იტვირთება

2020 წლის 21 მარტს ახალი კორონავირუსისგან მოსალოდნელი საფრთხეების შემცირებისა და კრიზისული სიტუაციის უკეთ მართვის მიზნით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, დეკრეტი გამოსცა. დეკრეტის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლში მითითებული უფლებები იზღუდება, მათ შორის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს, პრეზიდენტის დეკრეტით, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს ადამიანის უფლებას, სწამდეს ღმერთი, აირჩიოს და აღიაროს ნებისმიერი რელიგია, რწმენა თუ მსოფლმხედველობრივი მრწამსი, იქონიოს და სხვებს გაუზიაროს თავისი შეხედულებანი, იცხოვროს და მათ შესაბამისად იმოქმედოს. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება ორ კომპონენტს მოიცავს, შინაგან და გარეგან განზომილებებს.

შინაგანი თავისუფლება თითოეული ინდივიდის შინაგან სამყაროს ეხება. ის სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს მიღმაა და სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს. გარეგანი განზომილება კი აღმსარებლობისა და რწმენის გამჟღავნებას, მათ გამოვლინებასთან დაკავშირებულ თავისუფლებას მოიცავს. ეს არის ადამიანის თავისუფლება, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, განკერძოებით ან საქვეყნოდ, თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, ქადაგებით, წესებისა და რიტუალების შესრულებით გამოხატოს.

მხოლოდ რწმენისა და აღმსარებლობის გარეგანი გამოხატვა შეიძლება შეზღუდვას დაექვემდებაროს, თუ ის კანონით არის გათვალისწინებული და დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისთვის აუცილებელია (ან შეზღუდვის შემოღება საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად არის აუცილებელი, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს (აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია)).

30 მარტს საქართველოს მთავრობამ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საგანგებო მდგომარეობის ვადით, საკომენდანტო საათი დაწესდა, რომლის მიხედვითაც, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე, პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით აიკრძალა. ასევე, საჯარო სივრცეში, სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა შეიზღუდა.

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, ტაძარში შეკრებილი მრევლი სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის რეგულაციას დაარღვევს თუ არა და საკომენდანტო საათის მოქმედება აღდგომის ღამეს ტაძარში მიმავალ მორწმუნეებზე გავრცელდება თუ არა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა, ამავე კითხვაზე, ბუნდოვანი პასუხი გასცა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაარღვევს თუ არა მრევლი სააღდგომო ლიტურგიის დროს კომენდანტის საათს, თუკი საღამოს 21:00-მდე მივლენ ეკლესიებში და დილის 06:00-მდე იქ დარჩებიან, მინისტრმა კითხვითვე უპასუხა: „თუ ასე იქნება, რომ შევა [მრევლი ეკლესიაში] და დილის 6 საათამდე აღარ გამოვა, ეს, თქვენი აზრით, კანონის დარღვევა იქნება?". მისივე თქმით, მთავრობა საპატრიარქოსთან ჯერ ბოლომდე არ შეჯერებულა, თუ როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ე.წ. კომენდანტის საათის პირობებში.

საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლი იმ უფლებათა ჩამონათვალს განსაზღვრავს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს, პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე შეიძლება, შეიზღუდოს. პრეზიდენტის დეკრეტით, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, კრიტიკულ სიტუაციებში, სახელმწიფოს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მხოლოდ გარეგანი განზომილების შეზღუდვა შეუძლია. აღნიშნული შეზღუდვისთვის ცალკე ნორმატიული აქტის მიღებაა საჭირო, რაც ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუკეთებია. შესაბამისად, დეკრეტის საფუძველზე, შეკრების უფლების შეზღუდვა საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილე პირებზე არ ვრცელდება.

რაც შეეხება საკომენდანტო საათს, ის საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული ერთ-ერთი აკრძალვაა, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში მიმოსვლის თავისუფლების სრულ შეზღუდვას ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობის დეკრეტით რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ იზღუდება. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება იცავს ადამიანის უფლებას, გამოხატოს საკუთარი რწმენა და შეასრულოს რელიგიური პრაქტიკა მარტო და განკერძოებით, ან სხვებთან ერთად და საჯაროდ. აღნიშნული საკუთარ თავში გულისხმობს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით შეუფერხებლად გადაადგილდეს. როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, ვიდრე გამოხატვის, შეკრებისა და გადაადგილების თავისუფლების შემთხვევაში. [1] [2] შესაბამისად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა ვერ გავრცელდება იმ ადამიანზე, რომელიც კოლექტიურ ღვთისმსახურებებში მონაწილეობის მიზნით, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილდება (მაგ: სახლიდან ტაძარში). მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში, ძნელია გაიმიჯნოს, ვისზე უნდა გავრცელდეს და ვისზე არ უნდა გავრცელდეს საკომენდანტო საათის მოქმედება, რადგან შეუძლებელია ქუჩაში მოსიარულე ყველა ადამიანის მოტივის დადგენა და გადამოწმება. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, შესაბამისი ცვლილებები დროულად განახორციელოს. არსებულ ვითარებაში, როდესაც ახალ კორონავირუსთან გასამკლავებლად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ქვეყანა ეპიდემიის შიდა გავრცელების ფაზაში იმყოფება, კოლექტიურ ღვთისმსახურებებში მონაწილეობის უფლების დროებითი შეზღუდვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

რედაქციის შენიშვნა:

„ფაქტ-მეტრი" აღნიშნულ საკითხზე დისკუსიისთვის ღიაა და მკითხველის მოსაზრებების განსახილველად მზად არის.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია

2. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, ვაშაყმაძე ზ., თბილისი 2015.

ფოტო: საქართველოს საპატრიარქო


მსგავსი სიახლეები

3194 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი