იტვირთება

ვერდიქტი:ყალბი ამბავი

ანალიზი:

ქართულ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება იტალიელი მხატვარ-ილუსტრატორის ვალტერ მოლინოს შესრულებული ნახატი, რომელზეც გამოსახულია ერთადგილიანი, დახურული სატრანსპორტო საშუალებით მოძრავი ადამიანები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომლის „მსხვერპლი“ უამრავი ქართველი და უცხოელი Facebook მომხმარებელი გახდა, ეს ნახატი წარმოადგენს მოლინოს 1962 წელს შერულებულ ილუსტრაციას, სათაურით „სიცოცხლე 2022 წელს“.

მანიპულაციური სათაურიდან გამომდინარე, ნახატმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეთქმულების თეორიების გავრცელებას შეუწყო ხელი, რადგანაც მომხმარებლების დიდმა ნაწილმა მასზე გამოსახული ილუსტრაცია ვირუსს და მასთან ასოცირებულ პროცესებს დაუკავშირა და ის ერთგვარ წინასწარმეტყველებადაც კი მონათლეს.

მსგავსი სათაურით მოლინოს სურათი სოციალურ ქსელებში მთელს მსოფლიოში ვრცელდებოდა. აღნიშნული სურათს, საქართველოშიც საკმაოდ დიდი გავრცელება ჰქონდა და ის არაერთმა გვერდმა და მომხმარებელმა გააზიარა.

სინამდვილეში გავრცელებული ნახატი მართლაც წარმოადგენს ვალტერ მოლენოს ილუსტრაციას, თუმცა ის შეეხება მომავლის სატრანპორტო საშუალებებს და არაფერი აქვს საერთო პანდემიასთან და 2022 წელთან და მეტიც - სურათს სათაური არ აქვს და ის მანიპულაციურადაა შერჩეული.

„ფრანს პრესის“ ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ გამოიკვლია აღნიშნული სურათი და მის უკან არსებული რეალური ისტორია. ირკვევა, რომ სურათი, 1962 წლის 16 დეკემბერს გამოქვეყნდა იტალიურ ყოველკვირეულ გაზეთ Domenica del Corriere-ში (რომელიც 1989 წლამდე გამოიცემოდა). ილუსტრაცია, რომელსაც სათაურად გასდევდა შეკითხვა „ასეთი იქნება ქალაქები?“, განთავსებული იყო გაზეთის უკანა გვერდზე და ის სატრანსპორტო პრობლემატიკას შეეხებოდა. აღსანიშნავია, რომ გაზეთის წინა გვერდზე გამოსახული იყო მანქანებით გადატვირთული ნიუ-იორკის ილუსტრაცია (ქვემოთ იხილეთ სურათი), რომელიც ხაზს უსვამდა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების ზრდის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს, ხოლო ბოლო გვერდზე, ამ პრობლემის საპასუხოდ მოლინოს მიერ შემოთავაზებული მომავლის ხედვა იყო განთავსებული.

ნახატის ქვედა, მარჯვენა კუთხეში განთავსებულია იტალიური წარწერა, რომელიც ქართულად შემდეგნაირად ითარგმნება:

„ასეთი იქნება ქალაქები?

ეს არის პასუხი იმაზე, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს საცობების პრობლემა მომავალში და საბოლოოდ მთლიანად აღმოიფხვრას კიდეც. ახლანდელი დიდი ზომის მანქანების ნაცვლად, ჩვენ გვეყოლება „სინგოლეტები“, პატარა ერთადგილიანი ტრანსპორტი, რომელიც იქნება საკმაოდ მცირე ზომის. ვოლტერ მოლინო, გთავაზობთ საკუთარ ხედვას, თუ როგორი იქნება მომავალი, თუ ამ იდეის ფართო რეალიზება მოხერხდება“.

შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოლინოს ილუსტრაცია სათაურით „სიცოცხლე 2022 წელს“, გამიზნულ მანიპულაციას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას და კორონავირუსის ირგვლივ შეთქმულების თეორიების გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


მსგავსი სიახლეები

3391 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი