ფაქტ-მეტრმა მკითხველს უკვე გააცნო კვლევა აჭარის ა/რ მთავრობის აპარატისა და ოთხივე სამინისტროს წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ. ამ ეტაპზე კი ჩვენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს სამივლინებო ხარჯებით დავინტერესდით და 2018 წლის, ასევე, 2019 წლის მიმდინარე პერიოდის მონაცემები შევისწავლეთ.

როგორც ირკვევა, 2018 წელს აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის შიგა და გარე მივლინებებისთვის ჯამში 86 086 ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლის 1 აგვისტომდე პერიოდში - 47511 ლარი.

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ მივლინებებში გახარჯული თანხა, სრული 2018 წლის და 2019 წლის იანვარ-ივლისის მიხედვით

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო დანართი 1, 2, 3, 4

აღსანიშნავია, რომ შარშან საფრანგეთში, პარიზსა და სტრასბურგში კონგრესის 34-ე სესიაში ოთხკაციანი დელეგაციის მონაწილეობა ხუთი დღის განმავლობაში ბიუჯეტს 14651 ლარი დაუჯდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ირაკლი ჭეიშვილი (ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე), გიორგი მანველიძე (უმაღლესი საბჭოს წევრი), ცოტნე ანანიძე (ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე), თამარ წილოსანი (ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე).

იმავე წელს ევროპის რეგიონთა ასამბლეის მიერ ორგანიზებულ გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით, ნორვეგიაში გაემგზავრნენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები, ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე. ოთხდღიანი ვიზიტი 3527 ლარი დაჯდა. წელს ისინი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძესთან ერთად, ხუთდღიან მივლინებაში იმყოფებოდნენ შვედეთში, ევროპის რეგიონთა ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. ვიზიტის ღირებულებამ 5267 ლარი შეადგინა.

2018 წელს ესპანეთში, ქალაქ ბილბაოში კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, 7990-ლარიან მივლინებაში იმყოფებოდნენ დავით ბაციკაძე და ვახტანგ წულაძე - უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

უნდა ითქვას, რომ შარშან პოლონეთის ქალაქ ვროცლავს უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ორჯერ სტუმრობდა, ჯერ სამკაციანი, ხოლო შემდეგ ხუთკაციანი შემადგენლობით. ამ მივლინებების საერთო ღირებულება 16285 ლარს შეადგენს.

ვროცლავში ხუთკაციანი დელეგაცია, მათ შორის, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, წელსაც იმყოფებოდა, რაც ბიუჯეტს 7925 ლარი დაუჯდა. მივლინების მიზანი სამმხრივ კომისიაში მონაწილეობა და 43-ე სათხილამურო შეჯიბრების გახსნის ცერემონიაზე დასწრება იყო. წელსვე ვროცლავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მეორედაც სტუმრობდა. მივლინების ღირებულება 3225 ლარია.

2018 წელს სოლიდური თანხა დაჯდა გერმანიაში ექვსკაციანი ჯგუფის მივლინება - ბრანდერბურგის ლანტაგთან თანამშრომლობის ორწლიანი გეგმის შემუშავების მიზნით დელეგაციის გასაგზავნად ბიუჯეტიდან 11000 ლარი დაიხარჯა.

გრაფიკი 2. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრების ქვეყნის გარეთ მივლინებების ხარჯები, 2018 წელი და 2019 წლის იანვარ-ივლისი

წყარო: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო დანართი 1, 2

საანგარიშო პერიოდში ქვეყნის გარეთ მივლინებით რვაჯერ იმყოფებოდა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე - ხუთჯერ, ხოლო ოთხ-ოთხჯერ - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი. უცხოეთში მივლინებით სამჯერ გაემგზავრა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე. რაც შეეხება აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ წევრს „ევროპული საქართველოდან“, პეტრე ზამბახიძეს, ის უცხოეთში მივლინებული ორჯერ იყო.

ინფორმაციისთვის, აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 21 წევრისგან შედგება. აქედან, შვიდი ოპოზიციონერია, რომელთა შორის, საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის გარეთ მივლინებებში მხოლოდ ორი იმყოფებოდა - ორჯერ პეტრე ზამბახიძე და ერთხელ - „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ცინცქილაძე, რომლის სამივლინებო ხარჯიც 1250 ლარს შეადგენს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი, საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინებაში ან ერთხელ გაემგზავრა, ან საერთოდ არ ყოფილა.

რა გავლენა აქვს, ან ექნება უმაღლესი საბჭის წევრების მივლინებებს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაზე და როგორ აისახება ის რეგიონის განვითარებაზე? - ფაქტ-მეტრი პროცესებს დააკვირდება. ამ ეტაპზე ნაადრევია იმის თქმა, რამდენად ეფექტიანი შეიძლება ეწოდოს წარმომადგენლობითი დელეგაციების სამივლინებო ხარჯებს.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი