იტვირთება

ბიძინა ივანიშვილი: „20-წლიანი დაღმასვლის შეჩერება მოვახერხეთ, 400 ათასამდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან... სიღარიბე მემკვიდრეობით გვერგო...“

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება.

რეზიუმე: 2019 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 19.5% (დაახლოებით 722 ათასი ადამიანი) სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება. ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით, 10.5 პროცენტული პუნქტით, დაახლოებით 389 ათასი ადამიანით არის შემცირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიერ განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები მეტ-ნაკლებად სწორია, ის განზრახ ამახინჯებს კონტექსტს. ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს სიღარიბის შემცირების ტენდენცია ქართული ოცნების პერიოდში დაიწყო. ის ხაზგასმით ამბობს - „20-წლიანი დაღმასვლის შეჩერება მოვახერხეთ“, რაც რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს დაიწყო. 2011-2012 წლებში, ორ წელში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო „ქართული ოცნების“ 7 წელში (2013-2019 წლები) 10.5 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი უგულებელყოფს Unicef-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ 2017 წლის კვლევის შედეგებს. რომლის თანახმადაც, 2017 წელს 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კი გაზრდილია, როგორც 2015, ასევე 2013 წელთან შედარებითაც. აღსანიშნავია, რომ Unicef კვლევის შედეგები „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს, რასაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა.

ანალიზი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ 20-წლიანი დაღმასვლის შეჩერება. 400 000-მდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან. თუმცა, კიდევ დაგვრჩა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 700 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე... ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია“.

ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრობს. აღნიშნულ მონაცემს საქსტატი ითვლის, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ „საბაზისო მოთხოვნილებების მეთოდს“ ეფუძნება. ანუ, აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ. 2011-2015 წლებში აბსოლუტური სიღარიბე ყოველწლიურად მცირდებოდა, 2016 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი მცირედით გაიზარდა, ხოლო 2017 წელს სიღარიბის დონე თითქმის იგივე ნიშნულზე დარჩა. 2018-2019 წლებში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა.

2019 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, 389 ათასი ადამიანით ნაკლებია. (იხილეთ გრაფიკი 1).

ბიძინა ივანიშვილი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს დაიწყო. (წინა პერიოდში იყო როგორც ზრდის, ასევე შემცირების დინამიკა). 2011-2012 წლებში აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 7.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 2013-2019 წლებში კი 10.5 პროცენტული პუნქტით. ამასთან 2013 წელი შესაძლოა განვიხილოთ შუალედურ წლად, იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა, როგორც „ქართული ოცნების“, ისე წინა ხელისუფლების მმართველობის შედეგებს. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ 6 წელში (2014-2019 წლებში) აბსოლუტური სიღარიბე 6.7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, რაც 2011-2012 წლების მაჩვენებელზე ნაკლებია.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: საქსტატი; ავტორის გამოთვლები

სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრისას, უნდა განვიხილოთ Unicef-ის „მოსახლეობის კეთილდღეობის“ 2017 წლის კვლევის შედეგებიც. აღნიშნული კვლევის შედეგები ოფიციალური ვერსიით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილეს, რასაც იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა.

იუნისეფი „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევას“ ორ წელიწადში ერთხელ, 2009 წლიდან ატარებს, ბოლო კვლევა 2017 წლის მონაცემებს ასახავს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს (რაც თვეში ერთ ზრდასრულ პირზე დაახლოებით 83 ლარს შეესაბამება). ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში (რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 165.5 ლარს შეესაბამება).

Unicef-ის მონაცემებით, 2011-2015 წლებში ზოგადი და უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები მცირდებოდა. 2017 წელს კი, 2015 წელთან შედარებით, ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი 18.4%-დან 21.7%-მდე გაიზარდა. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი კი გაზრდილია, როგორც 2015, ასევე 2013 წელთან შედარებითაც. (იხ. გრაფიკი 2).

გრაფიკი 11.2. უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები, 2009-2017 წლებში

წყარო: Unicef


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3399 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი