იტვირთება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ექვსი ა(ა)იპ-ის ხარჯებისთვის ჯამში 5 747 780 ლარი გამოიყო, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 686 308 ლარით აღემატება.

ცხრილი 1: ა(ა)იპ-ების მთლიანი ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯის წილი, ხელვაჩაურის 2018 და 2019 წლების ბიუჯეტების მიხედვით (ლარებში)

ა(ა)იპ

2018 წელი

2019 წელი

შრომის ანაზღაურება

საქონელი და მომსახურება

მთლიანი ხარჯები

ადმინისტრაციული ხარჯის წილი

შრომის ანაზღაურება

საქონელი და მომსახურება

მთლიანი ხარჯები

ადმინისტრაციული ხარჯის წილი

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება

1 744 600

1 279 406

3 137 281

96,39%

1 997 280

1 327 740

3 444 369

96,53%

გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახური

142 600

424 595

567 195

100%

151 200

547 610

698 810

100%

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი

342 415

69 640

472 140

87,27%

393 720

94 980

488 700

100%

ხელვაჩაურის სასაფლაოები

51 367

163 517

216 350

99,32%

55 800

260 000

316 800

99,68%

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა

227 760

86 767

314 527

100%

309 420

128 780

438 200

100%

ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლა

323 376

30 503

356 979

99,13%

333 588

27 312

360 900

100%

წყარო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

შტატით გათვალისწინებულ მომუშავეთა ხელფასების ჯამური მოცულობა 3 241 008 ლარს შეადგენს და შარშანდელ მაჩვენებელს 408 890 ლარით აღემატება. 331 994 ლარით იზრდება საქონელი და მომსახურების ხარჯიც. თუ ა(ა)იპ-ების მთლიან ხარჯებთან მიმართებით ვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ 2018 წელს მხოლოდ ხელფასის წილი - 55.92%-ს, ხოლო ადმინისტრაციული ხარჯის (საქონელი და მომსახურება პლუს შრომის ანაზღაურება) წილი 96.49%-ს შეადგენდა. წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 56.39% და 97.91%-ია.

როგორც სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, ხელვაჩაურის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების ხარჯების 90-დან 100%-მდე წილიც, თითქმის ყველა შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ხარჯზე (შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება) მოდის. მოგეხსენებათ, საქონელი და მომსახურება გულისხმობს შტატგარეშეთა ანაზღაურებისა და საოფისე ხარჯს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ძირითადად განკუთვნილია საოფისე ტექნიკის შეძენა-მონტაჟის, კავშირგაბმულობის, კომუნალური გადასახადების, რბილი ინვენტარის, ტრანსპორტის ექსპლუატაცია-მოვლა-შენახვის საჭიროებისთვის.

გრაფიკი 1: ხელვაჩაურის ა(ა)იპ-ების „საქონელი და მომსახურებისა“ და სხვა საჭიროებებისთვის დაგეგმილი ხარჯი, ხელვაჩაურის 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით

წყარო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია

ყველაზე დიდი ხარჯი ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაზე“ მოდის. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციაში შტატით დასაქმებულთა რაოდენობა წელს 6 ერთეულით იზრდება და 431 ადამიანს შეადგენს, ხოლო შტატგარეშე 23 მომუშავეა. მათი შრომის ანაზღაურება, ჯამში 2 054 880 ლარია, რაც მთლიანი ხარჯის 59.66%-ს წარმოადგენს. შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიის მიმდინარე რემონტისთვის 14 000 ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება კვებას, ამ მიმართულებით დაგეგმილია 758 912 ლარის გახარჯვა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ გამოცხადებული აქვს 7ტენდერი.

საინტერესოა, რომ ხორცისა და ხორცპროდუქტების მიწოდებაზე „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ 275 810 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „ნარგულთან“, რომელსაც, 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხორცი და ხორცპროდუქტები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 18 საბავშვო ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა. ამ კომპანიის მინდობილი პირია შპს „ელენიკოს“ დამფუძნებელი ნუგზარ მარკოიძე, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ბრალად ედება სამტრედიის საბავშვო ბაღებში, საქონლის ხორცის ნაცვლად, ცხენის ხორცის შეტანა და საბუთების გაყალბება. იმის გასარკვევად, გაწყვეტს, თუ - არა შემსყიდველი მიმწოდებელთან კონტრაქტს, ფაქტ-მეტრი „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ დირექტორ ნატო შერვაშიძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ჯერ კონკრეტულად არაფერი გადაუწყვეტიათ. მან გვითხრა, რომ შპს „ნარგულის“ მიერ მიწოდებული პროდუქციით უკმაყოფილო არაა და მრავალდონიანი დაცვის მექანიზმი, რომელსაც მიმწოდებლის მიმართ იყენებს, უხარისხო პროდუქციის შეტანას გამორიცხავს. ინფორმაციისთვის, 275 810 ლარად „ნარგულმა“ 18 საბავშვო ბაღში 12 043 ახალდაკლული საქონლის უძვლო გაუყინავი ხორცი და 15 053 კგ ქათმის გაუყინავი (შიგნეულისა და თავ-ფეხის გარეშე) ხორცი უნდა შეიტანოს, ორივე ადგილობრივი წარმოების, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით. პროდუქციას ყველა შეტანაზე უნდა ახლდეს ვეტერინარის დასკვნა. ჩვენს კითხვაზე, რატომ გააფორმა ხელშეკრულება „ნარგულთან“, რომელსაც მწარმოებლად მითითებული აქვს „შავ სიაში“ რეგისტრირებული კომპანია „ელენიკო“, დირექტორმა გვითხრა, რომ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში მათ ეს მონაცემი ვერ იპოვეს. სამაგიეროდ, ჩვენ ძალიან მარტივად აღმოვაჩინეთ, რომ შპს „ელენიკო“ შავ სიაში შეყვანილია 2018 წლის 6 დეკემბერს, ანუ ხელშეკრულების გაფორმებამდე თითქმის 2 თვით ადრე.

საყურადღებო ვითარებაა ა(ა)იპ „გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურშიც“, სადაც შტატში - 25, ხოლო შტატგარეშე 35 მომუშავეა. ორგანიზაციაში შტატგარეშე დასაქმებულთა რიცხოვნობა, 2018 წელთან შედარებით, 5 ადამიანითაა გაზრდილი. მათი შრომის ანაზღაურება შარშან 108 650 ლარი იყო, ხოლო წელს 149 600 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურებისთვის მხოლოდ 34 800 ლარი იყო გამოყოფილი.

ჯამში, ა(ა)იპ-ებში შტატგარეშე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულია 502 425 ლარი, რაც 164 362 ლარით აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს. თუ ამას შტატით გათვალისწინებულ მომუშავეთა ანაზღაურებასაც დავამატებთ, გამოვა, რომ წელს 3 743 433 ლარი მხოლოდ ხელფასებზე უნდა გაიხარჯოს. ეს კი ა(ა)იპ-ების მთლიანი დაგეგმილი ხარჯის 65.13%-ს შეადგენს. შარშან ანალოგიური მაჩვენებელი 62.6% იყო.

ხელვაჩაურის ა(ა)იპ-ებში შტატით - 706, ხოლო შტატგარეშე 124 ადამიანია დასაქმებული. 2018 წელს ეს მაჩვენებლები იყო შესაბამისად, 699 და 110. დასაქმებულთა რიცხოვნობა ჯამში გაზრდილია 21 ადამიანით.


მსგავსი სიახლეები

2748 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
24%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი