თანახმად, დაუოჯახებელი ახალგაზრდების 26% კავდება თავისუფალ დროს სპორტული აქტივობებით, ხოლო დაოჯახებულ/პარტნიორთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდების მხოლოდ 10%.
თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი