იტვირთება

რეზიუმე: გორის მუნიციპალიტეტის მერია 17 ივნისიდან სატენდერო წინადადებების მიღებას დაიწყებს, რომელიც 2020-2021 წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს გულისხმობს. უფრო კონკრეტულად კი, ორი წლის განმავლობაში ტენდერით შერჩეული კომპანია იმ პროექტების შესრულებას და სამუშაოების ხარისხს დააკვირდება, რომლის ღირებულებაც 50000 ლარზე მეტი იქნება. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2.1 მლნ ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობისთვის წელს, გორის მერიამ გამარტივებული წესით ორი შესყიდვა უკვე განახორციელა. მარტსა და აპრილში მერიამ კომპანია შპს „ოპტიმალ გრუპ +“-ს პირდაპირი შესყიდვის შედეგად 829 500 ლარი გადაუხადა.

პარალელურად, მერიაში ზედამხედველობის სამსახური ფუნქციონირებს, რომელსაც მერიის მიერ განხორციელებული ამა თუ იმ პროექტის შეფასება და დასკვნის წარმოდგენა ევალება. ამ სამსახურის სახელფასო ფონდი მიმდინარე წელს 244 600 ლარს შეადგენს.

ანალიზი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (ენმ-დან) და ოპოზიციური ფრაქციის „ძლიერი გორი“თავმჯდომარე, ვასილისა ჯაბახიძე გორის მერიის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებებში კორუფციის ნიშნებს ხედავს და სამართალდამცავ ორგანოებს საკითხით დაინტერესებას სთხოვს. მისი განცხადებით, გორის მერიამ პანდემიის პერიოდში, გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ერთი და იმავე კომპანიასთან ხელშეკრულება, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობისთვის, ორჯერ გააფორმა, მაშინ, როცა მერიას ამ ფუნქციის შესრულებისთვის ზედამხედველობის სამსახური ისედაც შექმნილი აქვს და მის თანამშრომლებს ხელფასს ადგილობრივი ბიუჯეტიდან უხდის.

„იმ ფონზე, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში არის ზედამხედველობის სამსახური შექმნილი და რომელსაც ნახევარ მილიონს ვუხდით წელიწადში ხელფასს, ახლა კიდევ ქირაობენ კომპანიებს, რომლებმაც თურმე გზების დაგებას უნდა გაუწიონ ზედამხედველობა და რომლებსაც 100 ათასობით ლარს ურიცხავენ. რა თქმა უნდა აქ პირდაპირ იკვეთება კორუფციის სქემა“- აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ამჟამად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონულ ტენდერს აცხადებს, კონკრეტულად კი, 2020-2021 ლებში, გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობისთვის გორის მერია 2 მლნ ლარზე მეტის დახარჯვას აპირებს.

მანამდე, ანალოგიური მომსახურების გაწევისთვის, მერიას პირდაპირი შესყიდვა წელს ორჯერ უკვე ჰქონდა შესრულებული, რისთვისაც ჯერ 510 ათასი ლარი (9 მარტი), შემდეგ კი 319500 ლარი (21 აპრილი) გადაიხადა. ორივე ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის პირობებით ერთი და იმავე კომპანიასთან, შპს „ოპტიმალ გრუპ+“-თან გაფორმდა. ზედამხედველობის მომსახურებისთვის, შესყიდვა პირველ შემთხვევაში 15 მლნ ლარის ღირებულების პროექტებზეა განხორციელებული და ხელშეკრულება 2020 წლის 30 მაისის ჩათვლითაა გაფორმებული. ხოლო მეორე შემთხვევაში, 9397058 ლარის ღირებულების პროექტების შესრულების მონიტორინგია გათვალისწინებული და ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2020 წლის 31 ივლისია განსაზღვრული.

ორივე ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია:

  • მომსახურების გაწევის პერიოდში, მუდმივად ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები.
  • დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა, მოახდინოს წერილობითი რეაგირება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ გარემოსდაცვით დარღვევებზე
  • შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინოს მას ინფორმაცია გასაწევი ან/და გაწეული მომსახურებ(ებ)ის შესახებ;
  • საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა, რაც გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ქმედებით ან/და უმოქმედობით;
  • ზედამხედველობის მომსახურების გაწევის დაწყება უზრუნველყოს, ყოველ კონკრეტულ ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დაწყების თაობაზე შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში;
  • გასწიოს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხის კონტროლის ყოველდღიური ზედამხედველობა;
  • სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოს განმახორციელებელი ორგანიზაციის სრული ინფორმირება შესრულებული სამუშაოების აქტთან (ფორმა №2) ერთად, მისი თანმხლები დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით;

აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების უფლება მუნიციპალიტეტს კანონმდებლობით 5000 ლარამდე ღირებულების მომსახურების შემთხვევაში აქვს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ამ პერიოდში, კი როცა მთელი მსოფლიო covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლითაა დაკავებული, გორის მერიის მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა არარელევანტურია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიასთან გორის მერიას იგივე კატეგორიის მომსახურებაზე (არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები) ურთიერთობა გასულ წელსაც ჰქონდა. იგივე მომსახურებისთვის ელექტრონული ტენდერი ჯერ 2019 წლის მარტში, შემდეგ კი დეკემბერში გამოაცხადა. ორივე მათგანში შპს „ოპტიმალ გრუპ+“ მონაწილეობდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ტენდერი შეწყდა. მიზეზად პირველ შემთხვევაში აღნიშნული კომპანიის კონკურენტი შპს-ს მიერ (რომელსაც მერიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა) სახელმწიფო შესყიდვების დავების განხილვის საბჭოსთვის საჩივრით მიმართვა გახდა. დავების საბჭომ დისკვალიფიკაციამინიჭებული კომპანიის საჩივარი დააკმაყოფილა. მეორე შემთხვევაში გამოცხადებული ტენდერი, სადაც მასთან ერთად მონაწილეობას შპს „ოპტიმალგრუპ+“-იც იღებდა, მერიამ ისევ შეწყვიტა. მიზეზად ამჯერად დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (სატენდერო დოკუმენტაციის ჩანაწერების ბუნდოვანებასთან და ორაზროვნებასთან, ასევე მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის შესახებ) დაასახელა, რაც უწყების თქმით, შეუძლებელს ხდიდა ელექტრნული ტენდერის პროცედურების გაგრძელებას.

შუალედში კი (2019 წლის აპრილში) წინა ტენდერში დაწუნებულ კომპანიას, შპს „რეალექსპერტს“ მერიამ გამარტივებული შესყიდვით 625 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.

2020 წლის ორ თვეში კი ამ მომსახურების მიღება, ასევე პირდაპირი შესყიდვის პირობებით შპს „ოპტიმალ გროუპ +“-განაც გადაწყვიტა. მთლიანობაში, გორის მერიამ 2020 წლის მარტსა და აპრილში 829500 ლარის ღირებულების 2 ხელშეკრულება გაუფორმა, რომელიც ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გორის მერია ბიუჯეტიდან იმავე მომსახურებისთვის ხელფასს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსაც უხდის. ეს სტრუქტურული ერთეული 3 განყოფილებას აერთიანებს, რომლის ფუნქცია-მოვალეობები გორის მერიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ამ სამსახურის სახელფასო ფონდი გასული წელთან შედარებით 11720 ლარით არის გაზრდილი და 244600 ლარს შეადგენს. თანამშრომლების რაოდენობა კი, 2019 წელთან შედარებით, ამჟამად, 2 ერთეულითაა შემცირებული.

გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ სამსახურში თანამშრომლების სიმცირეს განიცდიან და მათი იდენტური ფუნქცია-მოვალეობის განმახორციელებელ კომპანიებს ამიტომ ქირაობენ.

ამრიგად, გორის მერია თავის დაქვემდებარებაში მყოფ ზედამხედველობის სამსახურს ცალკე აფინანსებს და პარალელურად, მათი იდენტური ფუნქცია-მოვალეობების განსახორციელებლად სხვა კერძო კომპანიას ბიუჯეტიდან თანხას უხდის. ოპოზიციის განცხადება ამ ნაწილში სიმართლეს შეესაბამება, რაც შეეხება ბიუჯეტიდან ამ სამსახურის დაფინანსებას, მისი სახელფასო ფონდი წელს 244600 ლარს შეადგენს და არა ნახევარ მილიონს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს.

უშუალოდ ზედამხედველობის სამსახურის (ერთ-ერთი განყოფილება 3 დან) ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილება, სადაც სამსახურის ხელმძღვანელისა და მოადგილის გარდა 6 თანამშრომელი მუშაობს (1 განყოფილების ხელმძღვანელი და 5 სპეციალისტი), თვეში ხელფასებისთვის 5600 ლარს, წელიწადში კი 67200 ლარს ხარჯავს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3206 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი