რეზიუმე: 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევა) ჯამური დაფინანსება 332 მლნ ლარს შეადგენდა. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია და 2018 წელს მილიარდ ლარს აჭარბებს. მისი უდიდესი წილი, 70%-ზე მეტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი შემცირდა. თუმცა, 2017 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის დანახარჯების დაახლოებით 55%-ს მოსახლეობა კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდის.

იუნისეფის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ 2017 და 2015 წლების კვლევები აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა. თუმცა, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ შინამეურნეობების რაოდენობა, ვისთვისაც ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალი იყო.

ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების უდიდესი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის. მედიკამენტების დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინებს. 2017 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. თუმცა ის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხო. უფასო მედიკამენტების პროგრამა 150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. 2017-2018 წლებში ჯამში, მხოლოდ 35 661 ადამიანია რეგისტრირებული, მათგან 32 669 პირმა ისარგებლა პროგრამით (აფთიაქს მიმართა და მედიკამენტები გაიტანა).

იუნისეფის მონაცემებით, 2017 წელს 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის წილი გაიზარდა. 2017 წელს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი გაზრდილია, როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებით.

ქვეყანაში სიღარიბის ზრდას სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები განაპირობებს. იუნისეფმა სიღარიბის ზრდის გამომწვევ ძირითად მიზეზებად, სამომხმარებლო ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური ზრდა დაასახელა. მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული მაღალ დანახარჯებს გარკვეულწილად აქვს გამაღარიბებელი ეფექტი, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან ოჯახებზე. თუმცა, იუნისეფის მონაცემებით, 2017 წელს სიღარიბის დონე ჯანდაცვის დანახარჯების გამოკლებითაც გაიზრდებოდა, თუმცა ნაკლებად.

ანალიზი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჯანდაცვის დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის მიუხედავად, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ აჩვენა, რომ 2017 წელს, 2015 წელთან და 2013 წელთან შედარებით, როგორც ზოგადი, ასევე უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა. სიღარიბე გაიზარდა ზოგად მოსახლეობაში, ასევე ბავშვებში და პენსიონერებში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მნიშვნელობა აქვს არა რამდენი იხარჯება, არამედ როგორ იხარჯება. მართალია ჯიბიდან გადახდები მცირედით შემცირდა, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ჯანდაცვის დანახარჯების 58%-ს ჯიბიდან იხდიან. ჯიბიდან იხდიან ისეთ სერვისებზე, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს და მედიკამენტებზე, რასაც საყოველთაო არ ფარავს. ამ კატეგორიაშია სწორედ ყველაზე მაღალი ფასების ზრდა და ბუნებრივია გაგვეზრდებოდა სიღარიბე“.

2013-2019 წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მისი უდიდესი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. 2012 წელს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების (მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევა) ჯამური დაფინანსება 332 მლნ ლარს შეადგენდა. გასულ წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებამ მილიარდ ლარს გადააჭარბა, მისი უდიდესი წილი, 70%-ზე მეტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია.

გრაფიკი 1: ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ჯამური დაფინანსება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები

ჩვენ გადავამოწმეთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რამდენად გაიზარდა ჯანდაცვაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა და რამდენად შემცირდა მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები.

ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდების წილი 54.7%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2012 წელს 73.4% იყო. ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სახელმწიფოს წილი 38%-ია, 2012 წელს ეს მაჩვენებელი 21% იყო. მიუხედავად დადებითი ტენდენციისა, ჯანდაცვის დანახარჯების ნახევარზე მეტს მოსახლეობა კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდის.

გაეროს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ კვლევები აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა. თუმცა, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა, რაც ძირითადად მედიკამენტებზე ფასების ზრდით არის გამოწვეული. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ შინამეურნეობების რაოდენობა, ვისთვისაც ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალი იყო.

2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, ჯანდაცვაზე მოსახლეობის დანახარჯები საშუალოდ 16.4%-ით გაიზარდა. 2015 წელს 2013 წელთან შედარებით, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები 31%-ით გაიზარდა.

იუნისეფი, ასევე, იკვლევს რამდენად მაღალია ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები შინამეურნეობებისთვის. ჯანდაცვის ხარჯები კატასტროფულად მაღალია, თუ ის ოჯახის ხარჯების 10%-ზე მეტს ან არასასურსათო ხარჯების 25%-ზე მეტს წარმოადგენს. 2017 წელს ჯანდაცვაზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები მთლიანი ხარჯის 10%-ზე მეტი იყო შინამეურნეობების 34.2%-ისთვის, 2015 წელს ეს მაჩვენებელი - 29.8%, 2013 წელს კი, 23% იყო. ამასთან, 2017 წელს ოჯახების 26.4%-ისთვის ჯანდაცვის ხარჯებმა არასასურსათო ხარჯის მეოთხედზე მეტი შეადგინა. 2015 წელს ასეთი ოჯახების წილი 25.1%, ხოლო 2013 წელს 22% იყო.

2017 წელს იმ ოჯახების რაოდენობა, ვისაც სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსურად ხელი არ მიუწვდებოდა, 43.1%-დან 22%-მდე შემცირდა. თუმცა, 27.8%-მდე გაიზარდა იმ ოჯახების რიცხვი, ვინც უმთავრეს პრობლემად მედიკამენტების შეძენას ასახელებს. ეს მაჩვენებელი 2015 წელს 26.4%, ხოლო 2013 წელს 18.4% იყო.

ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების უდიდესი წილი - 69%, მედიკამენტებზე მოდის. მედიკამენტების დაფინანსება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში მინიმალურად არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მედიკამენტებზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე. 2017 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, თუმცა ის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხო. ჯანდაცვის სამინისტროს გათვლებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა 150 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. 2017 წელს მედიკამენტების პროგრამით 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა. (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია).

2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგები გვიჩვენებს, რომ საქართველოში სიღარიბის დონე გაიზარდა. სიღარიბის დონე გაიზარდა როგორც ზოგადად მოსახლეობაში, ასევე პენსიონერებში, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა.

2017 წლის მონაცემებით, უკიდურესად[i] ღარიბია მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7%. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და პენსიონერების) წილი გაზრდილია, როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებითაც.

გრაფიკი 2: უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები

წყარო: unicef, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები

2017 წელს, 2015 წელთან შედარებით, ზოგად[ii] სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, 21.7%-დან 27.6%-მდე. ასევე, გაიზარდა ზოგად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი პენსიონერების რიცხვიც.

გრაფიკი 3: ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები

წყარო: unicef, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები

იუნისეფმა სიღარიბის ზრდის გამომწვევ ძირითად მიზეზებად, სამომხმარებლო ფასების ზრდა და დაბალი ეკონომიკური ზრდა დაასახელა.

ქვეყანაში სიღარიბის ზრდაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია.



[i] უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება

[ii] ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია