2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსულობები 100.5%-ით შესრულდა, მათ შორის - გადასახადების ნაწილში 102.3%-ით. ჯამური გეგმის შესრულების მიუხედავად, ცალკეული გადასახადები გეგმას მაინც ჩამორჩა, ზოგ შემთხვევაში 10%-ზე მეტითაც, თუმცა უფრო საყურადღებო სხვა მუხლია, საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში გეგმა მხოლოდ 50%-ით შესრულდა, მათ შორის - ბიუჯეტის მხარდამჭერის კრედიტის ნაწილში, 0%-ით.
გეგმის მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს 6.619 მლრდ ლარისთვის უნდა მიეღწია, საიდანაც 80% - 5.308 მლრდ, გადასახადები უნდა ყოფილიყო. საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან ოფიციალურად მხოლოდ საშემოსავლოს ნაწილი შესრულდა. მოგების გადასახადი, აქციზი, დღგ და იმპორტის გადასახადი ვერა. მნიშვნელოვანი გადაჭარბებით - 261%-ით, შესრულდა სხვა გადასახადების ნაწილი.
ცხრილი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის შესრულების მაჩვენებლები
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილში შეინიშნება. პროცენტული ჩამორჩენა დიდი იმპორტის გადასახადის ნაწილშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში თანხობრივი დანაკლისი მხოლოდ 4 მლნ ლარია. რომ არა სხვა გადასახადები, მთლიანი გადასახადები 98.3%-ით შესრულდებოდა და თანხობრივი დანაკლისი 89 მლნ ლარს მიაღწევდა.
ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კითხვები გაჩნდა, როგორც აქციზის დანაკლისის, ასევე სხვა გადასახადების სიჭარბის მიმართ. პოლიტიკოსთა და ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, სახელმწიფომ ბიზნესებიდან გადასახადების წინასწარ ამოღება დაიწყო. ლაშა ხუციშვილის განმარტებით კი მიზეზი დაუდეკლარირებელი თანხებია. მისი თქმით, გაზრდილია მოგებისა და საშემოსავლო გადასახადიდან მობილიზებული თანხები, რომელთა ნაწილიც დაუდეკლარირებელია და მომდევნო თვის 15 რიცხვამდე გასწორდება.
იმის უკეთ გასარკვევად, თუ რამდენადაა პრობლემა საგადასახადო ჯამური გეგმის შესრულება, ცალკეული პუნქტების შეუსრულებლობით შეიძლება წინა წლების მაგალითები მოვიშველიოთ.
ცხრილი 2: სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო ნაწილის შესრულების მაჩვენებლები (იანვარ-მარტი)
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
2025 წლამდე, სამჯერ - 2016, 2019 და 2024 წლებში, პირველ კვარტალში სხვა გადასახადების შესრულებამ 200%-ს გადააჭარბა, მათგან გამორჩეული 2016 წელი აღმოჩნდა[1], სადაც 3 თვეში გეგმა 8755%-ით შესრულდა და ბიუჯეტში 10 მლნ-ის ნაცვლად 326 მლნ გადაირიცხა. იანვარ-აგვისტოში სხვა გადასახადების შესრულების გრაფაში უკვე 300 მლნ ლარი იყო მითითებული, ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე იანვარ-მარტში, იანვარ-ოქტომბერშიც ასევე პირველ კვარტალზე უფრო ნაკლები - 310 მლნ ლარი. 2016 წლის პირველი კვარტალი გამორჩეული იყო იმითაც, რომ საშემოსავლოს, მოგების გადასახადისა და დღგ-ს დანაკლისმა პროცენტულ გამოხატულებაში მაქსიმუმს მიაღწია.
სხვა გადასახადების ნაწილში 2019 წელსაც 3 თვის შესრულების მაჩვენებელმა 98 მლნ ლარს მიაღწია და 6 თვის შესრულებამ მხოლოდ 36 მლნ-ს. თანხობრივი სხვაობა კიდევ უფრო მეტად 2024 წელს გაიზარდა და თუ იანვარ-მარტში შესრულებამ 699 მლნ ლარს მიაღწია, იანვარ-ივნისში 110 მლნ-მდე შემცირდა.
სახელმწიფო ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება და როგორც წესი, იზრდება ცალკეული გადასახადებიდან მობილიზებული თანხების ოდენობაც. 2013-2016 წლებში გადასახადებისგან მობილიზებული თანხა ჯამურად 27%-ით - 6.3-დან 8 მლრდ-მდე, გაიზარდა. ცალკე აღებული სხვა გადასახადები 25 მლნ-დან 527 მლნ-მდე ანუ 2000%-ით. მომდევნო 2017 წელს სხვა გადასახადების გეგმამ 150 მლნ და შესრულებამ 63 მლნ შეადგინა.
მხოლოდ პირველი კვარტლების დათვლისას, ორ შემთხვევაში შესრულების მაჩვენებელი გამინუსდა. 2018 წლის პირველ კვარტალში გეგმა -41 მლნ ლარს შეადგენდა და შესრულების მაჩვენებელმა 39 მლნ-ს მიაღწია, 2023 წლის იანვარ-მარტში კი 302 მლნ-ის ნაცვლად შესრულებამ -34 მლნ შეადგინა.
კონკრეტულად სხვა გადასახადების ნაწილში 2013-2024 წლების პირველ კვარტლებში გეგემა 200%-ზე მეტით 3-ჯერ შესრულდა, 2-ჯერ 50%-ზე ნაკლებით და მხოლოდ 2-ჯერ 90%-ზე მაღალი სიზუსტით.
ძირითადი გადასახადებიდან გეგმასთან ყველაზე დიდი ჩამორჩენა 2016 წლის პირველ კვარტალში ფიქსირდება. მოგების გადასახადის გეგმაც 2024 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 58%-ით შესრულდა, რაც თანხობრივად 420 მლნ ლარიანი დანაკლისია, თუმცა წლიური გეგმა 101.5%-ით შესრულდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლის განმავლობაში წლიური გეგმა 2.7-დან 3.1 მლრდ-მდე გაიზარდა.
2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ჩამორჩენა აქციზის ნაწილშია და მსგავსი დანაკლისი 2013-2024 წლების პირველ კვარტლებში არ დაფიქსირებულა. აქციზიდან მიღებული გადასახადი გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით თანხობრივადაც 515-დან 490 მლნ-მდეა შემცირებული. გიორგი კაკაურიძე ამ დანაკლისს თამბაქოს ნაწარმის იმპორტის შემცირებითა და მარაგებით ხსნის. მისივე შეფასებით, მდგომარეობა გამოსწორებადია.
ბიუჯეტის თითოეული პუნქტის შესრულება მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ერთ კვარტალზე დაყრდნობით, ცალკეულ მუხლებში ჩამორჩენაზე განგაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯამური გეგმა შესრულებულია, გადაჭარბებულია.
ბიუჯეტში მთავარი საგადასახადო შემოსავლებია, მაგრამ მისი წილი 80%-ის ფარგლებში მერყეობს, დანარჩენი 20% გრანტებს, სხვა შემოსავლებს, პრივატიზაციას, ფინანსური აქტივების კლებასა და ვალდებულებების ზრდას მოიცავს. აქციზზე უფრო დიდი ჩამორჩენა ვალდებულებების ზრდის ნაწილშია.
ცხრილი 3: სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
საგარეო ვალის აღების გეგმა მხოლოდ 50%-ით შესრულდა, ამ მხრივ მდგომარეობა არასახარბიელოა. მსგავსი შემთხვევა 2014 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მაშინაც პირველ კვარტალში ვალდებულებების ზრდის კუთხით გეგმა 50.4%-ით შესრულდა. თუ საგარეო ვალდებულებების ზრდას კიდევ უფრო ჩავშლით, საინვესტიციო გრძელვადიანი კრედიტის გეგმა 69.5%-ითაა შესრულებული (123 მლნ ლარი 177 მლნ-ის ნაცვლად), ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი კი 0%-ით. დაგეგმილი იყო 69 მლნ-ის ნაცვლად 0 ლარი. წლიური გეგმა 69 მლნ ლარია. 2014 წელს ჩამორჩენა მთლიანად საინვესტიციო კრედიტის ნაწილში ფიქსირდებოდა.
გრაფიკი 1: საგარეო ვალდებულებების ზრდის შესრულების მაჩვენებელი (იანვარ-მარტი)
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
კითხვაზე, შესრულდა, თუ - არა პირველი კვარტლის ბიუჯეტი, პასუხია კი, შესრულდა. შესრულების მაჩვენებელი 100.5%-ია და არა 102%, როგორც ეს რამდენჯერმე გაჟღერდა, მათ შორის ლაშა ხუციშვილის მიერ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო შემოსავლების ნაწილი ძირითადი მაჩვენებელია, მთლიანი ბიუჯეტი შემოსულობების მიხედვით უნდა დაითვალოს. არის, თუ - არა პრობლემა ცალკეული ჩამორჩენები? კი, მაგრამ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს, წინა წლების მაგალითზე მსგავსი ჩამორჩენები შემდეგ თვეებში აღმოფხვრილა.
ყველაზე საყურადღებო ამ დროისთვის საგარეო ვალდებულებების ნაწილის ვერ შესრულებაა, რომელიც შესაძლოა, ტექნიკური მიზეზებითაც იყოს გამოწვეული და დასავლეთთან გართულებული ურთიერთობებითაც. თუ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი შემდეგ კვარტლებშიც ვერ იქნა ათვისებული, დანაკლისი ბევრად მნიშვნელოვანი - 600 მლნ ლარი, გახდება.