ლაშა ხუციშვილი: 2026 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებების დაფინანსება 540 მლნ ლარით იზრდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის სიმართლე.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 800 მლნ ლარით - 9.6 მლრდ-მდე იზრდება. უშუალოდ სოციალურ მიმართულებების დაფინანსება კი 638 მლნ-ით - 7 მლრდ-მდე იზრდება, მათ შორის საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხები 517 მლნ-ით - 5 მლრდ-მდე და სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები 83 მლნ-ით - 1.7 მლრდ-მდე.70 წლამდე პირების პენსია 20 ლარით - 370 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების პენსია 45 ლარით - 495 ლარამდე იზრდება. საპენსიო ხარჯებზე დამატებით გავლენას პენსიონერთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდაც ახდენს.შეცვლილი მიდგომის თანახმად, სოციალური შემწეობის მიმღები, რომელიც დასაქმდება დახმარებას 4 წლის განმავლობაში ინარჩუნებს, ამ ფაქტმა, დახმარების მისაღებად საჭირო გაზრდილმა სარეიტინგო მინიმალურმა ქულამ და ბავშვთა დახმარების ზრდამ ბენეფიციართა რაოდენობა და პროგრამის ბიუჯეტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა.2026 წლიდან 20 და 45 ლარით იზრდება ასევე შშმ პირებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის განკუთვნილი სოციალური გასაცემელებიც. ასაკობრივი პენსიების ზრდის პარალელურად, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის ავტომატურად იზრდება 20%-იანი საპენსიო დანამატებიც.ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2026 წელს სოციალურ მიმართულებებზე, 2025 წელთან შედარებით, ჯამში 638 მლნ ლარით მეტი დაიხარჯება, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.
ანალიზი:
ლაშა ხუციშვილმა „ტვ იმედზე“ გადაცემა „იმედის კვირაში“ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა: „სოციალური მიმართულებით დაახლოებით 540 მლნ ლარით გაიზრდება ბიუჯეტი, რაც მოხმარდება საპენსიო უზრუნველყოფას და სხვადასხვა სახის სოციალურ განაცემებს“.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მეორე გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, რომელიც არსებითად პირველის იდენტურია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 800 მლნ ლარით - 9.6 მლრდ-მდე იზრდება.
უწყება ყველაზე მსხვილია და რამდენიმე მიმართულებას/ქვემიმართულებას აერთიანებს. დაფინანსების ნახევარზე მეტი - 5 მლრდ ლარი მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე მოდის.
70 წლამდე პირების ასაკობრივი პენსია 5.7%-ით - 350-დან 370 ლარამდე, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების პენსია 10%-ით - 450-დან 495 ლარამდე იზრდება.
პენსიების ზრდას „საქართველოს კანონი პენსიების შესახებ“ არეგულირებს. რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის და ბოლო 6 კვარტლის მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით.
ნომინალური პენსიის გარდა, იზრდება პენსიონერთა რაოდენობაც. 2012 წლის დეკემბერში ასაკობრივი პენსიის მიმღებთა რაოდენობა 663 ათასს შეადგენდა, 2019 წლის დეკემბერში 763 ათასს და 2025 წლის ოქტომბერში 885 ათასს. საპენსიო ხარჯი წლიდან წლამდე უფრო მეტად იზრდება, ვიდრე თავად ნომინალური პენსიის ოდენობა. მზარდია საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხის წილიც ბიუჯეტის მთლიან ხარჯვით ნაწილში. მხოლოდ პენსიების გაცემაზე 2026 წელს იმაზე მეტი დაიხარჯება, ვიდრე თავდაცვისა და განათლების სამინისტროზე ერთად.
ცხრილი 1: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი (მლნ. ლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
83 მლნ ლარით, 1.7 მლრდ-მდე იზრდება მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი დაფინანსებაც. ოქტომბრის მდგომარეობით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 708 ათასს შეადგენდა, საიდანაც 462 ათასი მხოლოდ შემწეობას იღებდა, 246 ათასი კი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში იყო ჩართული. ამ ადამიანებს 4 წლის განმავლობაში სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ. ბოლო წლებში ბენეფიციართა რაოდენობა და პროგრამის ბიუჯეტი მკვეთრად გაიზარდა, რასაც რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი:
- დახმარების მიმღებთა სარეიტინგო მინიმალური ქულა 100 000-დან 120 000-მდე გაიზარდა;
- მყისიერად გაუქმების ნაცვლად, დასაქმებულს დახმარება 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდა;
- 16 წლამდე ასაკის ბავშვთა დახმარება თვეში 200 ლარამდე გაიზარდა.
სოციალური შემწეობებზე 2025 წლის ოქტომბერზე დაყრდნობით, წლიურად დაახლოებით 855 მლნ ლარი იხარჯება, რაც მიზნობრივი სოციალური დახმარებების ბიუჯეტის ნახევარია. დანარჩენი თანხა შშმ პირების სოციალურ გასაცემელებზე, მაღალმთიან რეგიონებში საპენსიო დანამატებზე და სხვა სოციალურ მიმართულებებზე იხარჯება. 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 20%-იანი საპენსიო დანამატი 86 ათასმა პენსიონერმა მიიღო, რაზედაც 7 მლნ ლარი დაიხარჯა. საბაზო პენსიის ზრდის პირობებში, ავტომატურად იზრდება დანამატიც. გარდა ამისა, 2026 წლიდან შშმ პირებისთვის სოციალური გასაცემელები (პენსია) 20 ლარით, ხოლო მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 45 ლარით იზრდება.
ასაკობრივი პენსიები, სოციალური შემწეობები, სოციალური გასაცემელები და მაღალმთიან რეგიონში საპენსიო დანამატები ერთ საბიუჯეტო კოდში (27 02) მოსახლეობის სოციალურ დაცვაში ერთიანდება, რომელიც პროექტის მიხედვით 638 მლნ ლარით - 7 მლრ-მდე იზრდება. გარდა ამისა 130 მლნ-ით იზრდება შინაარსობრივად სოციალური დატვირთვის მატარებელი ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის დაფინანსებაც.
638 მლნ ლარი თითქმის 100 მლნ-ით აღემატება ლაშა ხუციშვილის მიერ დასახელებულ 540 მლნ-ს. საკუთარი პოზიციის საწინააღმდეგო ცდომილება ვერდიქტზე გავლენას ვერ მოახდენს, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ ლაშა ხუციშვილის განცხადება შეაფასა როგორც სიმართლე.