21 ივნისის ღამეს საქართველოს პარლამენტის წინ სპეცრაზმის გამოყენებით დაშლილი საპროტესტო აქციის მეორე დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა: „ოცნების სტილი არ არის ცრემლსადენი გაზი“.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, 23:50 წუთზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირდაპირ ეთერში იმავე რიტორიკის მქონე განცხადება გააკეთა: „სოციალურ ქსელებში და „ნაციონალური მოძრაობის“ მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა.შ. „ქართული ოცნების“ ხელწერა ეს არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე“.

პრემიერის ამ განცხადების შესაბამისად, ძალის გამოყენების შესახებ გაფრთხილებით თანამდებობის არც ერთი პირი არ გამოსულა და არც მოსახლეობაში არსებობდა საფრთხის მოლოდინი. თუმცა, პრემიერის განცხადებიდან ზუსტად 6 წუთში, 23:56 წუთზე, აქციის დაშლის მიზნით, მომიტინგეების წინააღმდეგ დაიწყო ცრემლსადენი გაზის გაშვება, რასაც შემდგომში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენებაც მოჰყვა.

უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია “Human Rights Watch“-ის შეფასებით, საპროტესტო აქციის ათასობით არაძალადობრივი მონაწილის წინააღმდეგ, პოლიციის სპეცრაზმმა გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრელმსადენი გაზი. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების ფონზე, აუცილებელია ხელისუფლებამ დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმები ძალის გამოყენების შესახებ. აღნიშნული წესები ავალდებულებენ პოლიციას, რომ მომიტინგეებისაგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პროპორციული ძალა გამოიყენოს, ხოლო რეზინის ტყვიები - მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

“Human Rights Watch“-ის მითითებული ნორმების საპირისპიროდ, საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, ჯამში 240 ადამიანი დაშავდა. ამათგან, დაშავებულია 80-მდე პოლიციელი. რეზინის ტყვიებით დარბევის შედეგად, ორმა მშვიდობიანმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. მათ შორის, 18 წლის გოგონამ, რომელიც აქციის მონაწილე არ ყოფილა და უბრალო გამვლელი იყო. აქციის დაშლის დროს დაშავდა მედიის სულ მცირე 31 წარმომადგენელი. ზოგიერთ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო რამდენიმეს ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ სამართალდამცავებმა მიაყენეს.

21 ივნისის ღამიდან მოყოლებული, უწყვეტად ვრცელდება სპეცდანიშნულების რაზმების მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა: ბმული 1, ბმული 2.

ფაქტ-მეტრისთვის გაუგებარია რაზე დაყრდნობით აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მათი სტილი არ არის, ან რა იგულისხმება სიტყვა „სტილში“, თუმცა გუშინდელი ფაქტები სხვა რეალობაზე მეტყველებენ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხელისუფლების წევრთა განცხადებები ტყუილია.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი