იტვირთება

პანდემიამ, სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებთან ერთად, საგანმანათლებლო სისტემაშიც ბევრი პრობლემა შექმნა. აჭარის სკოლებში გაკვეთილები კვლავაც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. მართალია, მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ რეგიონში ვირუსი კვლავაც მძვინვარებს. ამიტომ, როდის მიუსხდებიან მოსწავლეები საკლასო მერხებს, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. განათლების სისტემა ამტკიცებს, რომ ახალ გამოწვევას სკოლები ღირსეულად შეხვდნენ, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც დღემდე მოუგვარებელია. მათ შორის ის, რომ მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს, დღემდე არ აქვს საშუალება, საგაკვეთილო პროცესში ჩაერთოს.

განათლების სისტემის გამოწვევებსა და დისტანციური სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე „ფაქტ-მეტრს“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამთა კვარაცხელია ესაუბრა.

- ქალბატონო თამთა, რომელია ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც სკოლები დისტანციურმა სწავლებამ დააყენა?

- სწავლების პროცესის შეფერხება, ხარისხის გაუარესება, განათლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები... არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მოსწავლე დარჩა საგაკვეთილო პროცესის მიღმა. ერთიც რომ იყოს, სამწუხაროა და შემაშფოთებელი, რადგან ახლა გამოჩნდა, რომ სიღარიბე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ბარიერი ყოფილა, რომ განათლების ხელმისაწვდომობა მითია. სკოლები, აგრეთვე, უნდა დაფიქრდნენ ადამიანურ რესურსებზეც: რამდენი მასწავლებელი ფლობს ტექნოლოგიებს... საჭირო გახდა პროგრამებისა და კურიკულუმების მოდიფიკაცია, რესურსების, სასწავლო მეთოდების, მიდგომების გადარჩევა.

- გასული სასწავლო წლის ბოლოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იყო მოულოდნელი და შესაბამისად, სკოლები ნაკლებად იყვნენ მზად ამ სიახლისთვის. თუ გაითვალისწინა განათლების სისტემამ და სახელმწიფომ არსებული სიტუაცია და თუ მიმართა მეტი რესურსი იმისკენ, რომ 2020-2021 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი უფრო ხარისხიანად წარმართულიყო?

- ძალიან მოულოდნელი იყო სკოლებისთვის ვითარების ამგვარი შემოტრიალება, ეს იყო შოკის მსგავსი რეაქცია, ამიტომ, ოღონდ სისტემა არ ჩამოშლილიყო, სახელმწიფომ მასწავლებელს მისცა საშუალება, როგორც უნდოდა, როგორც ხელეწიფებოდა, იმგვარად წარემართა სასწავლო პროცესი, არ შეზღუდა ერთი რომელიმე პლატფორმით და მასწავლებლებმაც აითვისეს: zoom, feedc, messenger, facebook-ში შეიქმნა სასწავლო ოთახები... წარმოუდგენლად დიდი მუშაობა გასწია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ, რომელმაც გამართა და სკოლებს შესთავაზა სასწავლო პლატფორმა Teams, შეიქმნა ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის ელექტრონული ფოსტა, პაროლები, შეიქმნა ყველა კლასისთვის სასწავლო ჯგუფები... სექტემბრიდან კი სკოლების უმრავლესობამ აითვისა ეს სასწავლო პროგრამა და მუშაობს მასში. გარდა ამისა, ტელე-სკოლა გამოჩნდა ჩვენს სატელევიზიო სივრცეში და გაჩნდა იმის მოლოდინიც, რომ სხვა დროსაც, პანდემიის შემდეგ, ექნებათ ჩვენს მოსწავლეებს კარგი, მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო სივრცე.

- ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი, რომ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი სასწავლო პროცესში ვერ ერთვება, მათ შორის, გაუმართავი ტექნიკის ან ტექნიკის საერთოდ არქონის გამო. რა უნდა გაკეთებულიყო ამ მიმართულებით, ან უნდა გაკეთდეს მომავალში, რომ მსგავს გამოწვევებს უფრო მომზადებული შეხვდეს სისტემა?

- საერთაშორისო კვლევის თანახმად, პანდემიის პირობებში განვითარებული ქვეყნების მოსწავლეთა 20% და განვითარებადი ქვეყნების მოსწავლეთა 68 % დარჩა განათლების მიღმა. ეს მრუმე სურათია. თუ სოციალური სიტუაცია არ გამოსწორდება, თუ სიღარიბე არ დაიძლევა, ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემა მოსწავლეებისთვის ან ინტერნეტის ყიდვა იქნება კარგი, თუმცა, არა ის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოფხვრის ამ პრობლემებს. სახელმწიფოს შეუძლია შეამსუბუქოს მდგომარეობა იმით, რომ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის ინტერნეტი გახადოს ხელმისაწვდომი ან ათხოვოს, გადასცეს სკოლის კომპიუტერული ტექნიკა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ვაღიაროთ, რომ სიღარიბე ამუხრუჭებს ადამიანის განვითარებას, მის სრულფასოვან განათლებას, თუნდაც ჩვეულებრივ დროს, პანდემიის გარეშე.

- პრობლემა აქვს არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლების ნაწილსაც. ძირითადად, რა უქმნის მასწავლებლებს ამ პრობლემებს და როგორ უნდა გადაილახოს ისინი?

- მასწავლებლების ნაწილს მიაჩნდა, რომ სრულფასოვანი განათლების მისაცემად ტექნოლოგიები და ელექტრონული, ციფრული რესურსები არ იყო აუცილებელი. მათ მიიჩნევდნენ დამხმარე რესურსებად და ჰქონდათ, გარკვეულწილად, შიშიც ტექნოლოგიებისა, ამიტომ ნაკლებად იყენებდნენ საგაკვეთილო პროცესში. არც იყო მოთხოვნა მოსწავლეების, ადმინისტრაციის ან მშობლების მხრიდან, რომ მასწავლებელს აუცილებლად გამოეყენებინა ციფრული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, ამიტომ მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პროცესი გაუმჯობესებისკენ ნელა, მაგრამ მაინც მიიწევს. ახლა მასწავლებლებს სჭირდებათ მხარდაჭერა ტრენინგების, გადამზადების სახით, რომ გაიუმჯობესონ თავიანთი უნარები ტექნოლოგიებში.

- ჩაუტარდათ მასწავლებლებს ონლაინტრენინგები ტექნიკასთან ურთიერთობისა და ონლაინგაკვეთილის წარმართვის თავისებურებებთან დაკავშირებით და თუ ჩატარდა, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა?

- ტრენინგები ახლაც ტარდება და საკმაოდ ეფექტიანია. მაინც მასწავლებლის მონდომებასა და უნარებზეა დამოკიდებული შედეგი, აგრეთვე, როცა საკლასო ოთახებში განახლდება პროცესი, ტექნოლოგიების გამოყენება უნდა იყოს გარკვეულწილად სავალდებულო, ვინაიდან 21-ე საუკუნის მოსწავლე ითხოვს ამას და წიგნი არ არის მისთვის ერთადერთი სასწავლო რესურსი, უფრო სახალისო რამეები უნდა შევთავაზოთ.

- რამდენად ხერხდება, რომ ონლაინგაკვეთილი იყოს ინტერაქტიული და მოსწავლემ თავისი ცოდნის გამოვლენა ან ცოდნის მიღება მაქსიმალურად შეძლოს?

- ყველაფერი ფარდობითია. ესეც მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულებებზე, უნარებზეა დამოკიდებული. გვინახავს სასწავლო სივრცეში ჩატარებული ერთფეროვანი, ლექციური სტილის გაკვეთილები და, ამავე დროს, ონლაინსივრცეში ჩატარებული ინტერაქტიური გაკვეთილებიც. მთავარია ეფექტურად დაიგეგმოს გაკვეთილები და მასწავლებელმა შექმნას თანამშრომლობითი გარემო.

- ვინ უწევს მონიტორინგს ონლაინსწავლების პროცესს?

- მონიტორინგს უნდა უწევდეს დირექცია, ვინაიდან დირექტორი არის პასუხისმგებელი სასწავლო პროცესზე, ხარისხიანი გაკვეთილების ჩატარებაზე, მოსწავლეების აკადემიურ დონეზე. მონიტორინგიც გართულდა, თუმცა სხვადასხვა გზით შეიძლება დაკვირვება და შეფასება მიმდინარე პროცესზე, ეს შეიძლება იყოს ონლაინდასწრება გაკვეთილებზე, მასწავლებელთა თვითშეფასება და მოსწავლეების, მშობლების გამოკითხვა, ინტერვიუები...

- ფაქტია, რომ ზოგ მშობელსაც არ აქვს ის უნარები, რომლებიც საჭიროა პროცესში მისი მაქსიმალურად ჩართვისთვის. რა რეკომენდაციები გექნებათ თქვენ ამ მიმართულებით?

- მშობელს, ჩვენს სიტუაციაში, ბევრს ვერაფერს მოვთხოვთ, ისევ და ისევ მძიმე სოციალური პირობების გამო. ფაქტობრივად, მშობლები ფიზიკურად ვერ არიან შვილების გვერდით და თუ არიან, შესაძლოა, ვერც ეხმარებოდნენ. საერთოდ, მშობლების ჩართულობას შვილების სასწავლო პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი აკადემიური მოსწრებისთვის. რადგან ეს ხშირად არ ხერხდება, სკოლამ უნდა აიღოს თავზე მშობლების ინფორმირებულობა, ე.წ. მათი პედაგოგიზაცია და მათი ჩართულობის გაზრდაც.

- ბათუმისა და მუნიციპალიტეტების დაბების პირობებში დისტანციური სწავლება, ინტერნეტიზაციის გათვალისწინებით, შედარებით ნაკლები პრობლემებით მიმდინარეობს. გაცილებით რთულად დგას საკითხი იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებშიც ინტერნეტის პრობლემაა. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ უფრო მეტი ადამიანი გახადა გადახდისუუნარო. რა უნდა ქნას ამ დროს სახელმწიფომ, როგორ შეამციროს რისკი, რათა დისტანციურ სწავლებაზე მოსწავლეების მაქსიმალურ რაოდენობას მიუწვდებოდეს ხელი?

- მაღალმთიან რაიონებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა, შესაძლოა სკოლამ, საკრებულომ ,,ათხოვოს“ მოსწავლეებს გაჯეტები, შეუძინოს სახელმწიფომ ინტერნეტი ან გარკვეული შეღავათები დააწესოს.

- ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენთან ჯერაც ნაკლებად პოპულარულია, მით უფრო, რეგიონებში. ხომ არ გაქვთ დადებითი მაგალითის შესახებ ინფორმაცია?

- სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია. სკოლებს შეუძლიათ ამ მხრივაც გაშალონ საქმიანობა და წარმატებულ კურსდამთავრებულებს ან თემში არსებულ მდიდარ ადამიანებს სთხოვონ დახმარება, რომ მათ აიღონ თავზე რომელიმე მოსწავლის პრობლემების მოგვარება.

- გარდა პრობლემებისა, ამ გამოწვევას პოზიტივიც ახლავს. მაგალითად: მაღალმთიან სოფლებში, სადაც საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ზამთარში მოსწავლეები სკოლებში ვერ დადიან. დისტანციური სწავლება კი მათთვის საუკეთესო გამოსავალია. ასევე - გარკვეული კატეგორიის შშმ პირებისთვის. კიდევ რა დადებითი მხარე აქვს ამ სიახლეს?

- საერთოდ, ვფიქრობ, დისტანციური სწავლება კარგი იქნება იმ შემთხვევაშიც, როცა მოსწავლე ავადმყოფობის ან რაიმე სხვა პრობლემის გამო ვერ ცხადდება სკოლაში. შესაძლებელია, თუნდაც, მასწავლებელი ატარებდეს გაკვეთილს ონლაინრეჟიმში, როცა თავად ვერ ესწრება გაკვეთილს; მიმაჩნია, რომ, გარკვეული სახით, მაგალითად, ჩათვლები, საშინაო დავალებები, შემაჯამებელი დავალებები შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული სახით... როგორც ვხედავთ, დისტანციურმა სწავლებამ ის შედეგიც მოიტანა, რომ მასწავლებლებმა ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობა დაინახეს და აღიარეს. თუმცა, მრავალი უარყოფითი რამ სდევს დისტანციური სწავლების პროცესს: გაჯეტებს მიჯაჭვული ადამიანები, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, სხვადასხვა დაავადება და ა.შ.

- დისტანციურ სწავლებას გარკვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებიც ახლავს. მაგალითად: საკლასო ოთახში მასწავლებელი და მოსწავლეები ერთმანეთთან სხვების თანდასწრების გარეშე ურთიერთობენ, ვირტუალური გაკვეთილების დროს კი, ხშირ შემთხვევაში, ესრებიან მშობლები, მასწავლებლის ოჯახის წევრ(ებ)ი, ან ოთახი, საიდანაც ერთვებიან, არ არის იზოლირებული და ვერ იქმნება გაკვეთილისთვის შესაბამისი გარემო. უშლის, თუ - არა ეს ხელს ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარებას?

- არის გარკვეული ხელისშემშლელი პრობლემები, მაგრამ დადებითი და პოზიტიურიც ახლავს ამ პროცესს: ოჯახმა, მშობელმა აღიარა მასწავლებელი, სკოლა და მათი მნიშვნელობა შვილის აღზრდის საქმეში. გარდა ამისა, მათ უკეთ დაინახეს თავიანთი შვილების შესაძლებლობებიც.

- რომელი საგნის გაკვეთილების დისტანციურად ჩატარებაა ყველაზე რთული და ნაკლებეფექტიანი?

- არც ერთ საგანს არ/ ვერ გამოვყოფდი. პრინციპში, ყველა საგნის ჩატარება შეიძლება ონლაინ. თუნდაც - სპორტისა, თავისი ვარჯიშების ჩვენებით, სახალისო ვიდეორგოლების შექმნითა და დემონსტრირებით.

- კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში მოსწავლეების ცოდნის დონე საკმაოდ დაბალია. ასევე ხშირად კრიტიკულად ფასდება მასწავლებლების მომზადების დონეც. თუ 10-ბალიან სისტემას ავიღებთ, რამდენი შეიძლება იყოს საქართველოში დისტანციური სწავლებით მიღებული ცოდნის, ასევე - მასწავლებლების მიერ ჩატარებული დისტანციური გაკვეთილებიც საშუალო დონე?

- ორივე შემთხვევაში შევაფასებდი 5 ქულით. ეს ის ქულაა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ ავითვისეთ ესა თუ ის დისციპლინა, გადავლახეთ ზღვარი, მაგრამ ეს არ არის ხარისხიანი განათლება, რომელიც კონკურენციის პირობებში გაგვამარჯვებინებს. მინდა, ბევრი ახალგაზრდა მებრძოლი, რევოლუციური სულისკვეთების მასწავლებელი მოვიდეს სისტემაში, რათა ჩვენ, ძველები, კარგად შეგვანჯღრიოს და მერე ერთად ვისწავლოთ.


მსგავსი სიახლეები

3391 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი