• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
პანდემია რუსულად: რა ხდება რუსეთში კორონავირუსის კუთხით?

პანდემია რუსულად: რა ხდება რუსეთში კორონავირუსის კუთხით?

რუსეთში კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა.

13/05/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

რუსეთში კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა და ის, ჩინეთის ორ მოქალაქეს დაუფიქსირდა, ხოლო 13 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში  COVID-19-ით სულ 242 ათასი  ადამიანია დაავადებული. ინფიცირებულ პაციენტთა ამ რაოდენობით რუსეთი საფრანგეთს, იტალიასა და დიდ ბრიტანეთსაც უსწრებს და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ  ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე, რუსეთის ხელისუფლების მიერ ეპიდემიის მასშტაბების ობიექტურად გაშუქებასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს. კერძოდ, ფაქტი,  რომ 146 მილიონიან ქვეყანაში, რომელიც, ჩინეთსა და ევროპას ესაზღვრება,  თებერვლის თვის განმავლობაში ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, ხოლო მარტის პირველ ნახევრამდე,  შემთხვევების რაოდენობა 100-ს არ ასცილებია,  ქვეყანაში თავდაპირველად არსებული ვითარების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას ნაკლებად სარწმუნოდ წარმოაჩენს.  ამასთან,  არსებობს პრეცედენტიც - საბჭოთა ხელისუფლებამ 1986 წელს ჩერნობილში მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებული ინფორმაცია დამალა, რაც ეჭვებს, რომ კრემლმა (რომლის მიერ საინფორმაციო სივრცე 21-ე საუკუნეშიც კონტროლდება),   ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მასშტაბები თავდაპირველად არ გაასაჯაროვა, მხოლოდ აძლიერებს.  

19 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში დამოუკიდებელ ექიმთა გაერთიანება - „ექიმთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, ანასტასია ვასილიევამ რუსეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას უნდობლობა გამოუცხადა და რუს ექიმებს ხელისუფლების არასათანადო ფუნქციონირების ღიად კრიტიკისკენ მოუწოდა. მისი ინფორმაციის მიხედვით,  მთელი ქვეყნის მასშტაბით პნევმონიის, ანუ ფილტვების ანთების უამრავი შემთხვევა ფიქსირდებოდა, რაც, ვასილიევას თქმით,  კორონავირუსის გავრცელების რეალურ სურათს წარმოადგენდა. აღნიშნულს ირიბად რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული პნევმონიის შემთხვევების მონაცემებიც ადასტურებს. კერძოდ, როსსტატის მიხედვით, მხოლოდ მოსკოვში იანვარში პნევმონიის შემთხვევების რაოდენობა, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, 37%-ით (ჯამში 6921 შემთხვევა), ხოლო თებერვალში 53%-ით (ჯამში 7312 შემთხვევა) გაიზარდა. მაშინ, როდესაც ოფიციალური ცნობით, რუსეთში რამდენიმე ასეული ინფიცირებული იყო, ვასილიევა  COVID-19-ით შესაძლო დაავადებულ ათეულობით ათას მოქალაქეზე საუბრობდა. მისივე თქმით, ექიმებს ვირუსთან საბრძოლველად სათანადო სამედიცინო აღჭურვილობა არ გააჩნდათ, რაც მათ უმწეო მდგომარეობაში აგდებდა.  იმის გარდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვასილიევას ბრალდებები უარყვეს, აქტიური კრიტიკის გამო კრემლმა ოპოზიციონერ ექიმს, მცირე ხნით, თავისუფლებაც კი შეუზღუდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ოფიციალურ სტატისტიკას ეჭვქვეშ პოლიტიკოსთა ნაწილიც აყენებდა - დუმას ჯანდაცვის კომიტეტის წევრის, კომუნისტი ალექსეი კურინის აზრით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური რიცხვი, დიდი ალბათობით, უფრო მაღალი იყო და დაავადებულთა ოფიციალური სტატისტიკა  ტესტირების დაბალი რაოდენობით  უნდა ყოფილიყო განპირობებული. ამასთან, ცნობილია, რომ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, კორონავირუსის ოფიციალურად დადგენა ქვეყანაში ერთადერთ ლაბორატორიას შეეძლო,  რომელიც  ნოვოსიბირსკში, მოსკოვიდან 3380 კილომეტრში მდებარეობს. ოფიციალური სტატისტიკის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ, 24 მარტს, თავად მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა პუტინთან შეხვედრაზე დააყენა.  მეორე მხრივ, მანამდე, 17 მარტს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა და, ევროპისგან განსხვავებით, რუსეთში ვითარება გაცილებით უკეთესად იყო. პრეზიდენტის სიტყვების ჭეშმარიტების სადემონსტრაციოდ კრემლმა რუსეთიდან იტალიაში (და სხვა რამდენიმე ქვეყანაში) სამედიცინო აღჭურვილობაც კი გაგზავნა, რომლის დიდი ნაწილი, La Stampa-ს ცნობით, ქვეყნისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ხოლო მოსკოვმა  პროცესი პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენა (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).    

აღსანიშნავია, რომ კრემლისტური მედიის მიერ ევროპაში კორონავირუსის პანდემიის სავალალო შედეგები აქტიურად შუქდებოდა. მათ შორის, მანიპულაციურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით მწვავე დასავლურ სახელმწიფოებში აღმოჩნდა, ეს კი იმის ფონზე, რომ, თითქოს, ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, რუსეთის მიერ მიღებული ზომები და, ამასთან, მმართველობის ავტორიტარული სისტემა, კრიზისულ ვითარებაში უფრო ეფექტიანი გამოდგა. საგულისხმოა, რომ ევროკავშირის დეზინფორმაციის მონიტორინგის სამსახურის - EUvsDisinfo-ს მიხედვით, კრემლის პროპაგანდისტული კამპანიის ფარგლებში, პანდემიასთან დაკავშირებული  სხვადასხვა ნარატივის გავრცელების მასშტაბმა პიკს მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში მიაღწია, ანუ მაშინ, როდესაც რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის სულ რამდენიმე ათასი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში, ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა აღრიცხვის შედეგად,  ინფიცირებულთა რიცხვი ასეულობით ათასს შეადგენდა.  თუმცა, რუსეთის ხელისუფლებამ „პნევმონიის საკითხის“ სრულად უგულებელყოფა მაინც ვერ შეძლო და საბოლოო ჯამში,  პოზიციის შეცვლა მოუწია. 9 აპრილს, მოსკოვის მერიის ჯანდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, პნევმონიის ყველა შემთხვევაში პაციენტების კორონავირუსით ინფიცირებულობაზე ეჭვის მიტანა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება გადაწყდა. ამასთან, 10 აპრილს, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ ისიც აღიარა, რომ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო აღჭურვილობის დეფიციტი არსებობდა. ამგვარად, აპრილის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად, ყოველდღიურად, რამდენიმე ათასი შემთხვევით იზრდება. ამ პროცესის პარალელურად კი, რუსული პროპაგანდისტული კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საკითხმა აქტუალობის დაკარგვა დაიწყო, ხოლო დასავლეთის უარყოფითად წარმომჩენი „ტრადიციული თემები“  დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთში ინფიცირებულთა რიცხვი დღეს უკვე 242 ათასს აჭარბებს, ხოლო 30 აპრილს COVID-19 რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხაილ მიშუსტინსაც დაუდგინდა, უნდობლობა ამჟამად არსებული სტატისტიკის მიმართაც გამოიხატება და ის გარდაცვლილთა რაოდენობას ეხება. რუსეთში COVID-19-ით დაავადებულ ასეულობით ათას პირს შორის, გარდაცვლილი სულ 2212-ია, რაც მილიონ ადამიანზე მხოლოდ 15 შემთხვევაა. ეს მონაცემები, დასავლეთის დიდ სახელმწიფოებში არსებულ ვითარებასთან შედარებით, რამდენჯერმე უკეთეს შედეგს აჩვენებს (შედარებისთვის, გერმანიაში მილიონ ადამიანზე გარდაცვალების 93 შემთხვევაა). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნები კორონავირუსული დაავადების სიკვდილიანობას განსხვავებულად აღრიცხავენ, რის გამოც, მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალური რაოდენობის დადგენას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც წლის ბოლოს, დაღუპულთა მთელ რიცხვს გასული წლების სტატისტიკას შევადარებთ. ამ თვალსაზრისით, 2020 წელს ქვეყანაში გარდაცვალების ანომალიურად მაღალ რიცხვსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გასული წლების მონაცემებს შორის სხვაობა (მომატებული სიკვდილიანობა - excess mortality) COVID-19-ს დაუკავშირდება.  Financial Times-ის მიხედვით, რუსეთში  COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი, ოფიციალური ინფორმაციისგან განსხვავებით, შესაძლოა, 72%-ით მეტი იყოს. კერძოდ, გამოცემა მიუთითებს, რომ მოსკოვში აპრილის თვეში, წინა 5 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გარდაცვალების 1841-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის დედაქალაქში აპრილში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი მხოლოდ 600-ია. მომატებულ სიკვდილიანობასა და COVID-19-ით გარდაცვლილთა ოფიციალურ რიცხვს შორის სხვაობა აშკარაა სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც, წინა წლებთან შედარებით, აპრილში გარდაცვალების 232-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო სახელმწიფო სტატისტიკის მიხედვით, ქალაქში COVID-19-ით მხოლოდ 29 ადამიანი დაიღუპა. ამგვარად,  Financial Times-ი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში არსებულ მომატებულ სიკვდილიანობაზე დაყრდნობით ასკვნის, რომ რუსეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა რეალურად, როგორც მინიმუმ, 72%-ით უფრო მეტია, ვიდრე არსებული ოფიციალური რიცხვი. ამასთან, თუ რუსეთის სხვა რეგიონებში მომატებული სიკვდილიანობა აღირიცხება და ის  COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობას აღემატება, არსებული 72%-იანი პროგნოზი კიდევ უფრო გაიზრდება. 

კორონავირუსის გავრცელების კუთხით, რუსეთში ვითარება სულ უფრო მძიმდება, რაც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩენასთან დაკავშირებით  არსებული გეგმის განხორციელებას ხელს უშლის. პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი რეფერენდუმი, რომელიც 22 აპრილს უნდა გამართულიყო, გადადო. გადაიდო 9 მაისის ტრადიციული სამხედრო აღლუმიც, რომელზეც კრემლს ნაცისტურ გერმანიაზე წითელი არმიის გამარჯვების 75-ე წლისთავი უნდა აღენიშნა. ამასთან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პანდემიის საწინააღმდეგო კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამ არაპოპულარული გადაწყვეტილებების ფონზე კი, ვლადიმერ პუტინი საზოგადოებაში მხარდაჭერის შესანარჩუნებლად, რომელიც ლევადა ცენტრის კვლევის მიხედვით, თებერვალში 69%, მარტში 63%, ხოლო აპრილში 59% იყო, რაც ავტორიტარი რუსი ლიდერისთვის უჩვეულოდ დაბალი რეიტინგია, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსაც აკეთებს - 14 აპრილს პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანას უამრავი პრობლემა ჰქონდა, ხოლო ხუთი დღის შემდეგ თქვა, რომ სიტუაცია სრული კონტროლის ქვეშ იყო. ამასთან, პუტინის გადაწყვეტილებით, 12 მაისიდან არასამუშაო დღეების პერიოდის დასრულება გადაწყდა,  ეს კი იმის ფონზე, როდესაც რუსეთში პანდემიასთან ბრძოლა საკმაოდ ქაოტურად მიმდინარეობს, სასუნთქი აპარატების დიდი ნაწილი ძველია, რაც სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში 5 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა; მოსკოვში საავადმყოფოები გადავსებულია და ექიმებს, უკვე თავად პრეზიდენტის აღიარებით, საკმარისი რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობა არ გააჩნიათ. გასული ორი კვირის განმავლობაში კი სხვადასხვა საავადმყოფოს ფანჯრიდან მედიცინის სამი მუშაკი გადავარდა, რომელთაგან ორი გარდაიცვალა, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აღნიშნული რთულად დასაჯერებელი ინციდენტები რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა და მათთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თავის მხრივ,  არსებული პროგნოზით, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც იზიარებს, პანდემიის ყველაზე რთული პერიოდი ქვეყანას ჯერ კიდევ წინ ელოდება და ის პრეზიდენტის განსაკუთრებულობის მითზე, რომლის მიხედვითაც, პუტინი ერთადერთი ადამიანია, ვისაც რუსეთისთვის საბჭოთა კავშირის დიდებისა და სტაბილურობის დაბრუნება შეუძლია, უარყოფით გავლენას ახდენს.

ნიკა მამულაძე
ნიკა მამულაძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა