იტვირთება

30 აპრილს Facebook-მა „ნიუსფრონტის“ საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული Facebook-გვერდები, ანგარიშები და ჯგუფები წაშალა. აღნიშნული ქსელი რუსეთის მოქალაქეებს, უკრაინის დონბასის რეგიონში მცხოვრებ პირებს და ანექსირებულ ყირიმში არსებულ ორ მედია ორგანიზაციას უკავშირდებოდა. მათ შორის, „ნიუსფრონტის“ ქართული რედაქციის Facebook-გვერდიც წაიშალა. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, „ნიუსფრონტის“ მასალას საქართველოში 12 არაავთენტური ანგარიში ავრცელებდა.

პირველ მაისს გულბაათ რცხილაძე Facebook-პოსტში წერს: „...მაინც მინდა იმ გვერდის აღდგენა, თუკი გამოვა...“. ხოლო ერთ-ერთ კომენტარს შემდეგი ტექსტით პასუხობს: „ეგ არაა დიდი პრობლემა, უამრავი ჯგუფებია და ექაუნტებიც გაიხსნება, ისევ მათ სისტემას გამოვიყენებთ მათსავე წინააღმდეგ“.

„ნიუსფრონტმა“ საქმიანობა კვლავ გააგრძელა. „ნიუსფრონტის“ Facebook-გვერდის წაშლის შემდეგ მისი სიახლეები „ევრაზიის ინსტიტუტის“ Facebook-გვერდზე - Geurasia - ვრცელდება. ორი მაისიდან კი „ევრაზიის ინსტიტუტის“ Facebook-გვერდის რეკლამირება დაიწყეს (იხილეთ ბმული):

ამასთან ერთად, თავად გულბაათ რცხილაძე და Geurasia სიახლეებს შემდეგ ჯგუფებში ავრცელებენ: „არც ნაცი, არც ქოცი! - როგორ მოვიცილოთ ესენი“, „Geomediapress.ge“, „რუსთავი 21 / RUSTAVI 21“, „გაზეთ "საქართველო და მსოფლიო"-ს ჯგუფი:Россия и Грузия- дружба навеки!“, „გიორგი მარგველაშვილი გისმენთ მეგობრებო!“.

ნიუსფრონტის ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა, კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. News Front- 2014 წელს დაარსდა.სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან (ეფ-ეს-ბე) ფინანსდება. ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, „ნიუსფრონტი“ რუსეთის ფედერაციის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს „როსკომნადზორის“ ბრძანებით არის დაარსებული. „ნიუსფრონტი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო სიახლეების სექციაში ძირითადად ისეთი რუსული სახელმწიფო მედიების მასალა გვხვდება, როგორებიცაა Russia Today, სპუტნიკი და RIA Novosti, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად საშუალებებს წარმოადგენენ.

„ნიუსფრონტის“ ქართული ოფისის რედაქტორები შოთა აფხაიძე და გულბაათ რცხილაძე არიან. გულბაათ რცხილაძე „ევრაზიის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. მისი ინტერვიუების მიხედვით, ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისკენ აღებულ კურსს ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთთან იდეალური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, საქართველოს NATO-ში შესვლა ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას გამოიწვევს.

„ევრაზიული ინსტიტუტის“ საქმიანობა

Damoukidebloba.com-ის კვლევის მიხედვით, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორი მოსკოვში „ევრაზიული ცენტრის“ მიერ დაარსებული რუსული ორგანიზაცია „ლევ გუმილევის ცენტრია“. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანს ეთნოკონფლიქტების გადაჭრის საშუალებად „ევრაზიანიზმის“ პოპულარიზაცია წარმოადგენს. „ლევ გუმილევის ცენტრმა“ „ევრაზიის ინსტიტუტთან“ ერთად 2015 წელს საქართველოში აზერბაიჯანისა და საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე შეხვედრა გამართა. შეხვედრას ვლადიმერ ხომერიკი („რუსი და ქართველი ხალხების ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი) და კახა კუკავაც (პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე) ესწრებოდნენ.

„ევრაზიის ინსტიტუტის“ ანგარიშის მიხედვით, გულბაათ რცხილაძე ინტერნეტ-ფორუმს - „პოლიტფორუმი“ ხელმძღვანელობდა, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომს „სააკაშვილის მიერ მოწყობილ დანაშაულებრივ პროვოკაციად“ აფასებდა. 2012 წელს ორგანიზაციამ გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ამტკიცებდა, რომ საქართველოში NATO-ს პოპულარობა დაეცა. 2013 წელს რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ დისკუსია გამართა, რომელიც მიზნად „ახალი მთავრობის კურსის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია რუსეთთან ურთიერთობების დალაგებისკენ“, ისახავდა. დისკუსიას შემდგომში ქართული მარშის დამფუძნებელი გია კორკოტაშვილიც ესწრებოდა. ამავე წელს ორგანიზაციამ გამართა კონფერენცია თემაზე: „დასავლური რელიგიური ორგანიზაციები საქართველოში და მათი პოლიტიკური მიზნები“, სადაც განიხილეს, თუ „რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს „არატრადიციული რელიგიური მიმდინარეობების საქმიანობა“.

2013 წელს „ევრაზიის ინსტიტუტმა“ 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა (ე.ი. საქართველომ) დაიწყო, რისკენაც აშშ-მა უბიძგა. კვლევის მიხედვით, რუსეთს სეპარატისტული რესპუბლიკების დე-იურე აღიარება არ სურდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მას მეტი გზა არ დაუტოვა; ინსტიტუტი ამტკიცებს, რომ რუსეთი საქართველოს ბუნებრივი მტერი არაა, არამედ ქვეყნებს შორის მტრობა „სააკაშვილის რეჟიმის და ცალმხრივად პროდასავლური და ანტირუსული საგარეო პოლიტიკური კურსის ბრალია“.

2014 წელს კი გულბაათ რცხილაძემ და შოთა აფხაიძემ მოსკოვში კრემლთან დაკავშირებულ პოლიტოლოგებთან შეხვედრები გამართეს. ამასთან ერთად, გულბაათ რცხილაძე „კავკასიური თანამშრომლობის“ თავმჯდომარეა, რომლის გამგეობის წევრი ასევე ნანა დევდარიანიც არის. გულბაათ რცხილაძე „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“ დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და „საქართველოს უკვდავი ჯარის“ პრეზიდენტია. 2019 წელს „საქართველოს უკვდავმა ჯარმა“ რუსული „უკვდავთა პოლკის“ ანალოგიური მსვლელობა ჩაატარა.

გულბაათ რცხილაძე და შოთა აფხაიძე შპს „აგრო-გეოს“ 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან. რაც შეეხება შოთა აფხაიძეს, იგი 2010 წელს ტელეკომპანია „კავკასიაში“ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეჭრის გამო დაიჭირეს და პატიმრობა მიუსაჯეს. შემდგომ იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა და „ევრაზიის ინსტიტუტის“ პროექტების მენეჯერი გახდა. მან 2013 წელს ვლადიკავკაზში ვიზიტის დროს ბრიფინგებსა და ინტერვიუებში განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოში ადგილი ჰქონდა ოსი ხალხის გენოციდის მცდელობას სააკაშვილის მხრიდან“.

„ნიუსფრონტის“ ქართული რედაქციის Facebook-გვერდის ადმინისტრატორი - კონსტანტინე ჩიკვილაძე იყო, რომელიც ამავდროულად პრორუსული გაზეთის - საქართველო და მსოფლიო Facebook-გვერდის ადმინისტრატორიცაა.

ნიუსფრონტის საქართველოს ოფისი, რომელიც ყალბ ამბებს აქამდეც ავრცელებდა, კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაშიც აქტიურად ჩაება. „ნიუსფრონტი“ წლებია დეზინფორმაციას ევროკავშირის, NATO-სა და აშშ-ის წინააღმდეგ, მიზანმიმართულად ავრცელებს. აღნიშნული სააგენტოს ნარატივები ხშირად ოფიციალური კრემლის პოზიციებს იდენტურად იმეორებს. აღნიშნულის მაგალითებია „ნიუსფრონტის“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „გრუს“ მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.

შენიშვნა:

10 მაისს „ევრაზიის ინსტიტუტის“ Facebook-გვერდმა - Geurasia - სახელი შეიცვალა და ეწოდება - „ევრაზია - საინფორმაციო სააგენტო/ Eurasia – Information Agency. ამასთან ერთად, „ნიუსფრონტის“ მასალას გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ Facebook-გვერდიც ავრცელებს. ასევე გაიზარდა იმ Facebook-ჯგუფების რაოდენობაც, რომლებსაც „ნიუს-ფრონტი“ საკუთარი მასალის გასავრცელებლად იყენებს. ეს ჯგუფებია: „კახა კალაძე თბილისის მერი“, „Georgia • საქართველო ✔️“, „МЕЖДУНАРОДНОЕ СТАЛИНСКОЕ ДВИЖЕНИЕ საერთაშორისო სტალინური მოძრაობა“, „საქართველო და რუსეთი/Грузия и Россия“, „ნაცხროვა ციხეში!!!“, „გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა“, „СТАЛИН ВЕЛИКИЙ УЧИТЕЛЬ სტალინი დიდი მასწავლებელი“. ასევე აღსანიშნავია, რომ „ნიუს-ფრონტის“ მასალას აღნიშნულ ჯგუფებში ხშირად აზიარებს Facebook-ის მომხმარებელი - Beo Batcher. მისი პროფილი არარეალური პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს. ასევე ის საკუთარ პროფილზეც მუდმივად „ნიუს-ფრონტისა“ და „საქართველო და მსოფლიოს“ მასალებს აზიარებს. მისი პირველი აქტივობა 2018 წლის დეკემბერში ფიქსირდება, ხოლო შემდეგ 2020 წლის 9 მაისს პროფილისა და გარეკანის სურათები შეცვალა და სოციალურ ქსელში გააქტიურდა და დაიწყო „ნიუს-ფრონტისა“ და „საქართველო და მსოფლიოს“ მასალების გაზიარება.


მსგავსი სიახლეები

3197 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი