რეზიუმე: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ბოლოს 2019 წლის აპრილში განაახლა, სადაც მთლიანად მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების ჯგუფების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, შეამცირა.

2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-ია (იგივე საპროგნოზო მაჩვენებელია მსოფლიო ბანკის შეფასებითაც). ამავე წლისთვის უშუალო მეზობელ სომხეთშიც ზრდის პროგნოზი 4.6%-ია. ამ მაჩვენებლით, სომხეთი და საქართველო რეგიონში (ევროპა და ცენტრალური აზია - განვითარებადი ქვეყნები) მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ, ხოლო პირველ სამ ადგილს თურქმენეთი (6.3%), ტაჯიკეთი (5.0%) და უზბეკეთი (5.0%) იკავებენ.

რაც შეეხება გასულ წლებს, ბოლო ოთხ წელში საქართველო ყოველწლიური საშუალო ზრდის მაჩვენებლით მე-11 ადგილს იკავებდა, ხოლო მომდევნო ოთხი წელი კი, დღეს არსებული პროგნოზებით, რეგიონში მესამე ადგილს დაიკავებს.

ამდენად, საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, რეგიონში 2019 წელს უფრო მაღალ ადგილს იკავებს, ვიდრე ეს წინა წლებში იყო, მაგრამ ის არსებული პროგნოზით რეგიონის ლიდერი არ არის. ასევე, 2020-2022 წლებშიც მესამე ადგილს დაიკავებს.

ანალიზი

პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დროს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზების განახლებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირებულია, თუმცა, ამ პირობებშიც, საქართველო რეგიონში ზრდის პროგნოზით ლიდერია.

სანამ უშუალოდ ანალიზზე გადავალთ,მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია. რეგიონის ვიწრო გაგებაში საქართველოს სამეზობლო შეიძლება ვიგულისხმოთ (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი). საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დსთ-ის წევრი ქვეყნების ჯგუფშიც მოიაზრებს (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დსთ-ის წევრი აღარ არის). თუმცა, მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის მიხედვით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონშია (მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოების გამოკლებით). თავის მხრივ, ამ ჯგუფში დსთ - წევრი სახელმწიფოებიც შედიან და ამ რეგიონში შემავალი ქვეყნების ეკონომიკებს მეტ-ნაკლებად ერთნაირი მახასიათებელი ნიშან-თვისებები აქვთ. გარდა ამისა, ეს ჯგუფის ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური ზრდა რეგიონთან მიმართებით, სწორედ ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავალის არმქონე რეგიონის 24 ქვეყანასთან მიმართებით უნდა განვიხილოთ. ასევე, შესაძლებელია განხილვა დსთ-ს ქვეყნების ჭრილშიც, როგორც ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აკეთებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივა (WEO) და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მიმდინარე წლის აპრილში განაახლა. აღნიშნული განახლების შემდეგ, 2019 წლისთვის მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, იანვარში არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 0.2% პუნქტით შეამცირა. ამჟამად სავალუტო ფონდის პროგნოზით, მსოფლიოს ზრდის მაჩვენებელი 2019 წლისთვის 3.3% და 2020 წლისთვის 3.6%- შეადგენს. რაც შეეხება განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებს, აქ სავალუტო ფონდმა ზრდის პროგნოზი 4.5% -დან 4.4% -მდე შეამცირა, ხოლო 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4.8%-ით არის პროგნოზირებული. განვითარებადი ეკონომიკების (ევროპა) შემთხვევაში სავალუტო ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, პირიქით, იანვარში არსებულთან შედარებით, 0.1% პუნქტით გაზარდა, რაც ამჟამად 0.8% პუნქტს შეადგენს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2018 წლის ოქტომბერში არსებულ პროგნოზთან შედარებით,1.2% პუნქტით ნაკლებია. სავალუტო ფონდმა ზრდის პროგნოზები შეამცირა ევროზონის და ევროკავშირის. ამჟამინდელი პროგნოზით, 2019 წლისთვის ევროზონის ზრდა 1.3%-ით (2020 წლისთვის 1.5%) და ევროკავშირის 1.6% -ით (2020 წლისთვის 1.7%) არის მოსალოდნელი.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდა, ქვეყნების ჯგუფის მიხედვით (%)

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აპრილის განახლების შემდეგ, უცვლელი დატოვა დსთ- ზრდის პროგნოზი (ამ ჯგუფში ფონდს საქართველოც შეჰყავს). 2019 წლისთვის დსთ- ზრდის პროგნოზი 2.2%-ია, ხოლო 2020 წლისთვის კი - 2.3%. აღსანიშნავია, რომ დსთ- ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას არსებითი გავლენა გააჩნია საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ვინაიდან ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს 2019 წლის I კვარტლის მთლიან ექსპორტში დსთ- 50.4% უჭირავს, ხოლო ამავე პერიოდში მთლიან იმპორტში 29.1%.

ევროპის და ცენტრალური აზიის (მაღალი შემოსავლის არმქონე) რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე დსთ-ს ქვეყნებიდან, 2019 წლისთვის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თურქმენეთშია, სადაც ეს მაჩვენებელი 6.3%- შეადგენს. მეორე და მესამე ადგილზე კი ტაჯიკეთი და უზბეკეთია, სადაც 5%-იანი ზრდაა პროგნოზირებული. საქართველო კი სომხეთთან ერთად, 4.6%-იანი ზრდის პროგნოზით მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებს. ამდენად, 2019 წლის ზრდის პროგნოზებით საქართველორეგიონში ლიდერი ქვეყნა არ არის. გარდა ამისა, უშუალო მეზობელ ქვეყნებიდან სომხეთსაც 4.6%-იანი ზრდის პროგნოზი აქვს.

რაც შეეხება 2019-2022 წლებისთვის არსებულ პროგნოზებს, ყოველწლიური საშუალო ზრდის ტემპით საქართველოს რეგიონში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველ ორ ადგილს თურქმენეთი და უზბეკეთი იკავებენ. მეოთხე ადგილზე კი - ტაჯიკეთია. რაც შეეხება გასულ პერიოდს, 2015-2018 წლებში საქართველოს ყოველწლიური საშუალო ზრდის 3.8%-იანი მაჩვენებლით რეგიონის 24 ქვეყნიდან 11- ადგილს იკავებდა. გასულ ოთხი წლის მანძილზე, საშუალო ყოველწლიური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი უზბეკეთში 7.7% იყო.გარდა ამისა, მაღალი მაჩვენებელი იყო შემდეგ ქვეყნებში: ტაჯიკეთი, თურქმენეთი, რუმინეთი, თურქეთი და პოლონეთი.

გრაფიკი 2: 2019 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (%)[1]

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი



[1] საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია