იტვირთება

რეზიუმე: გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გასული წლის ბოლოს 91 543 ლარის სპორტული ინვენტარი შეიძინა. კონკრეტულად კი ფიტნესის ტრენაჟორები, რომლებიც, 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, გორში ორ ლოკაციასა (ახალბაღის სკვერი და ღამბარაულის ქუჩა) და 4 სოფელში (ქვახვრელი, სობოსი, ტყვიავი, ძევერა) დაამონტაჟა. სპორტული ინვენტარის შესაძენად ორ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება: 38 077 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები შპს „გეო-გრინს“ გაუფორმა, 53466 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები კი- შპს „ექსიმ მეიდს“.

რამდენიმე თვით ადრე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ქუჩის მოსარეცხი და ნარჩენის გასატანი მანქანა, სამი მცირე და ერთი საშუალო ტევადობის, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სტრადასგან“ 710 994 ლარად შეიძინა.

დასახელებული კომპანიები საქართველოშია რეგისტრირებული ( „ექსიმ მეიდის“ ერთ-ერთი მფლობელი თურქი ბიზნესმენი იუსიფ თაშქირანია), თუმცა მითითებულ ტენდერების ფარგლებში შეძენილი ინვენტარი და ტექნიკა რუსული წარმოებისაა.

ანალიზი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით რუსული წარმოების ტექნიკას ყიდულობს და ამით ოკუპანტი ქვეყნის შემოსავლებს ზრდის. ქორჩილავა, მისივე განცხადების დასტურად, რამდენიმე მაგალითს ასახელებს. „გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორ გაამდიდროს ოკუპანტი და დააფინანსოს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ადრე ავტომობილები შეიძინეს რუსული წარმოების, ახლა უკვე ღია სატრენაჟორო დარბაზისთვის ინფრასტრუქტურა შეიძინეს ოკუპანტი ქვეყნიდან-რუსეთიდან. ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს ჩვენივე ხელით“, - აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.

გორის მერმა ამ განცხადებას მალევე უპასუხა და განმარტა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ხელშეკრულებით მოთხოვნილ საგანს დამოუკიდებლად არჩევენ და შეძენის პროცესი მუნიციპალიტეტისგან დამოუკიდებლად ხორციელდება. „მე ხომ არ ვყიდულობ, მე ტენდერს ვაცხადებ. ადამიანი, ვინც ყიდულობს უფრო იაფად, რუსული იქნება თუ სხვა ქვეყნის იმას ყიდულობს იაფად, ტენდერიც ეს არის. გამარჯვებულია, ის ვინც იაფად დადებს თანხას, იაფად შეიძენს. გამარჯვებულს ჩვენ არ ვავლენთ, მაშინ სახელმწიფოს აკრძალული უნდა ჰქონდეს, რომ არაფერი რუსული არ შემოვიდეს ქვეყანაში.“ - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ქუჩის მოსარეცხი, ნარჩენის გასატანი მანქანები შპს სტრადამ შეიძინა, მანქანები რუსული წარმოების აღმოჩნდა. კომპანიის წარმომადგენლები მედიასთან არ საუბრობენ, თუ სად/როგორ შეიძინეს ტექნიკა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 710 994 ლარი მიიღეს. შეძენილი მანქანების დოკუმენტაციაში მწარმოებელ ქვეყნად ,,რუსეთის ფედერაცია/GAZ Group" არის მითითებული. აღნიშნული კომპანია კი ე.წ. გორკის ავტოქარხნითაა ცნობილი.

კომპანია „GAZ Group"-ი რუსეთის 7 რეგიონში 13 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს და კომერციული ავტომობილების სეგმენტში ბაზრის ლიდერად ითვლება.

რაც შეეხება ტრენაჟორებსა და სპორტულ ინვენტარს, რომლებიც ასევე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეიძინეს, ირკვევა, რომ შპს „ექსიმ მეიდის“ და „გეო-გრინის“ მიერ შეძენილი სპორტული ინვენტარი რუსეთშია დამზადებული. უფრო კონკრეტულად კი სპორტულ ინვენტარზე აღნიშნულია, რომ ინვენტარი, 2019 წელს რუსეთში, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში დაამზადეს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის ბოლოს, გორის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, რომლებმაც მუნიციპალიტეტი რუსული წარმოების ტექნიკითა და სავარჯიშო ინვენტარით უზრუნველყვეს, ჯამში 802 537 ლარი გადაუხადა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3195 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი