იტვირთება

ონლაინ გამოცემა „ალიამ“ 24 სექტემბერს სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ გამოცემისთვის მიწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

,,ალიას” მიხედვით, როგორც მას წყარომ აცნობა, „მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ორ თანამშრომელს (რომელთა სამუშაო ადგილია დიდუბეში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობაში) კორონავირუსი უკვე რამდენიმე დღეა დაუდასტურდა, შენობაში არც მუშაობა შეწყვეტილა, არც დისტანციურ რეჟიმზე გადასულან, არც დეზინფექცია ჩატარებული, არც თანამშრომელთა ტესტირება და მეტიც, ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებენ“. გარდა ამისა, „ალიას“ ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს ინფიცირებული თანამშრომელი საკმაოდ დიდი ზომის დარბაზში სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება „ალიას“ ინფორმაცია სიმართლეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულ ინფორმაციას აბსურდული უწოდეს. ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო მამუკაშვილმა, აღნიშნა, რომ, პირიქით, კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, მათი პოლიტიკა მაქსიმალური ღიაობაა და ამგვარი ფაქტი რომ მომხდარიყო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნებოდა პირველი, ვინც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებდა.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებებს აქამდე მათი თანამშრომლების დაინფიცირების ფაქტი არაერთხელ გაუსაჯაროებიათ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ასეთი შემთხვევების დამალვა მათი, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირების ინტერესებში არ შედის.

მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტი აგვისტოში გახდა ცნობილი. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ ინფიცირებულის კონტაქტები იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

აგვისტოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა, რომ უწყების 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტრომ 13 თანამშრომლის დაინფიცირების ფაქტი 21 სექტემბერსაც გაასაჯაროვა. უწყების განცხადებაში წერია, რომ შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, დაკვირვების ქვეშაა გადაყვანილი და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი, სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩაუტარდა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ის ფაქტიც არ დაუმალავს, რომ 2 სექტემბერს, სასტუმრო ოაზისში, კონფერენციაზე მყოფ ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. კონფერენციაზე 200-მდე ექიმი იყო შეკრებილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, მაშინ განაცხადა, რომ მის კოლეგა ექიმებს მეტი სიფრთხილე მართებდათ.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის დაინფიცირების ფაქტი 7 მარტს თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, ამ შემთხვევის გამო, თვითონაც და თავისი კონტაქტებიც იზოლააციის რეჟიმში იყვნენ გადასულები.


მსგავსი სიახლეები

3391 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი