რეზიუმე: „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების 2017 წლამდე მოქმედი ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში (ამ დროში 6-ჯერ შეეძლო მასწავლებელს გამოცდაზე გასვლა) ვერ ჩააბარებდა საგნის გამოცდას, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ვერ დააგროვებდა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იყო გაეწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადებინა ვაკანსია შესაბამის პოზიციაზე. 2017 წელს ყოფილი განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, აღნიშნული წესი შეიცვალა. დღეისათვის მოქმედი კანონით, არსებული ბარიერი მოიხსნა და პრაქტიკოსი მასწავლებელი შესაბამისი კრედიტქულების ვერ დაგროვების შემთხვევაში, სკოლას არ ტოვებს. თუმცა, ის ვალდებულია იმუშაოს სტატუსის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად ვალდებულებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასამოქმედებელი რეგულაციები არ არსებობს.

ჯეჯელავას განცხადებით: „კვალიფიკაციას დადასტურება და ამაღლება სჭირდება, მაგრამ მე მრცხვენია, გამოვცადო ადამიანი, რომელიც 30 წელია ასწავლის. არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა - ის გამოსცადა ცხოვრებამ, ათასმა უკუღმართობამ და სირთულემ. ჩვენ შეგვიძლია მას მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ“. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, გამოცდაში მონაწილე მასწავლებლების დაახლოებით 80%-მა საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების მიმართ დამოკიდებულება, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, 2013 წელსვე არ მომხდარა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ალექსანდრე ჯეჯელავას დროს, ნამდვილად შეიცვალა სასერტიფიკატო გამოცდებისადმი დამოკიდებულება და მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ქცევის ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი, სწორედ,სირცხვილი იყო, შესაბამისად, პოლიტიკოსის განცხადება ფასდება, როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

პარლამენტის სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ანგარიშის წარდგენისას, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლელა ქებურიამ მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა: „პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდა 2013 წელს შერაცხილი იქნა, როგორც პედაგოგთა შეურაცხყოფა. ახლა ამბობთ, რომ ეს არის შესაძლებლობა მასწავლებლებმა თავიანთი კომპეტენცია და კვალიფიკაცია დაამტკიცონ და კარიერული წინსვლა შეძლონ“. ქებურიას განცხადება ერთგვარი პასუხი იყო განათლების მინისტრის პოზიციის, რომ სისტემამ ყველა პედაგოგს შესაძლებლობა უნდა მისცეს, რათა ნებისმიერ დონეზე გამოცდების ჩაბარება შეძლონ.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლებში 57 944 მასწავლებელია, ხოლო კერძო სკოლებში - 7 211. საშუალოდ, ერთ საჯარო სკოლაში 28 პედაგოგი მუშაობს, კერძო სკოლაში - 32.

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოში მასწავლებლები 4 კატეგორიად იყოფიან: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. პრაქტიკოსია მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისად; უფროსია მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს, როგორც პრაქტიკოსის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასევე, აქვს შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები; წამყვანია პედაგოგი, რომელიც როგორც აკმაყოფილებს უფროსი პედაგოგის მოთხოვნებს, ასევე, პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს და შედეგებს უზიარებს კოლეგებს; რაც შეეხება მენტორ მასწავლებელს, ის გარდა იმისა, რომ აკმაყოფილებს წამყვანი პედაგოგის ყველა მოთხოვნას, ასევე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებსა და დამწყები მასწავლებლების პედაგოგიურ პრაქტიკას. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს საჯარო სკოლების პედაგოგთა სრული რაოდენობიდან, 40 924 არის პრაქტიკოსი, 16 811 - უფროსი, 202 - წამყვანი და 7 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი[1].

მასწავლებლების ცოდნის ხარისხზე მსჯელობის შესაძლებლობას მასწავლებლის სერტიფიცირების გამოცდების შედეგები გვაძლევს. გამოცდებს ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. გასული წლების შედეგების მიხედვით, მასწავლებლების უდიდესმა ნაწილმა ვერ გადალახა საგნობრივი და პროფესიული გამოცდების მინიმალური ზღვარი. გამომდინარე იქიდან, რომ დღეისათვის საჯარო სკოლებში 16 811 უფროსი მასწავლებელია, შესაბამისად, სწორედ ამდენ მასწავლებლებს აქვს კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი. საჯარო სკოლების 41 133 მასწავლებელს კი შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს.

კანონის 2017 წლამდე მოქმედი ვერსიით, იმ შემთხვევაში თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 3 წლის განმავლობაში (ამ დროში 6-ჯერ შეეძლო მასწავლებელს გამოცდაზე გასვლა) ვერ ჩააბარებდა საგნის გამოცდას, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ვერ დააგროვებდა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელ კრედიტქულებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იყო გაეწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობა და გამოაცხადებინა ვაკანსია შესაბამის პოზიციაზე. 2017 წელს ყოფილი განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას გადაწყვეტილებით, აღნიშნული წესი შეიცვალა. დღეისათვის მოქმედი კანონით, არსებული ბარიერი მოიხსნა და პრაქტიკოსი მასწავლებელი შესაბამისი კრედიტქულების ვერ დაგროვების შემთხვევაში, სკოლას არ ტოვებს. თუმცა, ის ვალდებულია იმუშაოს სტატუსის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად ვალდებულებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასამოქმედებელი რეგულაციები არ არსებობს.

მინისტრის განცხადებით: „კვალიფიკაციას დადასტურება და ამაღლება სჭირდება, მაგრამ მე მრცხვენია, გამოვცადო ადამიანი, რომელიც 30 წელია ასწავლის. არ შეიძლება მასწავლებლის გამოცდა - ის გამოსცადა ცხოვრებამ, ათასმა უკუღმართობამ და სირთულემ. ჩვენ შეგვიძლია მას მხოლოდ დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ“. ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, გამოცდაში მონაწილე მასწავლებლების დაახლოებით 80%-მა საგამოცდო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, რაზეც მინისტრის პასუხი იყო, რომ პრობლემა აქვს არა მასწავლებლებს, არამედ გამოცდებს: „ჩემი აზრით, ნებისმიერი გამოცდა, რომლის დროსაც მისი პრეტენდენტების 80% ბარიერს ვერ გადალახავს, მგონია რომ არ არის კარგი გამოცდა“.



[1] კერძო სკოლებში მომუშავე 1 183 მასწავლებლის სტატუსი არ არის განსაზღვრული. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კარიერული განვითარების სქემაში ჩართულები არ არიან. კანონის თანახმად, კერძო სკოლებს მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში მონაწილეობის ჩართვის ვალდებულება არ გააჩნიათ

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია