იტვირთება

„მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის (Covid-19) გლობალური პანდემიის მძიმე შედეგებს ებრძვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები ააქტიურებენ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერებისა და ე.წ. ცეცხლსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას ორივე ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით”.- ასე იწყებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას, რომელიც უწყებამ 21 მაისს, მერეთში, საოკუპაციო ძალების გამოჩენის შემდეგ გაავრცელა.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდასა და ჭვრინისის, ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფახულანისა და მუჟავას, აგრეთვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე„ბორდერიზაციის“ პროცესი მიმდინარეობდა. ბოლო ფაქტი ხაშურის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. უფრო ზუსტად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ გამოჩნდნენ, სადაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ისინი 2019 წლიდან აწარმოებენ. მცოცავი ოკუპაციის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ არაერთი კვლევა მოამზადა.

ყველა გამოვლენილ ფაქტზე, როგორც სუს-ში განაცხადეს, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირება ხორციელდება, რაც ძირითადად პროცესში ჩართვის მიზნით, საერთაშორისო პარტნიორთა ინფორმირებას გულისხმობს. „სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია წარმოადგენს ჟენევის დისკუსიებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვა ფორმატების მთავარ განსახილველ საკითხს“, -აცხადებენ სუს-ში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე მიმდინარე წლის 28 მაისს, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება ცხინვალის რეჟიმის ქმედებაზე გაამახვილა, რომელსაც ხშირად ადამიანების სიცოცხლეც კი ეწირება. კონკრეტულად კი, ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ახალგორის რაიონიდან პაციენტებს სამედიცინო ევაკუაციის საშუალებას კვლავ არ აძლევს, რის შედეგადაც 20 მაისს, ახალგორის რაიონის მცხოვრები ჯუმბერ მილაძე ტრაგიკულად გარდაიცვალა, რადგან კრიტიკულ მომენტამდე, მის სამედიცინო ევაკუაციაზე საოკუპაციო რეჟიმმა უარი განაცხადა.

ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები სწორედ ამ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა. ჯეიმს სტიუარტ გილმორმა ვენაში, ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „არ არსებობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და ცხინვალი საქართველოს ოკუპირებულ ნაწილს წარმოადგენს“. რუსეთისგან საქართველოს ოკუპაციის შეწყვეტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმაც მოითხოვა. „აშშ გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ძალების მიერ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესს. ჩვენ კვლავ მოვითხოვთ, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია შეწყვიტოს, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება”, - აღნიშნულია მორგან ორტაგუსის განცხადებაში.

ეუთოში, აშშ-ს ელჩთან ერთად, მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კანადის, ნორვეგიის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. გამომსვლელებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი (მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში) მტკიცე მხარდაჭერა ერთხმად დაადასტურეს.

შექმნილი ვითარების ფონზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივებს კუთვნილი მიწის დამუშავებაც კი უჭირთ. 2 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტიძირის მოსახლეობის ნაწილი ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებს დაუპირისპირდა. მიზეზი მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთების დამუშავება გახდა, რისი საშუალებაც, როგორც სამართალდამცავები ამბობენ, მოსახლეობისვე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იმ დროისთვის არ მისცეს. პოლიციასთან შეკამათების გამო მოსახლეობას ქარელის მერის წარმომადგენელი შეხვდა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. ნოდარ კოპაძე ამბობს, რომ ამ სოფელში 155 კომლი ცხოვრობს, საიდანაც 16 ოჯახის კუთვნილი ნაკვეთი საოკუპაციო ზოლის მიღმაა მოქცეული. მავთულხლართებმა შუაზე გაყო მისი კუთვნილი მიწის ფართობიც.

„მესმის ამ ადამიანების, მეც მათ დღეში ვარ, მაგრამ უნდა დავუჯეროთ სამართალდამცავებს, ისინი ჩვენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე აწესებენ ამ შეზღუდვებს. ჩემი ნაკვეთის ნაწილიც ოკუპირებულია და ვერ შევდივარ. ამ სოფელში ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო უკანონო „ბორდერიზაცია“ და შედეგად 250 ჰა მოექცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. აქედან 80 ჰა სახნავ-სათესია, დანარჩენი საძოვარი იყო. სულ ახლახანს სოფლების, დირბისა და ტახტიძირის სიახლოვეს ახალი მონიშვნები გაჩნდა და სწორედ ამიტომ ჩვენი სამართალდამცავები GPRS-ით დადიან და მოსახლეობას მხოლოდ ამის შემდეგ უშვებენ მიწის დასამუშავებლად. სამუშაოები სოფელში მათი თანხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ნოდარ კაპანაძე.

ტახტიძირთან ერთად, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთიც. ადგილობრივი 61 წლის ლუდა სალია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულმა კრიზისმა სოფელი უფრო გაააქტიურა და რისკის მიუხედავად ხვნა-თესვის სამუშაოებს რუსი სამხედროების ფონზე ახორციელებენ.

„ყველაფერს ვთესავთ, ხახვი, ნიორი, კარტოფილი, გოგრა, სიმინდი. აი მოსავალს მივიღებთ თუ არა, ეგ არ ვიცით, შესაძლოა ოკუპანტების ხელში აღმოჩნდეს ეს ტერიტორიებიც საშემოდგომოდ. ისინი კორონამაც ვერ გააჩერა. ახლაც თავისუფლად დათარეშობენ. ოკუპანტების გადაადგილება სამხედრო მანქანებით უფრო მეტი ინტენსივობით შეიმჩნევა საოკუპაციო ხაზთან და არავინაა წინააღმდეგობის გამწევი. არ მინდა ვიფიქრო, რომ მოსავლის აღებაზეც იგივე განმეორდება თუ მოინდომეს ჩვენი ნაკვეთების დაპატრონება“, - ამბობს ლუდა სალია.

დამატებით ახალი ტერიტორიები არა, მაგრამ უკვე მითვისებულ ფართობებში გასულ თვეს, საოკუპაციო ძალებმა ახალი ღობეები გაავლეს სოფელ ერგნეთში. აქ მცხოვრები 27 წლის გიორგი კასრაძე ამბობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი მისი ოჯახისთვის, სადაც ყველა წევრი დაუსაქმებელია, განსაკუთრებულად მძიმეა. მისი თქმით, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც ყოველდღე შეიარაღებულ ჯარისკაცებს ხედავენ, ახალი საფიქრალი გაუჩნდათ.

„ის ვიფიქროთ კორონავირუსს როგორ გადავურჩებით, თუ ის, როგორ დავაღწევთ თავს შიმშილს, რომლის ზღვარზეც ვართ მისულები? ოკუპანტები იმყოფებიან ირგვლივ და შიშით თავისუფლადაც ვერ დავდივართ ჩვენივე სოფელში. ძალიან გაგვიჭირდა. ფული არ გვაქვს, ვერაფერს ვყიდულობთ, რომ რამე მაინც დავთესოთ და რაღაც მცირედი გვქონდეს ზამთრისთვის მომარაგებული. კარტოფილის თესლი ლარნახევარი ღირს, ლობიო - 6 ლარი. თუ რამე დახმარება არ გამოიმეტა მთავრობამ ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს რითი დავიხოცებით, შიმშილით თუ კორონათი?“-ამბობს გიორგი კასრაძე.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ ვითარებას მონიტორინგს ანტისაოკუპაციო მოძრაობაც უწევს. მისი წარმომადგენელი დავით ქაცარავა საოკუპაციო ძალების გადაადგილებას დრონით აკვირდება და ამბობს, რომ პანდემიის პერიოდშიც კი რუსი ჯარისკაცები არ გაჩერებულან და უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოებს ქართულ სოფლებში ისევ აქტიურად აგრძელებენ.

„სამწუხაროდ, პანდემიის პერიოდში ოკუპანტები არ გაჩერებულან. ჩვენთვის რამდენიმე ახალი ფაქტია ცნობილი - გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა კიდევ რამდენიმე ათეული მეტრი შეღობეს, რითაც კიდევ დამატებით ტერიტორია წაიღეს და ასევე სოფელ ტახტიძირში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოკუპანტები გააქტიურდნენ ასევე სხვა სოფლებშიც, მოსალოდნელია გზის ნაწილის შეღობვა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის მიმდებარედ. ამ მზადებაზე ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს. საოკუპაციო ძალები, მუშაობდნენ ამ პერიოდში ერგნეთშიც, ღობეები ააგეს, უკვე არსებული ღობის შიგნით“, - ამბობს დავით ქაცარავა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე დასახლების სტატუსი ქვეყნის მასშტაბით, 58 სოფელს აქვს (56-შიდა ქართლში, 2 ზუგდიდში). მოსახლეობა ამბობს, რომ მხოლოდ განცხადებები ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრიბუნაზე, მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას არ ცვლის. ამ ეტაპზე მათ ისიც არ იციან, შეძლებენ თუ არა COVID-19 -ის გავრცელების ფონზე და რუსი ჯარისკაცების პირისპირ, შიშით დამუშავებული მიწიდან შემოდგომით მოსავლის აღებას, რადგან ამ პროცესში რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელის შეშლის არაერთი ფაქტის შესახებ სმენიათ.

მცოცავი ანექსიის პარალელურად, პანდემიის მიუხედავად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კვლავაც აგრძელებენ ადამიანების უკანონოდ დაკავებებს.


მსგავსი სიახლეები

3186 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი