იტვირთება

2013 წელს, როდესაც აჭარის ტელევიზიასა და რადიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა, არავინ იფიქრებდა, რომ მაუწყებელი მმართველი ძალისთვის თავის ტკივილად იქცეოდა. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადობრივი მაუწყებლის არსებობის გამოცდილება საქართველოს არ ჰქონია. თუმცა რეგიონის მაუწყებელმა შეძლო ისეთი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება, რომლითაც ავტონომიისა და ადგილობრივ ხელისუფლებებს მუდმივ დისკომფორტში ამყოფებს.

ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობიდან ნათია კაპანაძის ჩამოშორების შემდეგ, ხელისუფლებას გაუჩნდა ილუზია, რომ მაუწყებელს სასურველ რელსებზე ადვილად გადაიყვანდა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა. გუნდი, რომელსაც პოლიტიკური და კომერციული ინტერესებიდან დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება დაუგროვდა, განაგრძობს ბრძოლას, როგორც თავად აცხადებენ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადასარჩენად“.

აჭარის ტელევიზიაში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, აქტიურად დაიწყო საკადრო ცვლილებები. ახალი კადრები ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით გამოირჩევიან, რასაც მაუწყებლის ჟურნალისტები ეწინააღმდეგებიან. მათ ალტერნატიული პროფკავშირიც შექმნეს, თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს შეძლებს არხი სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოხატეს, მაგრამ ჯერჯერობით აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობა მათ ანგარიშს არ უწევს უწევს. თანამშრომლებმა კი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.

„ფაქტ-მეტრი“ და მთლიანად საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) გმობენ ხელისუფლების ჩარევის მცდელობას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტებსა და სხვა თანამშრომლებს.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ პროცესების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ ვრცელ მიმოხილვას გთავაზობთ

როგორ იწყებოდა კონფლიქტი

2016 წლის ოქტომბერში მაუწყებლის დირექტორად ნათია კაპანაძე აირჩიეს. მაშინ დირექტორობა შვიდ კანდიდატს სურდა, მათ შორის - სოსო სტურუას, რომელიც 2013 წელს აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის (საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი 2013 წლის 25 დეკემბერს მიენიჭა) ხელმძღვანელად აჭარის ა/რ მთავრობამ წარადგინა. ის ამჟამად მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე წევრს დირექტორთან თავიდანვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2018 წლის ნოემბერში მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრად, „ქართული ოცნების“ კვოტით, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ, გიგა ჩხარტიშვილი აირჩია. ამის შემდეგ კაპანაძის მიმართ პრეტენზიებმა იმატა. მოქმედ დირექტორს მენეჯმენტს უწუნებდნენ, არ მოსწონდათ მისი ხასიათი, მრჩეველთა საბჭოს გვერდის ავლით გადაწყვეტილების მიღებული გადაწყვეტილებები, კომუნიკაციის ნაკლებობა და სხვა. თუმცა ფაქტია, რომ ნათია კაპანაძის ხელმძღვანელობის პირობებში, მაუწყებლის საქმიანობა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, არაერთხელ შეფასდა, როგორც ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი. ასე შეაფასა მაუწყებელი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა. იმავე პერიოდში მაუწყებელში მიღწეულ შედეგებზე საუბრობს Human rights watch-იც თავის ანგარიშში. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

აჭარის ტელევიზიის მიუკერძოებლად და დაბალანსებულად მუშაობას ხელისუფლების წარმომადგენლებმა უპასუხეს იმით, რომ ისინი მოუცლელობის მიზეზით, პირდაპირ ეთერში სტუმრობაზე ხშირად უარს აცხადებდნენ. მოგვიანებით ღიად გამოჩნდა, რომ მათთვის მიუღებელი იყო არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამ პროცესებში საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა მაუწყებლის ხელში ჩაგდებისა და კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ჩამოშორების სურვილი დაინახა.

მოგვიანებით, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ემიჯნება და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩარევა კატეგორიულად გამორიცხა. საზოგადოების ნაწილმა კი მაუწყებელში დაწყებულ პროცესებში პოლიტიკური მდგენელები აშკარად დაინახა. 2019 წლის 12 აპრილს გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება. მათ მოვლენები უარყოფითად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას დაიცავდნენ. შეშფოთება გამოხატა ორგანიზაცია „მედიის ინსტიტუტმაც“, რომელმაც აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, პოლიტიკური ძალები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ. მანვე მრჩეველთა საბჭოს მოუწოდა, არ გადაედგა დაუფიქრებელი ნაბიჯი და ქვეყანაში მედიის თავისუფლების საკითხი ეჭვქვეშ არ დაეყენებინა. თუმცა ეს რეკომენდაციები და რჩევები შემაკავებელ ფაქტორად ვერ იქცა. გიგა ჩხარტიშვილმა თქვა, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების გარანტი არა დირექტორი, არამედ მრჩეველთა საბჭოა. 2019 წლის 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭომ, ხმათა უმრავლესობით, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

ახალი კონფლიქტის დასაწყისი

ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევამ კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ბოლო სხდომაზე გამოჩნდა, რომ ისედაც პოლარიზებული საზოგადოების დაპირისპირების კიდევ ერთ მიზეზად მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები იქცა - მრჩეველთა საბჭოს ბოლო სხდომამ მოქალაქეების პროტესტის ფონზე ჩაიარა. საზოგადოებრივი მაუწყელის იდეის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივა“ მხარდამჭერებთან ერთად მივიდა, ხოლო მეორე მხარეს ე.წ. ოცნების ქალაქის [1] (ბათუმში მდებარე დასახლება) მცხოვრებლები შეიკრიბნენ, რომლებიც მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის აზრით, ხელისუფლება, სხვადასხვა დაპირებით, ადვილად ახერხებს მათ მანიპულირებას. „ოცნების ქალაქიდან“ მობილიზებული მოქალაქეები მაუწყებლის მენეჯმენტის „დასაცავად“ დილის ათ საათზე სხდომაზე დასასწრებად მივიდნენ, თუმცა არ იცოდნენ, რა საკითხი განიხილებოდა და აცხადებდნენ, რომ წინა დღეს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარისთვის ტელევიზიით მადლობის თქმა სურდათ, ჟურნალისტებმა კი ჩაწერაზე უარი უთხრეს.

საზოგადოების ნაწილის ეჭვი, რომ ყველაფერი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განეიტრალების მიზნით დაიწყო, უმრავლესობის წევრების, მათ შორის, პარლამენტარების შეფასებებმა თანდათან გაამყარა. მთავარი გზავნილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაახმოვანა: ჟურნალისტის შეკითხვით გაღიზიანებულმა ბიძინა ივანიშვილმა აჭარის ტელევიზიას „რუსთავი 2-ის“ ფილიალი უწოდა და ოპოზიციურ პარტიასთან გააიგივა. ამას მოჰყვა უმრავლესობის მხრიდან არაკორექტული დამოკიდებულების არაერთი გამოვლინება. აღსანიშნავია აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ცნობილი მიმართვა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში: „მინდა გთხოვოთ, რომ დაოკდეთ“... მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა ეს „თხოვნა“ იმთავითვე მუქარად აღიქვა, თუმცა არ „დაოკდა“ და მუშაობა ხელისუფლების მხრიდან უხეში ჩარევის მოლოდინის რეჟიმში გააგრძელა. ეთერში სტუმრობისას თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ მოემზადებიან არჩევნებისთვის და რეგიონს ერთხელ და სამუდამოდ გაწმენდენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან.

დირექტორისა და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მხრიდან ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოლოდინმა, ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილს ალტერნატიული პროფესიული კავშირის შექმნა გადააწყვეტინა. თუმცა მენეჯმენტმა, მრჩეველთა საბჭოს სამი წევრის მხარდაჭერით, მაუწყებელში საშტატო განრიგი, შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, მაინც შეცვალა, ანუ არ შეხვდა და ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ცვლილებები შეეხებოდა.

მაუწყებლიდან წავიდა ნათია ზოიძე. ის დირექტორის მოადგილე იყო და სანამ ახალ დირექტორს აირჩევდნენ, მის მოვალეობას ასრულებდა. ხელშეკრულება ნათია ზოიძეს სარედაქციო პოლიტიკის მართვის ვალდებულებას აკისრებდა. ახალმა დირექტორმა, კოხრეიძემ ბრალად დასდო, რომ ხელშეკრულება მას სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საშუალებას აძლევდა. ის, რომ მოადგილეს ხელშეკრულებით სარედაქციო პოლიტიკის მართვის ვალდებულება ჰქონდა, ჟურნალისტების ნაწილის შეფასებით, მათთვის დამოუკიდებელი საქმიანობის გარანტია იყო. ვინაიდან ახალი ხელშეკრულება მოადგილეს ამ საშუალებას ართმევდა, ნათია ზოიძემ ხელი აღარ მოაწერა და იძულებული გახდა, მაუწყებელი დაეტოვებინა. მოგვიანებით მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა თქვა, რომ ნათია ზოიძეს წასვლა უნდოდა და გადაწყვიტა, ხმაურით წასულიყო.

სამსახურიდან გაუშვეს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიც. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დირექტორი სამსახურების ხელმძღვანელების მოადგილეების, მათ შორის, ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის, მაია მერკვილაძის შტატს, გააუქმებდა. ასევე იყო საუბარი გადაცემა „ჰეშთეგის“ ერთ-ერთი წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილისა და „რვასაათიანი“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის ეთერიდან ჩამოშორებაზე, მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო. კოხრეიძემ პირდაპირ ეთერში პირველივე სტუმრობისას ბაკურიძეს უსაყვედურა, რომ ის ძალიან კრიტიკულია და სტუმრებს შესაბამის გარემოს ვერ უქმნის.

მედიაკოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა 2020 წლის 14 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს საგანგაშო უწოდეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად მტკიცდება ეჭვი არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მოშლის მცდელობის შესახებ და არსებობს საფრთხე, რომ მრჩეველთა საბჭო და მისი დანიშნული მენეჯმენტი თანამშრომელთა ნაწილს, საშტატო ნუსხის შეცვლის გზით, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებს. კოალიციამ მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები დაინახა.

განცხადება გაავრცელა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას პატივი სცეს. მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, რომელმაც დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულ წევრებს მოუწოდა, შეწყვიტონ მენეჯმენტისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნა. შეშფოთება გამოთქვა სახალხო დამცველმაც და განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, ეჭვქვეშ დგება საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული მაუწყებლობა და ჟურნალისტების საქმიანობის დამოუკიდებლობა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ თავისი პოზიტიური დამოკიდებულების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადა საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა და ახალ დირექტორს მაუწყებლის მაღალი რეპუტაციის შენარჩუნება უსურვა.

სამი ხმა ბევრის წინააღმდეგ

მაუწყებლის დირექტორმა და მრჩეველთა საბჭომ საშტატო განრიგი მაინც შეცვალეს. EMC-ს იურისტების შეფასებით, პროცესი კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში არ ჯდებოდა, რადგან გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომელსაც აქვს საკითხის გამოკვლევის ვალდებულება, პრობლემა არ შეუსწავლია. ამასთანავე, პროცესში ჩართული უნდა ყოფილიყო დაინტერესებული მხარე. 2020 წლის 19 თებერვალს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, საკითხების განხილვის დაწყებამდე, ალტერნატიულმა პროფკავშირმა სამწუთიანი სიტყვის უფლება ითხოვა, რაზეც საბჭოს თავმჯდომარისგან კატეგორიული უარი მიიღო. სიტუაცია დაიძაბა. ტელევიზიის თანამშრომელთა ერთ ნაწილს მეორე ნაწილი დაუპირისპირდა. დრო, რომელიც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ალტერნატიული პროფკავშირების წევრებს არ დაუთმო, დარბაზში მობილიზებულმა ხელისუფლების მხარდამჭერებმა ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს მოახმარეს.

ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა მოსაზრება, რომლის გამოხატვის საშუალება მათ გიგა ჩხარტიშვილმა არ მისცა, მედიასთან გააჟღერეს. ისინი მოითხოვდნენ, გადადებულიყო პროცესი, სანამ არ გაიმართებოდა მოლაპარაკებები იმ თანამშრომლებთან, რომლებსაც პროცესი ეხებოდა; ასევე, დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს დაესაბუთებინათ ამ ცვლილებების აუცილებლობა და კენჭისყრაზე ამის შემდეგ დაებრუნებინათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ თანამშრომლების მოსმენა პრინციპულად არ ისურვა და გადაწყვეტილება დაცვის პოლიციის თანხლებითა და მხარდამჭერი მოქალაქეების შეძახილების ფონზე მიიღო, რაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებად აღიქვა. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება მომავალი არჩევნების წინ მიუკერძოებელი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლებასა და პოლიტიკური ველის გასუფთავებას ცდილობს.

2020 წლის 21 თებერვალს კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის არჩევის პროცესი დახურულად ჩაატარა, მათ შორის, თანამშრომელი ჟურნალისტებისთვისაც. დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. ამ პროცესს ჟურნალისტების ნაწილთან დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე ჟურნალისტმა, დაძაბულობის გამო, სამუშაოს გაგრძელება ვერ შეძლო, ხოლო საინფორმაციო სამსახურის უფროსი კლინიკაში გადაყვანეს.

მენეჯმენტის (თუ ხელისუფლების) რჩეული კადრები მაუწყებელში

ვახო ხუზმიაშვილი ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, როცა მთავარი საინფორმაციო გამოშვება და ტოკშოუ „თავისუფალი სივრცე“ ეთერში ვერ გავიდა და გადაცემები პრაქტიკულად გაჩერდა, მან პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. შეგახსენებთ, რომ „იბერიამ“ გადაცემები 2018 წლის 16 ოქტომბერს შეაჩერა. მანამდე, 11 სექტემბერს, ვახო ხუზმიაშვილს პირდაპირ ეთერში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე ჩაერთო და მან „იბერიის“ ჟურნალისტებს მხარდაჭერა დაუდასტურა. წამყვანმა მას მადლობა საჯაროდ გადაუხადა, მაუწყებლის მიერ ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენების მწვავედ გაშუქებისთვის. ხუზმიაშვილმა აღნიშნულ ეთერში თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან პირდაპირი დარტყმის ქვეშ არიან. მოგვიანებით, წამყვანი ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს დაუპირისპირდა და ერთ-ერთ მიზეზად ჟურნალისტების წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა.

„ამოვიდა ყელში! ამდენი თვეა დავდივარ და ზაზა ოქუაშვილს ვამართლებ და ვიცავ ყველგან და ამ კაცს ერთხელაც არ მოვუკითხივართ. ჩვენ ხო მარტო ჟურნალისტები არ ვართ! ხო ველაპარაკებით ჩვენ ჩვენს ოჯახებს, მეგობრებს, მეზობლებს - ეხლა ამათთანაც კი მრცხვენია. მის გვერდით მაშინ ვიდექი, როცა იბერიას არბევდნენ და მაშინ ვინც იარაღს გვადებდა და ძირს გვყრიდა, დღეს ოქუაშვილი იმასთან ერთადაა. აქამდე არავის უთქვამს რომ სიგარეტის ფაბრიკის პრესსამსახური ვიყავით და სიგარეტის გაყიდვებზე იყო დამოკიდებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია იბერია. ეთქვა მაინც მამაცხონებულს! ყველა ჩვენ ჩვენს არჩევანს გავაკეთებდით.

რატო მაქვს პრეტენზია? იმიტომ რომ შეუძლებელია სადღაც მართალი იყო და სადღაც გადამგდები! რაც არ უნდა შეგვიფუთოს ამ კაცმა, რომლის გამო აქციებზე ხმა გვქონდა ჩახლეჩილი, იმის ღირსად მაინც უნდა ჩავეთვალეთ თავისივე თანამშრომლები, რომ წესიერად აეხსნა, რა უნდოდა და რა მოტივით გვიყენებდა ამდენი ხანი. ზაზა ოქუაშვილს მარტო სიგარეტის ბიზნესი არ აქვს და ამიტომ ვთხოვ პასუხს, მისი ერთი ბენტლის საბურავის ფასად, წესიერ და თავისუფალ ჟურნალისტებს ვალს გადაუხდიდა“, - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა ზაზა ოქუაშვილის შესახებ.

მოვლენების ასეთი განვითარება თანამშრომლების ნაწილს გაფიცვისკენ უბიძგებს. ალტერნატიულმა პროფკავშირმა საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლის შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) უკვე ჩაერთო პროცესებში და ალტერნატიულ პროფკავშირს საქმის სამართლებრივად წარმართვაში ეხმარება. ალტერნატიული პროფკავშირის შექმნას ორგანიზება „#ჰეშთეგის“ გუნდმა გაუკეთა. დღეს მას ოთხმოცდაათამდე წევრი ჰყავს. ყველა მათგანი მონაწილეობს კოლექტიურ დავაში, რომლის მოსამზადებელი პროცედურებიც უკვე დასრულდა.

25 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მოუწოდა დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს, შეწყვიტოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვასა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას. ასევე მიმართა პროკურატურას, გამოიძიოს ჟურნალისტებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები, ხოლო აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, დაინტერესდეს მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და საჯარო განხილვა მოაწყოს.

მაუწყებლის დირექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ერთმანეთს „დაემთხვა“. გიორგი კოხრეიძე სარწმუნოდ არ მიიჩნევს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მათ მხოლოდ ერთი მხარის ინფორმაცია აქვთ. დირექტორს მიაჩნია, რომ თანამშრომლების გაფიცვის საფუძველი არ არსებობს. კოხრეიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციაში გარკვეულ საკითხებზე მოკვლევა მიმდინარეობს და მალე საქმე სამართალდამცავ ორგანოს გადაეცემა.

საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის ვაკანტურ პოზიციაზე დირექტორმა ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე დანიშნა, რომელიც ჯერ მაუწყებლის დირექტორის, შემდეგ კი დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობდა. თანამშრომლებმა ბოლქვაძის დანიშვნა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ მასთან არ ითანამშრომლებენ. რამდენიმე დღის შემდეგ კი საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ჟურნალისტი გიორგი აბაზაძე წარადგინა. ალტერნატიული პროფკავშირის წევრმა თანამშრომლებმა სთხოვეს, აღნიშნულ პოზიციებზე მათ მიერ შეთავაზებული კანდიდატურები დაენიშნა, მაგრამ ამ შეთავაზებას კოხრეიძე არ დათანხმდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, 2 მარტს დისკუსია გაიმართა, თუ როგორ ჩაერთოს საზოგადოება მაუწყებლის იდეისა და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გადარჩენის პროცესებში. შეხვედრაზე ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა ოთხი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერეს, რომლებიც მენეჯმენტმა მედიაციის ეტაპზე უნდა დააკმაყოფილოს:

საშტატო განრიგის ბოლო ცვლილებებამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნება (სტატუსქვოს აღდგენა); სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები; შრომითი უფლებების დაცვა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებს; მაუწყებლის განვითარების სტრატეგიული ხედვა (ბოლო პუნქტი ცვლილებების დამუშავებას გულისხმობს, რომლებიც მომავალში ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას გამოაცლის ბერკეტს, რომ მაუწყებელი საკუთარი „ჯიბის ტელევიზიად“ აქციოს).

პროფკავშირმა შესაბამისი დოკუმენტაცია ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა. ამის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით, დაიწყყო მედიაციის პროცესი და მხარეებს შორის მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, დაინიშნა მედიატორი. თუ ისინი ვერ შეთანხმდებიან, 21 დღის შემდეგ, წარმოიშვება გაფიცვის უფლება და ალტერნატიული პროფკავშირი ამ უფლებით ისარგებლებს.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლების კვალის ძიება შეთქმულების თეორიაა და არანაირი ზეწოლა ჟურნალისტებზე ხელისუფლების მხრიდან არ ხდება. განსხვავებული პოზიცია აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს. 5 მარტს ევროსაბჭოს ვებგვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდამჭერი განცხადება გამოქვეყნდა. მასში პირდაპირაა ნათქვამი, რომ პოლიტიკური ზეწოლის გამო, მაუწყებლის რამდენიმე ჟურნალისტი გაათავისუფლეს.

იმავე დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა. ქარტიამ მენეჯმენტს მოუწოდა, დაასაბუთოს ბოლო დროს მაუწყებელში განხორციელებული ცვლილებების საჭიროება. ქარტიამ შეშფოთება გამოხატა საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნის გამო.

6 მარტს ცნობილი გახდა მაუწყებელის დირექტორის ახალი გადაწყვეტილების შესახებ - მან დროებით უფლებამოსილება შეუჩერა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს. დირექტორის ამ გადაწყვეტილებამდე, საინფორმაციო სამსახურის ოთახში, ჟურნალისტები აბაზაძეს ეკამათნენ და თანამდებობაზე უარის თქმა შესთავაზეს. ისინი აცხადებენ, რომ ამ კამათის შემდეგ აბაზაძე მაუწყებლის რადიოს შენობაში მენეჯმენტთან შესახვედრად გადავიდა, სადაც ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დირექტორმა კამათის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე ჟურნალისტი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ახალ პოზიციაზე უარის თქმა სურდა და ეჭვობენ, რომ აბზიანიძეზე ზეწოლა სწორედ მენეჯმენტმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, როცა საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ცუდად გახდა და კლინიკაში რამდენიმე დღე გაატარა, არც მენეჯმენტს და არც მის მხარდამჭერ თანამშრომლებს მსგავსი აქტივობები არ განუხორციელებიათ.

ჟურნალისტები უკვე ფიზიკური საფრთხის შესახებაც ალაპარაკდნენ. ალტერნატიულმა პროფკავშირმა 6 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაუწყებელში არსებული ვითარება ნეგატიურად აისახება თანამშრომლების ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე, ხელს უწყობს მათ დემორალიზებას და აფერხებს პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილ პირებსა და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო, რაზეც პასუხისმგებლობა მაუწყებლის ხელმძღვანელობას ეკისრება. პროფესიული კავშირი აცხადებს, რომ ვითარების დროებით დასტაბილურების საუკეთესო გზად პროცესებში სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩართვას მიიჩნევს.

იმავე დღეს კიდევ ერთი მხარდამჭერი განცხადება გავრცელდა - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ აღშფოთება გამოხატა, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი სრულ იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის განცხადებებსა და საკუთარი თანამშრომლების პროტესტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პროცესები აზარალებს არა მხოლოდ მაუწყებელს, არამედ ქვეყნის დემოკრატიას.

ახალი კადრები ძველის ნაცვლად

2020 წლის 13 მარტის ბრძანებით, მაუწყებლის დირექტორმა თეონა ბაკურიძე სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლა. ბრძანების თანახმად, ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის აშკარა და უხეშ დარღვევას. კოხრეიძე ასაბუთებს, რომ ბაკურიძემ, თავისი ქმედებებით, საფრთხის ქვეშ დააყენა საინფორმაციო სამსახურის გამართული მუშაობა. თუმცა კრიტიკურად განწყობილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ მენეჯმენტმა მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია გაითვალისწინა. მაუწყებელში ახალი კადრების მიღება გრძელდება,

განთავისუფლებული თანამშრომლები სხვადასხვა ზომას მიმართავენ. მათ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გარდა ამისა, ალტერნატიული პროფკავშირის წევრები გასულ კვირას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან მიიღეს დაპირება, რომ სიტუაციას საფუძვლიანად შეისწავლიან. მაუწყებლის თანამშრომლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს. სოფო კილაძემ განაცხადა, რომ სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მეორე მხარეს მოუსმენს. ოპოზიციის წარმომადგენლები მზად არიან, მათ ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით, აქტიურად ჩაერთონ პროცესებში და თუკი ალტერნატიული პროფკავშირის წევრები საკანონმდებლო წინადადებას მოამზადებენ, დაეხმარონ მათ დარეგისტრირებასა და სხვა შესაბამისი პროცესების სამართლებრივად წარმართვაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესები შეაფასა ჰარლემ დეზირმა, რომელიც მედიის საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელია. მან Tweeter-ზე დაწერა, რომ შეშფოთებულია მაუწყებლის ძირითადი პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენლის თანამდებობიდან გადაყენებისა და გადადგომის გამო. მისი შეფასებით, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიის თავისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ როლს ასრულებს.

მიუხედავად არაერთი რეკომენდაციისა თუ შეფასებისა, მაუწყებელში კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ახალი კადრებით ჩანაცვლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მენეჯმენტის მორიგი გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლები სიახლეს ყოველთვის პარასკევს, დღის მეორე ნახევარში იგებენ. ჟურნალისტების ნაწილი თავის საქმიანობას დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში განაგრძობს და ელოდება, რომ მომდევნო „შავ პარასკევს“ სწორედ მას გაუშვებენ სამსახურიდან. ვახო ხუზმიაშვილი კი გადაცემა „თავისუფალი სივრცით“ მაყურებლის წინაშე 16 მარტს წარსდგა.

მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ოცდაცამეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ 17 მარტს საერთაშორისო ორგანიზაციებს ერთობლივასმიმართა. ისინი სთხოვენ ადრესატებს, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკური, სარედაქციო და შრომითი უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული პროცესებით და საკითხი საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე ყველა რელევანტურ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფორმატში დააყენონ. ასევე, თავიანთი მანდატის ფარგლებში, მიიღონ შესაბამისი ზომები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლებისდასაცავად და მაუწყებლის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული პროცესების შესაჩერებლად.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

[1] „ოცნების ქალაქის“ დასახლება 2012 წელს გაჩნდა. ტერიტორიაზე მოქალაქეები უნებართვოდ შეიჭრნენ და თავდაპირველად მუყაოსა და ხის ქოხები ჩადგეს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა. ჩასახლებულთა ნაწილი ამ დრომდე უკიდურესად გაჭირვებულ პირობებში ცხოვრობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი აქვთ. ამგვარი დასახლების არსებობა მთავრობისთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თორნიკე რიჟვაძე „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობას თანამდებობაზე მოსვლისთანავე დაპირდა, რომ მთავრობა მათ საცხოვრებელ სახლებს აუშენებდა. სწორედ სხდომის წინადღეს დასახლებაში კომპანია გამოჩნდა. მრჩეველთა საბჭოს ზემოთ ნახსენებ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე კი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა ე.წ. ოცნების ქალაქში და საცხოვრისის პრობლემის გადაჭრის კონკრეტული თარიღი და გამოყოფილი თანხის რაოდენობაც დაასახელა.


მსგავსი სიახლეები

3399 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი