• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რომან გოცირიძის 8 სიმართლე/ტყუილი - „ფაქტ-მეტრის“ შეფასება

რომან გოცირიძის 8 სიმართლე/ტყუილი - „ფაქტ-მეტრის“ შეფასება

„ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის სადავო განცხადებების რეალობასთან შესაბამისობა გადაამოწმა

03/06/2020
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მიმდინარე წლის 29 მაისს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა. სხდომის მიმდინარეობისას ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პრემიერს მიმართა. გოცირიძეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უპასუხა და ის 8 ტყუილის გაჟღერებაში დაადანაშაულა. ანალოგიური ბრალდება „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა. მმართველი გუნდის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს თავად რომან გოცირიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ რვავე განცხადება სიმართლეს შეესაბამებოდა. „ფაქტ-მეტრმა“ სადავო განცხადებების რეალობასთან შესაბამისობა გადაამოწმა. სადავო განცხადებების ჩამონათვალი აღებულია მამუკა მდინარაძის პასუხიდან, პირველ ეტაპზე გადამოწმებული იქნა თავის გამოსვლაში რომან გოცირიძემ ნამდვილად გააკეთა თუ არა მსგავსი შინაარსის განცხადება, გადამოწმების მეორე ეტაპი კი განცხადების რეალობასთან შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გამოსვლაში მმართველმა გუნდმა არ გაამახვილა ყურადღება რომან გოცირიძის მიერ გამოთქმულ ფაქტობრივად დადასტურებად კომპონენტზე, სადაც ის პანდემიის პირობებში ქართული ეკონომიკის მოწყვლადობას შეეხო და აღნიშნა, რომ ევროპული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით განხილულ 63 ქვეყანას შორის საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მოწყვლადი იყო და ბოლო, 63-ე ადგილს იკავებდა. შესაბამისად, ზოგადი სურათის დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, განცხადების მოცემული ნაწილიც ჩართულ იქნას მოცემულ სტატიაში.

დასახელებული ორგანიზაცია გერმანულ საინვესტიციო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც 2002 წელს დაარსდა, 2012 წლიდან კი საკრედიტო შეფასებით საქმიანობას ეწევა. 2020 წლის საგარეო ფაქტორებისადმი მოწყვლადობისა და მედეგობის რეიტინგში საქართველო 63 ქვეყნიდან მართლაც ბოლო, 63-ე ადგილს იკავებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო არა მხოლოდ მოწყვლადია საგადასახდელო ბალანსის კუთხით, ასევე მნიშვნელოვან სისუსტეებს ავლენს კრიზისების გამძლეობისას. შეჯამების სახით შესაძლებელია ითქვას, რომ სააგენტოს შეფასებით, საქართველოს მაღალ მოწყვლადობას მცირე ღია ეკონომიკა განაპირობებს, რომელიც არსებითად საგარეო დაფინანსებაზე არის დამოკიდებული, მათ შორის საინვესტიციო ნაკადებზე. ანგარიშში აღნიშნულია რომ საგარეო ვალი, რომელც მშპ-ს 44%-ს აღემატება, ძირითადად დოლარსა და ევროშია დენომინირებული, რაც ლარის კურსის მერყეობის პირობებში მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. კვლევაში სავალუტო რეზერვების არასაკმარისობაზეც არის ყურადღება გამახვილებული. შესაბამისად, მოცემულ ნაწილში რომან გოცირიძის განცხადება სიმართლედ ფასდება.

რაც შეეხება ციტატებს, რომლებიც მამუკა მდინარაძემ გამოყო, როგორც ტყუილი:

1. არ გაუწიეთ მოქალაქეს არანაირი დახმარება - ტყუილი.

რომან გოცირიძე (ციტატა): „საქართველოს მთავრობა არის ერთადერთი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში არ გაუწია საკუთარ მოქალაქეებს არცერთი თეთრი ფინანსური დახმარება“.

„ფაქტ-მეტრის“ ანალიზი: მოცემულ ბრალდებას სხდომის მიმდინარეობისასვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ პირველი ჩარიცხვები 29 მაისის მდგომარეობით უკვე განხორციელებულია შემდეგი ჯგუფებისათვის:

ბენეფიციარის სტატუსი

ბენეფიციართა ოდენობა

დახმარების მოცულობა

დაქირავებით დასაქმებული პირი ვინც დაკარგა სამსახური

72 175

200 ლარი (1200 ლარის I ნაწილი)

თვითდასაქმებული ვინც დაკარგა შემოსავალი

52 151

300 ლარი (ერთჯერადი)

მრავალშვილიანი ოჯახი

22 644

საშუალოდ 100 ლარი

შშმ პირები

40 440

საშუალოდ 100 ლარი

ფერმერები

18 000

1 ლარიანი შეღავათი ყოველ ლიტრ შეძენილ დიზელზე

ფერმერები

27 000

აგრო-ქულები სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შესაძენად

65 000-დან 100 000-მდე სოციალური ქულის მქონე პირები

194 796

საშუალოდ 100 ლარი

ცხრილში აღწერილი მონაცემების დასადასტურებლად ან უარსაყოფად საჭირო ოფიციალური მონაცემები ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილია და ინფორმაციის მიღების შემდგომ „ფაქტ-მეტრი“ მოცემულ საკითხს დაუბრუნდება . თუმცა აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოცემული რიცხვები არ შეესაბამება რეალობას, დადასტურებულად ცნობილია, რომ საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა აბონენტმა, ვინც მოიხმარს 200 კვტ/სთ-ზე ნაკლები მოცულობით ელექტროენერგიას კალენდარული თვის განმავლობაში, სუბსიდია მიმდინარე წლის მარტი-მაისის განმავლობაში მოხმარებულ ენერგიაზე უკვე მიიღო, ამავე პერიოდზე სუბსიდია ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებმა მიიღო, ვინც კალენდარული თვის განმავლობაში 200 კუბ/მ ბუნებრივ აირზე ნაკლებს მოიხმარდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დახმარების მოცულობა შესაძლებელია იყოს მისაღები ან მიუღებელი ინდივიდუალური გადმოსახედიდან, რომან გოცირიძის განცხადება, რომ ხელისუფლებას მოსახლეობაზე არცერთი თეთრი დახმარება არ გაუცია, ტყუილია.

2. სამშენებლო კომპანიებისათვის ფულის შოვნის გეგმა - ვერდიქტის გარეშე

რომან გოცირიძემ მსგავსი განცხადება ნამდვილად გააკეთა, თუმცა ის წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკოსის მიერ ხელისუფლების ცალკეული აქტივობის შეფასებას, სუბიექტურ აზრს და ფაქტობრივ სიზუსტეზე გადამოწმებას არ ექვემდებარება.

3. ივანიშვილი 100 მლნ ლარს არჩევნებისთვის ინახავს - ვერდიქტის გარეშე

რომან გოცირიძემ მსგავსი განცხადება ნამდვილად გააკეთა, თუმცა ის წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკოსის მიერ გამოთქმულ ვარაუდს, სუბიექტურ აზრს და ფაქტობრივ სიზუსტეზე გადამოწმებას არ ექვემდებარება.

4. საერთოდ არსებობს ეს თანხა? [ბიძინა ივანიშვილის სახელით „კოვიდფონდში“ ჩარიცხული 100 მლნ ლარი] - ვერდიქტის გარეშე

რომან გოცირიძემ ნამდვილად დასვა მსგავსი შეკითხვა, თუმცა წინადადების კითხვითი ფორმიდან გამომდინარე შეუძლებელია მისი ფაქტობრივ სიზუსტეზე გადამოწმება.

5. საქართველო არის მსოფლიოში ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა - ნახევრად სიმართლე

რომან გოცირიძე (ციტატა): „2019 წლის შიმშილის ინდექსის მიხედვით, საქართველო რეგიონში ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. მას უსწრებს თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, ირანი, სერბეთი, უკრაინა, ბელორუსია და ა.შ….საქართველო არის მსოფლიოში ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა“.

„ფაქტ-მეტრის“ ანალიზი: 2019 წლის „შიმშილობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს იკავებს.

შიმშილის ინდექსში 2010 წელთან შედარებით, 2019 წელს საქართველოს მდგომარეობა გაუარესებულია. საქართველო ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი მხოლოდ თურქმენეთსა და უზბეკეთზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.

6. საქართველოში კერძო ბიზნესი კვდება - ნახევრად სიმართლე

რომან გოცირიძის (ციტატა): „2015 წელთან შედარებით, 2019 წელს 53 ათასით შემცირდა კერძო ბიზნესში სამუშაო ადგილები... საჯარო სექტორში დასაქმება გაიზარდა 100 ათასით“.

„ფაქტ-მეტრის“ ანალიზი: როგორც განცხადების კონტექსტიდან იკვეთება, პოლიტიკოსმა ხატოვანი გამოთქმის მიღმა სამუშაო ადგილების ცვლილების სტრუქტურის არასასურველ ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს 2015 წელთან შედარებით, არასახელმწიფო [კერძო] სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 56.7 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 13.1 ათასით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე ყოველწლიურად მცირდება. თუმცა, ბოლო წლებში (2016-2019) ასევე მცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც. შესაბამისად, უმუშევრობა მცირდება არა დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, ანუ სამუშაოს მაძიებელი ადამინების რაოდენობის შემცირების ხარჯზე.

შეჯამების სახით უნდა ითქვას რომ პოლიტიკოსის პათოსი დასაქმების სტრუქტურის ცვლილების არასასურველ ტენდენციასთან დაკავშირებით სწორია, თუმცა ის ერთი მხრივ არსებითად გადაჭარბებულად (100 000 ნაცვლად 13 100-ისა) ასახელებს საჯარო სექტორში დასაქმების ზრდის მაჩვენებელს, მეორე მხრივ კი დინამიკის შეფასება, კერძო „ბიზნესის კვდომად“, გადაჭარბებულია.

7. „ქართული ოცნება“ აქტივისტებს და ნათესავებს ასაქმებს საჯარო სექტორში - ვერდიქტის გარეშე

მსგავსი განცხადება რომან გოცირიძემ ნამდვილად გააკეთა, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკოსის სუბიექტურ შეფასებას, მისეულ აღქმას. აღსანიშნავია რომ მსგავსი მოსაზრება საკმარისად ხშირად არის გამოთქმული, ცალკეულ ინდივიდუალურ შემთხვევებზე მედიაში შესაბამისი სიუჟეტებიც მომზადებულა, თუმცა მოცემული შეფასების დასადასტურებლად ან უარსაყოფად საკმარისი რამე სახის ინდიკატორი ან მასშტაბური კვლევა ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისად, განცხადება ვერდიქტის გარეშე რჩება.

8. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოსახლეობას ჰქონდა მომავლის იმედი - ვერდიქტის გარეშე

მსგავსი განცხადება რომან გოცირიძემ ნამდვილად გააკეთა, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკოსის სუბიექტურ შეფასებას, ვითარების მისეულ აღქმას, ისევე, როგორც მოპასუხის საწინააღმდეგო მოსაზრება. ფაქტობრივ სიზუსტეზე გადამოწმებას აღნიშნული განცხადება არ ექვემდებარება.

ვალერი კვარაცხელია
ვალერი კვარაცხელია

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა