იტვირთება


ანალიზი

ვებგვერდი abcnews.com.ge არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებაში არაერთხელ არის შემჩნეული. ამჯერად, აღნიშნულმა მედიამ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადება შეცდომაში შემყვანი სათაურით გაავრცელა.

abcnews.com.ge-ის სტატიის ტექსტიდან ჩანს, რომ რეალურად, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რუსეთის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას აფასებს და მის შემოტანაზე არ საუბრობს. სტატიის სკანდალური სათაური მიანიშნებს, რომ ვებგვერდი ე.წ. clickbait-ს წარმოადგენს (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ კონტენტს ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს).

abcnews.com.ge-მა საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით მსგავსი სათაურით სტატია ივლისშიც გამოაქვეყნა, მაშინ თითქმის იდენტურად ამირან გამყრელიძის განცხადება დაასათაურა. ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა დროს გაკეთებული განსხვავებული შინაარსის განცხადებების ორივე შემთხვევაში „პირველ კომენტარად“ მოხსენიება მიუთითებს, რომ abcnews.com.ge რეალურად სენსაციური და „ყვითელი“ სათაურის შერჩევას ცდილობს, რათა მის ვებგვერდზე მნახველების რაოდენობა გაზარდოს.

მსგავსად, abcnews.com.ge-მ კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ამირან გამყრელიძის განცხადებაც მანიპულაციური სათაურით გაავრცელა. სათაურის მიხედვით, „კორონავირუსის ვაქცინა და აცრა საქართველოში რამდენიმე კვირაში იქნება“ (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

აღსანიშნავია, რომ abcnews.com.ge მასალას ვაქცინაციის საწინააღმდეგო შეთქმულების თეორიების შესახებაც აქვეყნებდა. მაგალითად, აღნიშნული მედია წერდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასონების იარაღია, რომელიც ადამიანებში ნევროზს და სხვა გვერდით სიმპტომებს გამოიწვევს და მსოფლიო მოსახლეობას შეამცირებს. მსგავსი შეთქმულების თეორიების ( რომელიც მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისადმი შიშს ნერგავს), გავრცელების შემდეგ, მცირე დროში არასწორი ინფორმაციის გაჟღერება, თითქოს საქართველოში ვაქცინის შემოტანაზე განცხადება გაკეთდა, დანერგილი შიშის გაღვივებას ემსახურება.

რეალურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ტესტირების ეტაპზეა და ჯერჯერობით საქართველოში მათ შემოტანაზე საუბარი ნაადრევია. მით უმეტეს, შემუშავების პროცესში არსებული ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ (რომლებზეც abcnews.com.ge მიუთითებდა), არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივ წარმოებამდე ის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გამოცდის სხვადასხვა ეტაპს გადის (ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია - „COVID-19-ის ჯერ შეუქმნელ ვაქცინაზე შეთქმულების თეორიები გრძელდება“).

ამდენად, ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძის, განცხადების არასწორად დასათაურება და მკითხველის შეცდომაში შეყვანა, თითქოს მინისტრი საქართველოში ვაქცინის შემოტანაზე კომენტარს აკეთებდა, abcnews.com.ge-ის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაციის (სათაურების) გავრცელების კამპანიის მორიგი გამოვლინებაა. მოცემული clickbait ტიპის მასალა abcnews.com.ge-მ სხვადასხვა Facebook-ჯგუფში გაავრცელა (იხილეთ ქვემოთ მოცემულ სურათზე). ჯამში კი მას სტატიაზე მუშაობის პერიოდში 420 ინტერაქცია (156 რეაქცია, 243 კომენტარი, 21 გაზიარება) და, ვებგვერდის მიხედვით, 5000-ზე მეტი წაკითხვა აქვს.

წყაროს შესახებ

კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაციის გარდა, abcnews.com.ge-ს ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები კორონავირუსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც გაუვრცელებია (მაგალითად, იხილეთ ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დასახელებული ვებგვერდი ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის abcnews-ის იმიტირების გზით, მკითხველის სანდოობის მოპოვებას მიზანმიმართულად ცდილობს. სინამდვილეში, abcnews.com.ge-ის ამერიკულ abcnews-თან საერთო არაფერი აქვს. whois.domaintools.com-ის მონაცემების მიხედვით (იხილეთ ქვემოთ მოცემულ სურათზე), abcnews.com.ge 2020 წლის 20 მარტს არის დარეგისტრირებული და მისი მფლობელი ინდ. მეწარმე გიორგი მელიქიძეა.


მსგავსი სიახლეები

3273 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
21%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი