რეზიუმე: საქსტატის მონაცემებით, გასულ 6 წელიწადში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში (2018 წლის ოქტომბერი შედარებულია 2012 წლის ოქტომბერთან) სამომხმარებლო ფასების დონის ზრდამ 19% შეადგინა. ამ პერიოდში სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაზრდილია ჯამში 20.2%-ით, რაც დაახლოებით ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია. კომუნალურ გადასახადებზე ფასები გაზრდილია 18.2%-ით. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება იყო დენის და გაზის ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება, რაც არ შესრულდა და პირიქით, ტარიფი გაიზარდა. ჯანდაცვის სექტორში ფასები 37.2%-ით გაიზარდა. მედიკამენტებზე და თერაპიულ ხელსაწყოებზე ფასები გაზრდილია 68.4%-ით, რაც ძირითადად ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირდება.

ანალიზი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას სურსათი გაძვირდა დაახლოებით 20%-ით, კომუნალურმა ხარჯებმა, მიუხედავად დაპირებისა რომ კომუნალური გადასახადები განახევრდებოდა, მოიმატა 18%-ით, მედიკამენტებზე ფასები გაზრდილია 60%-ით, ზოგადად ჯანდაცვის სექტორში ფასები გაზრდილია 37%-ით“.

საქსტატი ყოველთვიურად აქვეყნებს ინფლაციის მაჩვენებლებს, რომელიც საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას აჩვენებს. ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა არ ითვალისწინებს ინფლაციის დონის 0 პროცენტამდე შემცირებას. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელს, რომელიც ასახავს ფასების ცვლილების ისეთ დონეს, რომელიც ოპტიმალური იქნება ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე.

2013-2018 წლებში წლიური ინფლაციის დონე ძირითადად მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იყო. გამონაკლისია 2017 წელი, როდესაც ინფლაციის დონემ 6.7% შეადგინა, რაც დიდწილად განპირობებული იყო ერთჯერადი ფაქტორით, კერძოდ აქციზის განაკვეთის ზრდით. სამომხმარებლო ფასების ინდექსი მოიცავს 12 სასაქონლო ჯგუფს. შესაძლოა საერთო ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებლის ფარგლებში იყოს, თუმცა ცალკეულ ჯგუფებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება ან/და კლება დაფიქსირდეს.

ირაკლი აბესაძემ, როგორც ჩვენთან საუბრისას განმარტა, ცალკეულ სასაქონლო ჯგუფებზე ინფლაციის დონის დასაანგარიშებლად პერსონალური ინფლაციის კალკულატორი გამოიყენა, რომელიც საქსტატის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

2012 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის ოქტომბრამდე ინფლაციის დონემ (სამომხმარებლო ფასების ზრდის მაჩვენებელმა) 19.1% შეადგინა. ამ პერიოდში ფასები ყველაზე მეტად, 70.6%-ით, გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე. ფასები შემცირდა ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე - 20.1%-ით. ბოლო 6 წელიწადში სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 20.2%-ით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ სურსათზე ფასების ზრდის მაჩვენებელი მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებშია. ჯანმრთელობის დაცვის სექტორში (სამედიცინო პროდუქცია; ამბულატორიული მომსახურება; საავადმყოფოების მომსახურება) ინფლაციის დონემ 37.2% შეადგინა. მედიკამენტების და თერაპიულ ხელსაწყოების ფასები 68.4%-ით გაიზარდა. მედიკამენტების ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან, რადგან მედიკამენტების დიდი წილი იმპორტირებულია, უმეტეს შემთხვევაში ადგილობრივი წარმოებისთვის გამოყენებული ნედლეულიც იმპორტირებულია. ბოლო 6 წელიწადში კომუნალური ხარჯები (წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სხვა გადასახადები) 18.4%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად ბუნებრივი აირის და ელექტრონერგიის ტარიფების გაზრდას უკავშირდება. ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირება, 2012 წელს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც არ შესრულდა. დენის და გაზის სამომხმარებლო ტარიფები 2012 წელთან შედარებით გაზრდილია.

გრაფიკი 1: ბოლო 6 წელიწადში ფასების ცვლილებების მაჩვენებელი, ცალკეული ჯგუფების მიხედვით (2018 წლის ოქტომბერი 2012 წლის ოქტომბერთან)

44444444444

წყარო: საქსტატი

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი