იტვირთება

რეზიუმე: UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 16 წლამდე პირების 6.8%, დაახლოებით 53.4 ათასი ბავშვი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მათი დღიური მოხმარება 1.25 დოლარზე ნაკლებია (რაც თვეში 82.8 ლარს შეესაბამება). შეიძლება, ითქვას, რომ ბავშვები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, პრაქტიკულად შიმშილობენ. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში მცხოვრები ბავშვების 27.6%, 216.8 ათასი ბავშვი, ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს.

ანალიზი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „დღეის მდგომარეობით, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს“. მისი თქმით, ეს პრობლემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერანაირად ვერ მოაგვარა.

მამუკა ხაზარაძე განცხადებისას გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებს ეყრდნობა. „საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევა“ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება. ზოგადი სიღარიბის ზღვრად 2.5 დოლარია მიჩნეული, რაც თვეში 165.5 ლარს შეადგენს.

UNICEF-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. სიღარიბის დონე მოსახლეობის ყველა ჯგუფში გაიზარდა, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლებმა მოიმატა. სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დასახელდა.

UNICEF-ის 2017 წლის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში ბავშვების 6.8% ცხოვრობს. ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი ბავშვებში 27.6%-ია. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, უკიდურეს და ზოგად სიღარიბეში რაოდენობრივად დაახლოებით რამდენი ბავშვი ცხოვრობს, ქვეყანაში სიღარიბის პროცენტული მაჩვენებლები ბავშვთა საერთო რაოდენობას უნდა შევაფარდოთ. UNICEF-ის მეთოდოლოგიით, ბავშვებად 16 წლამდე ასაკის პირები მიიჩნევა. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს, ქვეყანაში 16 წლამდე პირების რაოდენობა 785,788 იყო. გამოდის, რომ 53.4 ათასი ბავშვი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში. ზოგად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა კი 216.8 ათასია.

გრაფიკი 1: ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები

წყარო: UNICEF, საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევები

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ სიღარიბე და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბე გაიზარდა, ხელისუფლებამ 16 წლამდე პირებისთვის, ფულადი სოციალური დახმარება, ე.წ. ბავშვზე დანამატი, 2019 წლის 1 იანვრიდან 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდა. აღნიშნული, დიდი ალბათობით, ბავშვთა სოციალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახებოდა. თუმცა რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს სოციალური ტრანსფერები, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ გაიზრდება, გრძელვადიან პერსპექტივაში, სიღარიბის დონე კვლავ მზარდი იქნება.

საქართველოში სიღარიბის მდგომარეობის შესახებ იხ. „ფაქტ-მეტრის" სტატია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3191 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი