იტვირთება

კობა გვენეტაძე: საქართველოში საპროცენტო განაკვეთები რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით კობა გვენეტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური რისკები, როგორც განვითარების დონესთან, ასევე ქვეყნის შიგნით თუ რეგიონში მიმდინარე პროცესებთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვან როლს რუსეთთან გადაუწყვეტელი კონფრონტაციაც თამაშობს, რაც გადაჭრას, საღი აზრის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში არ ექვემდებარება. შესაბამისად, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, რისკები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას, არსებითად მაღალია. დასახელებული რისკების კომპენსირების აუცილებლობა კი საპროცენტო განაკვეთის სიდიდეს პირდაპირ უკავშირდება. ამდენად, სანამ საქართველო ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით ევროპულ ქვეყნებს არ გაუთანაბრდება, ევროპული საპროცენტო განაკვეთი მიუღწევადი მიზანია. შესაბამისად, კობა გვენეტაძის შეფასება, რომ საპროცენტო განაკვეთი ევროპულ დონემდე მყისიერად ვერ შემცირდება, არსებულ რეალობას ზუსტად ასახავს.

რაც შეეხება საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთების მიმართებას შესადარისი ქვეყნების ჯგუფში არსებულ განაკვეთთან: IMF-ის მიერ განსაზღვრული რეგიონში, რომელიც საქართველოსაც მოიცავს, კიდევ 7 ქვეყანას - აზერბაიჯანი, თურქმენეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი - აერთიანებს. მათ შორის, თურქმენეთისა და ყაზახეთის მონაცემები უცნობია, ხოლო დანარჩენ 5 ქვეყანასთან შედარებით, 2009 წლიდან დღემდე, საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთი სესხზე ყველაზე დაბალია. ამავდროულად, საპროცენტო განაკვეთები სესხებზე ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე, საქართველოში შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

ანალიზი

საქართველოში გავრცელებულია შეხედულება, რომ საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მაღალია. მტკიცების გამყარება კი, როგორც წესი, ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით ხდება. აღნიშნულ მოსაზრებას ცალკეულ პოლიტიკოსთა პოპულისტური განცხადებები და არარეალისტური დაპირებებიც ასაზრდოებს, რომ „სწორი პოლიტიკის“ გატარებით საპროცენტო განაკვეთები საქართველოში შესაძლებელია, მოკლე დროში ევროპულს დაუახლოვდეს. მოცემულ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპროცენტო განაკვეთების მყისიერად შემცირება ევროპული საპროცენტო განაკვეთის დონეზე შეუძლებელია, საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთები კი, რეგიონში ყველაზე დაბალია.

საპროცენტო განაკვეთი არის „ფასი“ იმ სახსრებისა, რომელსაც კრედიტორი (გამსესხებელი) დებიტორს (მსესხებელს), დაბრუნების პირობით. დროებით სარგებლობაში გადასცემს. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთის კომპონენტებს (თუ რისგან შედგება განაკვეთი), განაკვეთი მინიმუმ მოიცავს გამსესხებლის სარგებელს, პროცენტს, რომლის სანაცვლოდაც მზადაა, საკუთარი ფული სარგებლობაში სხვას გადასცეს. ამ დროს მხედველობაში მისაღებია ის დაშვება, რომ სესხის ვადის ამოწურვისას გამსესხებელმა, დამატებითი ძალისხმევისა და ხარჯების გაწევის გარეშე, ზუსტად იმ ღირებულების აქტივი უნდა დაიბრუნოს, რაც მსესხებელს სესხის გაცემისას გადასცა. რეალობაში მსგავსი პირობა დაცული არ არის და სესხის გაცემისას სახსრების ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვის არაერთი რისკი არსებობს (მაგ. ინფლაცია - ფასების დონის ზრდიდან გამომდინარე დაბრუნებული სახსრები უფასურდება გადაცემულთან შედარებით; ქვეყნის სუვერენული რისკი - შესაძლო პოლიტიკური არასტაბილურობის, საომარი მოქმედებების ან/და ეკონომიკის კოლაფსით გამოწვეული რისკები და სხვ.).

შესაბამისად, გარდა მისაღები სარგებლისა, გამსესხებლისათვის მნიშვნელოვანი ამ დამატებით არსებული რისკების კომპენსირებაცაა. გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთმა სწორედ ეს უნდა უზრუნველყოს (მისაღები სარგებელი/პროცენტი იმ ნიშნულამდე უნდა გაიზარდოს, რომ გამსესხებელს გარისკვად [1] უღირდეს). გასესხება საკუთარ თავში ვერ დაბრუნების, გასესხებული სახსრების დაკარგვის რისკს ყოველთვის მოიცავს, რაც განსხვავებულია, როგორც ინდივიდუალური მსესხებლის, ასევე ზოგადად, ცალკეული ქვეყნების მიხედვითაც. აღნიშნული რისკი პირდაპირ საპროცენტო განაკვეთის სიდიდეში აისახება. მარტივად რომ ითქვას, რაც უფრო მაღალია გასესხებული სახსრების დაკარგვის რისკი, საპროცენტო განაკვეთი მით უფრო მაღალია. მაგ. იპოთეკურ სესხებზე, სადაც სახსრების დაკარგვის რისკი ნაწილობრივ უძრავი ქონებით უზრუნველყოფით არის დაზღვეული, საპროცენტო განაკვეთი უფრო დაბალია, ვიდრე არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში, სადაც გასესხებული სახსრების სრულად დაკარგვის რისკი გაცილებით მაღალია.

გარდა უშუალოდ სასესხო ხელშეკრულების სახისა, რისკის პრემიაზე, როგორც ითქვა, არაერთი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი, მათ შორის - მთლიანად ქვეყნის (ქვეყანაში ინვესტირების) სუვერენული რისკი მოქმედებს. ბუნებრივია, საქართველოს შიდა თუ გარე პოლიტიკური და რეგიონში არსებული ვითარებით გამოწვეული რისკები გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყნის შემთხვევაში. შესაბამისად, რისკი, გამსესხებელმა საქართველოში გასესხებული სახსრები დაკარგოს, უფრო მაღალია, ვიდრე ევროპულ ქვეყანაში. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, გაზრდილი რისკის საკომპენსაციოდ, საქართველოში უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირდება. შესაბამისად, სანამ საქართველო ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობით ევროპულ ქვეყნებს არ გაუთანაბრდება, გამსესხებლის რისკი და, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები ევროპულს ვერ გაუთანაბრდება . აღნიშნულის მიღწევა, მოკლე ვადაში, საღი აზრის ფარგლებში, შეუძლებელია (გატარებული პოლიტიკის „სისწორის“ მიუხედავად) და ამგვარი დაპირებები პოპულისტურია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მსჯელობა, რამდენად მაღალია ან დაბალი ქვეყანაში არსებული განაკვეთები, რელევანტურია, მეტ-ნაკლებად შესადარისი ქვეყნების მაჩვენებლებთან მიმართებით იქნას განხილული და არა არსებითად განსხვავებული კონიუნქტურის პირობებში ჩამოყალიბებულ განაკვეთთან მიმართებით, როგორიცაა ევროპული ქვეყნების მონაცემები. თავის განცხადებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოში არსებულ განაკვეთებს რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით განიხილავს. თავისთავად რეგიონი ბუნდოვანი ტერმინია და როგორც წესი, უცნობია, თუ ქვეყნების რომელ ჯგუფზე საუბრობენ განცხადების ავტორები. მოცემულ შემთხვევაში, კობა გვენეტაძემ „ფაქტ-მეტრთან“ კომუნიკაციის დროს დააზუსტა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ განსაზღვრული რეგიონი იგულისხმა, რაც რელევანტური შესადარისი ჯგუფია მასში გაერთიანებული ქვეყნების მახასიათებლებიდან გამომდინარე. IMF საქართველოს განიხილავს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის (Middle East and Central Asia) ქვეყნების ჯგუფის, ქვეჯგუფში - „კავკასია და ცენტრალური აზია“, სადაც საქართველოს გარდა ერთიანდება: აზერბაიჯანი, თურქმენეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.

განსხვავებულ ქვეყნებში განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება, განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს და საკრედიტო ბაზარიც თავისებურებებით ხასიათდება, ამავდროულად, განაკვეთი სესხებზე ვადიანობის, უზრუნველყოფის, მსესხებლისა თუ სახელშეკრულებო პირობების მიხედვით განსხვავდება. შესაბამისად, შესადარისი მონაცემების აღება ნედლი სახით, შეცდომაში შემყვანია. მეტ-ნაკლებად სანდო წყაროს მსოფლიო ბანკის მონაცემები წარმოადგენს, სადაც საერთო მეთოდოლოგიით შერჩეული მონაცემების საფუძველზე ქვეყნდება შესაბამისი მონაცემები განსხვავებული ქვეყნებისათვის. [2] მოცემულ შემთხვევაში, შერჩეული ჯგუფიდან მონაცემები მხოლოდ 6 ქვეყნის შემთხვევაში [3] არის ხელმისაწვდომი, თურქმენეთისა და ყაზახეთის შემთხვევაში კი, მსოფლიო ბანკი მონაცემებს არ აქვეყნებს.

გრაფიკი 1. საპროცენტო განაკვეთი სესხზე 2003-2019 წლებში

წყარო: მსოფლიო ბანკი

როგორც გრაფიკიდან ჩანს საქართველოში სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირების ტენდენციით ხასიათდება მთელ პერიოდზე (აღნიშნულ საკითხზე იხ. ბმული1; ბმული2). 2009 წლიდან დღემდე კი, საქართველოში არსებული საპროცენტო განაკვეთი რეგიონის დანარჩენი ქვეყნების [4] ანალოგიურ მაჩვენებლებთან მიმართებით, პერმანენტულად ნაკლებია. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება არის - მეტწილად სიმართლე.

1.კომერციული ბანკი, როგორც შუამავალი, თავად გამოდის გამსესხებელიც და მსესხებელიც. შესაბამისად ის ერთი მხრივ დეპოზიტის მიღებისას იხდის მაღალ ფასს (განაკვეთი), მეორე მხრივ როგორც გამსესხებელი იძულებულია ეს ტვირთი გადააბაროს უკვე მის მსესხებელს.

2. აღნიშნული მონაცემებიც არ არის სრულად ჰომოგენური, თუმცა შესადარისობის უფრო მაღალი დონით გამორჩეული მონაცემები ჩვენთვის ხელმიუწვდომელია.

3. უზბეკეთის შემთხვევაში 2013 წლიდან.

4. თურქმენეთისა და ყაზახეთის გარდა. მოცემული ქვეყნების შემთხვევაში შესადარისი მონაცემი ხელმისაწვდომი არ არის.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3399 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი