იტვირთება

რეზიუმე: ლარის მკვეთრი გაუფასურება დოლართან, შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის გავლენით (იხ. სტატია), 2014 წლის მიწურულს დაიწყო. დღეის მდგომარეობით, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით, დაახლოებით 70%-ით არის გაუფასურებული (სებ-ის პრეზიდენტი, კონტექსტიდან გამომდინარე, 50%-იან გაუფასურებაში 2014-2015 წლების ცვლილებას მოიაზრებს და აღნიშნული მაჩვენებელი რეალობას შეესაბამება), 2020 წლის დასაწყისთან შედარებით კი, 10%-ით. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, 2014-2015 წლებში, წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი არ ყოფილა და 2014 წელს 2%, ხოლო 2015 წელს 4.9% შეადგინა, თუმცა 2015 წლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, კონტექსტური სისწორის მიუხედავად, ფაქტობრივ ხარვეზს შეიცავს, რადგან მისი განცხადებით, ინფლაცია ამ პერიოდში 3%-ზე მაღალი არ ყოფილა.

ლარის კურსის გავლენა ინფლაციაზე შესაძლოა, სხვადასხვა ფაქტორებით დაბალანსდეს და ამ ორ ეკონომიკურ პარამეტრს შორის, კავშირი მართლაც არაპირდაპირია, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა მასშტაბებით ვლინდება. თუმცა, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსის მკვეთრი და გრძელვადიანი გაუფასურება მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას წარმოშობს. აღნიშნულს 2019 წლის 20 ივნისის კრიზისის შემდეგ წარმოქმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით (იხ. სტატია) ეროვნული ბანკის საპასუხო ქმედებები ადასტურებს, როდესაც სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, სწორედ ინფლაციის შეზღუდვის მოტივით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციას მიმართა და მონეტარული პოლიტიკაც გაამკაცრა.

ანალიზი

ტელეარხ „ფორმულას“ ეთერში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა (19 წთ): „ლარის კურსს და ფასებს შორის არ არის ასეთი პირდაპირპროპორციული კავშირი. საქართველოში, 2014-15 სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მიუხედავად იმისა რომ ქართული ლარი დაახლოებით 50%-ით გაუფასურდა, ინფლაცია 3%-ზე მეტი არ ყოფილა“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის (იხ. სტატია) კონტექსტში გააკეთა. კერძოდ, ერთი მხრივ, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის, მეორე მხრივ კი, ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების გამო, მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლარი დოლართან მიმართებით, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რაც მოსახლეობაში მთელ რიგ უარყოფით მოლოდინებსა და კითხვის ნიშნებს აჩენს, მათ შორის, ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით. კობა გვენეტაძის განცხადების ნაწილი, სადაც ის ვალუტის კურსსა და ინფლაციას შორის შედარებით არაპირდაპირ კავშირზე საუბრობს, სიმართლეს შეესაბამება. ვალუტის კურსის შემცირება (გაუფასურება), ავტომატურად ინფლაციაში, ანუ ფასების დონის ზრდაში არ აისახება. ვალუტის კურსი, ფასების დონის ცვლილების მრავალი ფაქტორიდან, ერთ-ერთს წარმოადგენს.

ლარის მკვეთრი გაუფასურება დოლართან 2014 წლის მიწურულს დაიწყო, აღნიშნულს შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებდა (იხ. სტატია). დასახელებულ პერიოდთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით, დაახლოებით 70%-ით არის გაუფასურებული, ხოლო 2020 წლის დასაწყისთან შედარებით 10%-ით. აღსანიშნავია, რომ ლარი თავდაპირველი და მეტად მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, მეტნაკლებად დასტაბილურდა.

გრაფიკი 1: ლარის საშუალო-თვიური კურსი დოლართან მიმართებით 2014-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

აღნიშნული გაუფასურების მიუხედავად, 2014-2015 წლებში, წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი არ ყოფილა და 2014 წელს 2%, ხოლო 2015 წელს 4.9% შეადგინა, თუმცა 2015 წლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება კონტექსტური სისწორის მიუხედავად, ფაქტობრივ ხარვეზს შეიცავს, რადგან მისი განცხადებით ინფლაცია ამ პერიოდში 3%-ზე მაღალი არ ყოფილა.

ცხრილი 1: ინფლაციის ფაქტობრივი და მიზნობრივი მაჩვენებლები 2014-2019 წლებში

2014

2015

2016

2017

2018

2019

დეკემბერი წინა წლის დეკემბერთან

2.0

4.9

1.8

6.7

1.5

7.0

მიზნობრივი ინფლაცია

6.0

5.0

5.0

4.0

3.0

3.0

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ლარის კურსის გავლენა ინფლაციაზე შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორებით დაბალანსდეს, თუმცა, სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსის მკვეთრი და გრძელვადიანი გაუფასურება მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას წარმოადგენს. აღნიშნულის დამადასტურებელია, 2019 წლის 20 ივნისის კრიზისის შემდეგ წარმოქმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით (იხ. სტატია), ეროვნული ბანკის საპასუხო ქმედებები. 2019 წლის ივლისის მიწურულს კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია, რაც საზოგადოებაში ეროვნული ვალუტის „გამძლეობის“ ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზღვრად მიიჩნეოდა. სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციას მიმართა, საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე მზაობის შესახებაც მიუთითა. ეს კი, ბოლო წლების განმავლობაში აღსანიშნავ მოვლენას წარმოადგენს, რადგან ეროვნულმა ბანკმა, გაცვლითი კურსის გაუფასურება მნიშვნელოვან ინფლაციურ საფრთხედ პირველად შეაფასა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3186 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი