იტვირთება

Facebook-ში კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი შეთქმულების თეორია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, COVID-19 კარგად დაგეგმილი აფიორაა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიას შუასაუკუნეობრივი მეთოდებით ებრძვიან (იგულისხმება პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, თვითიზოლაცია), რისი საბოლოო მიზანიც მოსახლეობის შემცირება და ფარმაცევტული კომპანიების გამდიდრებაა.

პოსტის ავტორის აღნიშნული განცხადებები რუსულენოვან სტატიას ეფუძნება. სტატია სპეციალურად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ რუსულ საიტზე, Stoppanika.ru, გამოქვეყნდა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია თუ შეთქმულების თეორია ვრცელდება.

სტატია მეტწილად ვინმე ლარი რომანოფის განცხადებებს ეყრდნობა, რომლის თანახმად, ჯანმო საერთაშორისო კრიმინალური დაწესებულებაა, რომელთაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის ლაბორატორიებში, ხელოვნურად შექმნაში მიუძღვით წვლილი. მისივე განცხადებით, ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ მათი [ჯანმოს] მიზანი მოსახლეობის მასობრივი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ ლარი რომანოფს კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით არაერთი ურთიერთგამომრიცხავი თეორია აქვს. მაგალითად, რომანოფი მარტში წერდა, რომ კორონავირუსი ვუჰანში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩაიტანეს, რასაც პენტაგონმა ცრუ და აბსურდული შეთქმულების თეორია უწოდა.

კორონა აფიორასა და ვირუსის ხელოვნურად წარმოშობასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციებზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. გავრცელებული დეზინფორმაციების გასაქარწყლებლად, 2020 წლის მარტში ათობით მეცნიერმა ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. მეცნიერების მტკიცებით, COVID-19-ის წარმოშობას ბუნებრივი საფუძვლები აქვს და, შესაბამისად, ვირუსი ბიოინჟინერიის პროდუქტი არაა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსების ხელოვნურად შექმნის შესახებ შეთქმულების თეორიები სხვა დროსაც გავრცელებულა, კერძოდ, 2002 წელს, SARS-ის ეპიდემიის, ხოლო 2009 წელს H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის შესახებ არსებული მოსაზრება მეცნიერთა მიერ უკუგდებულია - აკადემიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ცხოველებში, დიდი ალბათობით, ღამურებში წარმოიშვა. შესაბამისად, მტკიცება, რომ COVID-19-ის მეშვეობით მსოფლიოს მოსახლეობის შემცირება იგეგმება, შეთქმულების თეორიაა და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

გარდა ამისა, ლარი რომანოფი ჯანმოს არა მარტო კორონავირუსის გავრცელებაში, არამედ მასთან დაკავშირებული ფარმაცევტული კომპანიების ვაქცინებით გამდიდრებაში ადანაშაულებს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კი, რომანოფის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის მოწინააღმდეგეები ათეული წლებია, არსებობენ და მასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები მორიგი ვირუსის გამოჩენისთანავე ხელახლა ვრცელდება. ყველაზე მასშტაბურად გავრცელებული დეზინფორმაციის თანახმად, ვაქცინა გენური ინჟინერიით იქმნება და სათანადო კვლევებს არ გადის, რაც ადამიანის სიკვდილს და დნმ-ის ცვლილებას იწვევს.

ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სატესტო რეჟიმშია და არც ერთი მათგანი არ არის დამტკიცებული. ამ ეტაპზე ვაქცინა მხოლოდ რუსეთმა დაამტკიცა. რუსული ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით კი შეკითხვები ნამდვილად არსებობს და მას კლინიკური კვლევების მესამე ფაზა ჯერჯერობით არ გაუვლია. აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში გაეცნოთ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც გამოცდის სხვადასხვა ეტაპზეა, ადამიანის დნმ-ს არ ცვლის. ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ.

მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა გაცილებით მეტ ადამიანს (რამდენიმე ასეულს) უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება, რათა მისი უსაფრთხობა და ეფექტიანობა დადასტურდეს. გარდა ამისა, ამ ფაზაში იშვიათი გვერდითი მოვლენების გამოვლენა ხდება. მესამე ფაზის გამოცდები საკონტროლო ჯგუფსაც მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ. ასევე აღსანიშნავია, რომ ამერიკული და ბრიტანული ვაქცინების შესახებ ინფორმაცია და შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომია. შესაბამისად, მტკიცება, რომ ვაქცინა ფარმაცევტული კომპანიების გამდიდრებას და მოსახლეობის შემცირებას ისახავს მიზნად, შეთქმულების თეორიაა და ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.


მსგავსი სიახლეები

3399 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი