იტვირთება

პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, კერძოდ: პირბადის ტარებისას ნახშირორჟანგის დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა ხდება, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ასევე ვრცელდებოდა სტატიები სათაურით - „პირბადის ტარება იწვევს გონების დაკარგვას, კომას, კრუნჩხვებს“ (იხილეთბმული 1; ბმული 2; ბმული 3; ბმული 4; ბმული 5).პირბადის გამოყენების ვალდებულებასთან დაკავშირებით, ქუთაისში აბიტურიენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, „პირბადე 50%-ით აფერხებს ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას და ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას ტვინზე“.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ COVID-19-ის პრევენციისთვის ნაჭრის ან სამედიცინო ნიღბის გამოყენებაა რეკომენდებული. ამ ტიპის პირბადეები ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მოლეკულებს ვერ აკავებს. შესაბამისად, პირბადის ქვეშ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი არ გროვდება და მისი დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა არ ხდება.

ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება.

გლობალურად, პანდემიასთან საბრძოლველად პირბადის ტარების რეკომენდაციას და ვალდებულებას, ხანგრძლივად პირბადის გამოყენების საშიშროებაზე ყალბი ამბების გავრცელება მოჰყვა. დეზინფორმაცია საქართველოს გარდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის აშშ-ში. Snopes.com-ზე გამოქვეყნებული გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, „რესპირატორული დაავადების მქონე ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები მხოლოდ რესპირატორების ხანგრძლივი გამოყენების შედეგად შეიძლება შეექმნას. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ნაჭრის ან სამედიცინო პირბადეს, ჯანმრთელობისთვის მავნე ოდენობის ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის საშიშროების ქვეშ არ არიან“.

პირბადის გამოყენების აუცილებლობა და მისი მოხმარების სწორი წესები

COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი, აუცილებელი ხელების ჰიგიენა და სოციალური დისტანციის დაცვაა.

პირბადე სამედიცინო და არასამედიცინო დანიშნულების არსებობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. მათი გამოყენება სამედიცინო პერსონალისთვის, აგრეთვე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი (60 წელს ზევით ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე) პირებისთვის არის რეკომენდებული.

არასამედიცინო/ნაჭრის პირბადეების გამოყენების ეფექტურობაზე მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არსებობს. თუმცა მათი გამოყენება რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც სოციალური დისტანცირება შეუძლებელია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) Covid-19-ის გავრცელების შეფერხებისთვის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნაჭრის პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას.

რაც შეეხება, N95 რესპირატორს, ის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებისგან თავისდასაცავად არის განკუთვნილი, მისი ფილტრაციის მაჩვენებელი 95%-ია. რესპირატორები მედპერსონალისთვის არის განკუთვნილი და ფართო საზოგადოებისთვის მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული. პანდემიის პირობებში N95 რესპირატორი სამედიცინო პერსონალისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი რესურსია.

  • ერთი და იმავე პირბადის რამდენჯერმე გამოყენება ან არასწორად გამოყენება შესაძლოა, ინფიცირების წყარო გახდეს. ამიტომ პირბადის სწორად გამოყენება მნიშვნელოვანია:
  • პირბადე ერთჯერადად უნდა გამოიყენოთ; მრავალჯერადი მოხმარების (ნაჭრის) ნიღაბი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს.
  • პირბადის გაკეთებამდე და პირბადის მოხსნის შემდეგ, ხელები საპნითა და წყლით დაიბანეთ, ან სპირტის შემცველი ხსნარით დაიმუშავეთ;
  • ნიღაბი ცხვირისა და პირის მიდამოებს უნდა ფარავდეს და სახეზე მჭიდროდ უნდა იყოს მორგებული;

არ უნდა შეეხოთ პირბადის წინა მხარეს ან შეხების შემთხვევაში ხელები უნდა დაიბანოთ ან სპეციალური ხსნარით დაიმუშაოთ.

საქართველოს მთავრობის N368 დადგენილებით პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარების წესი და პირობები განისაზღვრა. აღნიშნული დადგენილების თანახმად, პირბადის გამოყენება დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულოა, კერძოდ:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებებში;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც შეუძლებელია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საერთო სარგებლობის ლიფტებში;
  • სავაჭრო ობიექტებში;
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ასევე საგამოცდო ცენტრებში;
  • სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტაქსებში.

დასახელებულ სივრცეებში, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პირბადის გამოყენებაა რეკომენდებული.

პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება:

  • 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე;
  • იმ პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირთ პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.
  • თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებზე, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებზე და სამართალდამცავ პირებზე, უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შეუძლებელია პირბადის გამოყენება ან/და პირადად უშუალო კომუნიკაცია არ უწევს გარეშე პირთან;
  • ლოგოპედი, ჟესტური ენის თარჯიმანი, პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას;
  • მემანქანეზე მეტროპოლიტენით ან რკინიგზით გადაადგილებისას;
  • ამასთან, პირბადის გამოყენების ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მომსახურების მიღება/სარგებლობა პირბადის გამოყენებით შეუძლებელია (მაგალითად, რესტორანში კვების დროს).

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვების შემთხვევაში, იურიდიული პირი 500 ლარით ჯარიმდება.


მსგავსი სიახლეები

3188 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი