იტვირთება

რეზიუმე: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ საქართველო ანტიკორუფციულ რეფორმებს აგრძელებს. მიუხედავად ამისა, იქვე აღნიშნულია, რომ მაღალი დონის კორუფცია კვლავაც გარკვეული შეშფოთების საგანია.

ანალიზი

10 ივლისს ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის მესამე ანგარიში გამოქვეყნდა[1]. დოკუმენტი ისეთ სპეციფიკურ სფეროებს ეხება, რომლებშიც პროგრესის შესანარჩუნებლად დამატებითი ქმედებებია აუცილებელი. ეს სფეროებია: არარეგულარული მიგრაცია, განაცხადები თავშესაფარზე, რეადმისია, საჯარო წესრიგი და უსაფრთხოება (მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა და კანონის აღსრულება).

ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, რომ კორუფციის თანდათანობითი, მაგრამ მტკიცე დაბრუნება „ქართული ოცნების“ პირობებში გარდაუვალი იყო და ეს ამ კონკრეტულ, ევროკომისიის ანგარიშშიც არის ასახული. „ერთ-ერთი შეკვეთა ჩვენი საზოგადოებისა წლევანდელ არჩევნებზე არის სწორედ ის, რომ ეს ეროზია კორუფციის თვალსაზრისითაც უნდა შეჩერდეს და საქართველომ წარსული გაკვეთილების გათვალისწინებით შემოატრიალოს სიტუაცია და ჩვენ დავიწყოთ კორუფციის შემცირება და შევაჩეროთ ის ზრდა, რასაც ახლა აქვს ადგილი“, - განაცხადა დეპუტატმა.

კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ანტიკორუფციულ რეფორმებს აგრძელებს. კერძოდ, ანტიკორუფციული სტრატეგია და 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა ანტიკორუფციულ პრიორიტეტებს ისეთ სექტორებში ასახავს, როგორიცაა მართლმსაჯულება, კერძო სექტორი, შესყიდვები და ა.შ. მიუხედავად ამისა, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მაღალი დონის კორუფცია კვლავაც გარკვეული შეშფოთების საგანია.

ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ევროკომისიის წინა, მეორე ანგარიშში საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად იყო შეფასებული, თუმცა მაღალი დონის კორუფცია და სამოქალაქო საზოგადოების შემდგომი ჩართულობა კვლავაც გასაუმჯობესებელ სფეროებად დასახელდა.

რაც შეეხება ევროკომისიის პირველ ანგარიშს, მასში საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად იყო შეფასებული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მთავარ მოსაგვარებელ საკითხად, ანტიკორუფციულ კანონმდებლობის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება იყო დასახელებული.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2019 წლის მონაცემებით, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ორგანიზაციის შეფასებაში საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ „მთავარ ინსტიტუტებზე გაუმართლებელი ზეგავლენა საქართველოში პოლიტიკური ინტეგრაციის მთავარ გამოწვევად რჩება“. მიუხედავად ამისა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მაღალი ქულით მოწინავე ადგილზეა.

გრაფიკი 1: საქართველოს შეფასებები „კორუფციის აღქმის ინდექსით“ 2012-2019 წლებში

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ საჯარო სექტორში ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებასა და მოსაზრებებს ეფუძნება კორუფციასთან დაკავშირებით. ინდექსის შემადგენელი კვლევები და შეფასებები სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მზადდება.

კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობას გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-იც აფასებს. 2020 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2020“, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, საქართველოს 4-დან 2 ქულა აქვს მინიჭებული. ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ წვრილმან კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, სამთავრობო დონეზე პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. „ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების ეფექტიან გამოყენებას სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაკლებობა აფერხებს. ასევე, წარმატებული საქმეების ნაკლებობაა იმ მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან კარგ ურთიერთობაში არიან“ ,- ვკითხულობთ შეფასებაში.

ორგანიზაციის საერთო შეფასებით, 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დონე საქართველოში 100-დან 61 ქულითაა შეფასებული (სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია), რაც „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსს გვანიჭებს.



[1] ანგარიში „ევროსტატის“ 2019 წლის მონაცემებს მოიცავს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3188 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი