იტვირთება

რეზიუმე:Facebook-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პოლიტიკური რეკლამები გამჭვირვალე გახდება, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ Facebook-ს „ქართული ოცნება“ არც ერთხელ უხსენებია. 2019 წლის დეკემბერში Facebook-მა „ქართული ოცნება“ კოორდინირებულ არაავთენტურ ქსელთან დააკავშირა. ამასთანავე, 2020 წლის 5 მაისს „ესპერსონასთან“ და კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული კოორდინირებული არაავთენტური ქსელიც Facebook-მა პირველ წაშლას დაუკავშირა. Facebook-მა „ქართული ოცნება“ კვლავ მოიხსენია 2020 წლის 15 ივლისს სამოქალაქო საზოგადოებისათვის გამოგზავნილ წერილში.

ანალიზი

29 ივნისს ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ Facebook-ს ღია წერილით მიმართა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის Facebook-სივრცეში საინფორმაციო გარემოს დაცვის ინსტრუმენტების (მაგალითად, პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედებით პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის მიღწევა, არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოვლენა და მასში ჩართული ანგარიშების გაუქმება და ა.შ.) ამოქმედებისაკენ მოუწოდა.

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წერილის პასუხში Facebook-მა 2020 წლის აგვისტოდან საარჩევნო და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ რეკლამებზე ავტორიზაციის მოთხოვნა და პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული რეკლამების გამჭვირვალობის უპრეცედენტო დონე დააანონსა. 2020 წლის 16 ივლისს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე Facebook-ის გადაწყვეტილებას მიესალმა და აღნიშნა, რომ გამჭვირვალობა „ქართული ოცნების“ ინტერესებშიცაა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ამით დაზარალდება. მისი განცხადებით, ის „შორსაა იმ აზრისგან, რომ არც ერთი „ფეიკი“ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ მუშაობს“. თუმცა განმარტა, რომ ეს „თვითშემოქმედებაა“ და სისტემური ხასიათი არ აქვს.

მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა: „ქართული ოცნება“ არც ერთხელ უხსენებია Facebook-ს, მას პოლიტიკური სუბიექტი და პოლიტიკური პარტია გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, არასდროს უხსენებია“. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. 2019 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებით, რომელიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში ჩართული ანგარიშების წაშლას ეხებოდა, Facebook-მა საქართველოში 39 Facebook-ანგარიშისგან, 344 Facebook-გვერდისგან, 13 Facebook-ჯგუფისგან და 22 Instagram-ანგარიშისგან შემდგარი კოორდინირებული ქსელი წაშალა, რომლებიც ყალბ ანაგრიშებს იყენებდნენ და მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავდათ. ისინი პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებს, აქტივისტთა ჯგუფებსა და მედიებს განასახიერებდნენ. გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები პოსტებს აქვეყნებდნენ საშინაო ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად: არჩევნებზე, მთავრობის პოლიტიკაზე, ოფიციალურ პირებზე, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკაზე. ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტიკის ლაბორატორიის თანახმად, რომელიც Facebook-თან თანამშრომლობს და მას დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ ინფორმაციას აწვდის, აღნიშნულ გვერდებზე მკვეთრად ანტიამერიკული შინაარსის შემცველი პოსტებიც ვრცელდებოდა. წაშლილ გვერდებს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამებში დაახლოებით 316 ათასი დოლარი ჰქონდათ დახარჯული. Facebook-ის თანახმად, „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტივობის უკან მდგომი პირები მათი ვინაობისა და კოორდინაციას დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობა საქართველოში მოქმედ სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ მთავრობას დაუკავშირა“.

კოორდინირებული არაავთენტური ქცევის აღმოჩენასთან დაკავშირებით საქართველო Facebook-ის განცხადებაში მეორედ 2020 წლის 5 მაისს მოხვდა. Facebook-ის 2020 წლის აპრილის კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ანგარიშის მიხედვით, Facebook-მა საქართველოში მოქმედი ორი ქსელი გამოავლინა და წაშალა. ერთი მათგანი, რომელიც 23 Facebook-ანგარიშისგან, 80 Facebook-გვერდისგან, 41 Facebook-ჯგუფისგან და 9 Instagram-ანგარიშისგან შედგებოდა, Facebook-ის გამოძიებამ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კამპანიის უკან მდგარი პირები ვინაობის დაფარვას ცდილობდნენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებულ პირებს დაუკავშირა. აღნიშნული აქტივობის უკან მდგარი ინდივიდები ავთენტური და ყალბი ანგარიშების კომბინაციას იყენებდნენ, რათა ამოცნობა და წაშლა თავიდან აერიდებინათ. ისინი ჯგუფებსა და გვერდებს მართავდნენ, რომელთაგანაც ზოგი ახალი ამბების სააგენტოებად პოზიციონირებდნენ. ისინი პოსტებს ხშირად აქვეყნებდნენ ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოს 2018 წლის არჩევნები და კანდიდატები, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტიის კრიტიკა და მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების კრიტიკა. აღნიშნული გვერდებიდან ბევრი 2018 წლის შემდეგ აქტიური აღარ ყოფილა. წაშლილ გვერდებს Facebook-ზე რეკლამებში დაახლოებით 23 800 დოლარი ჰქონდათ დახარჯული.

მეორე ქსელი Facebook-ის გამოძიებამ საქართველოში მოქმედ მედიაკომპანია „ესპერსონას“ (კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებული მედია) დაუკავშირა. Facebook-მა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ აქტივობას წინა წაშლასთან [ე.ი. 2019 წლის დეკემბერში „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ მთავრობასთან დაკავშირებულ ქსელთან] ჰქონდა გარკვეული კავშირები. აღნიშნული აქტივობის უკან მდგარი პირები ყალბ ანგარიშებს, რომელთაგან ზოგი ადრე ავტომატურმა სისტემამ აღმოაჩინა და დეაქტივაცია გაუკეთა, იყენებდნენ, რათა ფიქტიური პერსონების შეექმნათ, ოპოზიციის ლიდერები და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები განესახიერებინათ და მათი პროდუქტი უფრო პოპულარული წარმოეჩინათ, ვიდრე სინამდვილეშია. ზოგიერთმა ჯგუფმა დროთა განმავლობაში სახელი და ადმინისტრატორი შეიცვალა, რათა წარმოეჩინა, რომ ისინი ნაყიდია. აღნიშნული ქსელის უკან მდგომი ზოგიერთი პირი მართავდა გვერდებს, რომლებიც მომხმარებლის პროფილის მსგავსად გამოიყურებოდა და ყალბ სახელსა და პროფილის სურათს იყენებდა, რათა დაეპოსტა და გაევრცელებინა მათი მასალა და, აგრეთვე, აღმოჩენა და წაშლა აერიდებინა თავიდან. ზოგიერთი გვერდი დამოუკიდებელ ახალი ამბების სააგენტოდ პოზიციონირებდა. გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშის მფლობელები საშინაო ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე აქვეყნებდნენ პოსტებს, როგორებიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკები და ოფიციალური პირები, ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკა. ბოლო დროს აღნიშნულმა ქსელმა COVID-19-თან დაკავშირებული მასალა გააზიარა, მათ შორის ისეთი პოსტებიც, რომლებიც საზიანო ჯანდაცვის „მისინფორმაციას“ (არასწორ ინფორმაციას) შეიცავდა და, შესაბამისად, Facebook-ის პოლიტიკის დარღვევის გამო წაიშალა. წაშლილ გვერდებს Facebook-ზე რეკლამებში დაახლოებით 30 ათასი დოლარი ჰქონდა დახარჯული.

ქართული სამოქალაქო საზოგადოებისათვის გამოგზავნილ წერილში Facebook-მა საქართველოსთან დაკავშირებული 2019 წლის 20 დეკემბრისა და 2020 წლის 5 მაისის განცხადებები კიდევ ერთხელ გაიმეორა და, შესაბამისად, კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასთან მიმართებაში „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დაასახელა. ამდენად, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ტყუილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3188 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი