იტვირთება

რეზიუმე: 2018 წლის 23 მარტს პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტი ჩააგდო. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომელთაგან ორი, რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ.

ანალიზი

2 ივლისს პარლამენტმა პირველი მოსმენით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმადაც ქალთა კვოტირება სავალდებულო ხდება. პროექტის მიხედვით, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ისეთი პარტიული სია უნდა წარმოადგინოს, რომლის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება. გარდა ამისა, 2028 წლის 28 ოქტომბერს და მის შემდგომ [2024 წლიდან პარლამენტში 150 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა], 2032 წლამდე, ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ისეთი პარტიული სია უნდა წარმოადგინოს, რომლის ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია რეგისტრაციაში არ გატარდება.

კვოტირების საკითხზე საუბრისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გენდერულ კვოტირებას ახლაც მხარს უჭერს და ორი წლის წინაც მხარს უჭერდა, როცა ის უმრავლესობამ ჩააგდო. „გენდერულ კვოტირებას ვუჭერდით მხარს ორი წლის წინათ, როცა წარმოადგინა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და სწორედ ამ უმრავლესობამ ჩააგდო ეს პროექტი, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა მას მხარი და ჩვენ ახლაც ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების კანონპროექტი 2018 წლის 23 მარტს ჩავარდა. „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანას 75 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა, მას მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. ოპოზიციიდან ცვლილების მომხრეები რომან გოცირიძე და სალომე სამადაშვილი იყვნენ, მაშინ, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავდა.[1] მმართველი გუნდიდან ცვლილების მომხრე 64 დეპუტატი იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, გენდერული კვოტირების კანონპროექტი იმიტომ ჩავარდა, რომ მაშინ ეს კანონპროექტი განსხვავებული ფორმით იყო წარმოდგენილი, თუმცა ამჟამინდელ მოდელით შემუშავებულ ამ საკითხს თითქმის მთელი უმრავლესობა უჭერს მხარს [2 ივლისს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება 94 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღო].

2017 წელს გენდერული კვოტების კანონპროექტი „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის“ მიერ იყო მომზადებული და მისი ინიცირება 37 455 მოქალაქის ხელმოწერის საფუძველზე მოხდა. პროექტის მიხედვით, პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ადამიანი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო. ცვლილება მხოლოდ პროპორციულ სისტემით ასარჩევ 77 დეპუტატს ეხებოდა, რის შედეგადაც, პარლამენტში 150 დეპუტატიდან დაახლოებით 38 ქალი იქნებოდა (მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 25%-იანი წარმომადგენლობით). შედარებისთვის, დღეს არსებული კანონპროექტის თანახმად (იმის გათვალისწინებით, რომ პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბოლოოდ, უხეში გათვლით, დაახლოებით 30 ქალს ვიღებთ, რაც პარლამენტართა საერთო რაოდენობის 20%-ია.

კვოტირების საკითხის პარლამენტში გატანის მცდელობა ქალთა ორგანიზაციებს მანამდე 2015 წელსაც ჰქონდათ, თუმცა მან პლენარულ სხდომამდეც ვერ მიაღწია. ორგანიზაციების მოთხოვნით საარჩევნო პროპორციულ სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა ყოფილიყო. პარალელურად, ამავე წელს, კვოტირების კანონპროექტის გატანა „ქართული ოცნების“ წევრებს ნანა ყეინიშვილსა და თეიმურაზ ჭკუასელს სურდათ, თუმცა ვერც მათმა კანონპროექტმა მოიპოვა საჭირო მხარდაჭერა.

ჭკუასელი/ყეინიშვილის ინიციატივის მიხედვით, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ დეპუტატში ერთი განსხვავებული სქესის უნდა ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის აღნიშნული კანონპროექტი მისაღები არ აღმოჩნდა და მათ საკუთარი ვარიანტის მხარდაჭერა განაგრძეს.

ბუნებრივია, რომ მმართველ გუნდს მე-9 მოწვევის პარლამენტში შეეძლო გენდერული კვოტირების კანონპროექტი არა საარჩევნო წელს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, არამედ მანამდეც თავისუფლად მიეღო. აქვე აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 ივლისს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტის (რომელიც ქალთა კვოტირების საკითხს მოიცავს) კენჭისყრას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ დასწრებია და შესაბამისად, მისთვის ხმა არ მიუცია.

------------------------------------------------------------------------------------------

[1] აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მხარდამჭერი რომან გოცირიძე მაშინაც ფრაქციის თავმჯდომარე იყო.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3399 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი