იტვირთება

ანალიზი

სოციალურ ქსელში ყალბი ამბავი გავრცელდა, თითქოს 2008 წლის სტატიაში „ესპანური გრიპის“ შესახებ ენტონი ფაუჩი (აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი) წერდა, რომ „ესპანური გრიპის“ მსხვერპლთა უმრავლესობა „ესპანური გრიპის“ ეპიდემიისგან“ სულაც არ გარდაცვლილან, არამედ „ისინი ბაქტერიულმა პნევმონიამ იმსხვერპლა“, რაც, თავის მხრივ, პირბადეების ტარებამ გამოიწვია. ინფორმაციის წყაროდ ანნა ვონ რეიცია დასახელებული. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კვლევა - „ბაქტერიული პნევმონიის წამყვანი როლი, როგორც პანდემიური ინფლუენცას დროს გარდაცვალების მიზეზი: დასკვნები პანდიმიური ინფლუენცასთვის მზადყოფნაზე“ – 2008 წელს გამოქვეყნდა და მისი ავტორები დევიდ მორენსი, ჯეფერი ტაუბენბერგერი და ენტონი ფაუჩი არიან. კვლევა ინფლუენცას პანდემიასთან დაკავშირებული გარდაცვალებების მიზეზებს ეხება. კვლევის ფარგლებში, ინფორმაცია ანტიბიოტიკების გამოყენების ერამდე მომხდარი უახლესი ინფლუენცას პანდემიიდან (1918-1919 წლების „ესპანური გრიპის“ პანდემია) გაანალიზეს. კვლევის ფარგლებში, პანდემიისას გარდაცვლილი ადამიანების ფილტვის ქსოვილის პათოლოგიური და ბაქტეროლოგიური მონაცემები, შეისწავლეს.

კვლევის დასკვნის მიხედვით, 1918-1919 წლების ინფლუენცას პანდემიის დროს გარდაცვალებათა უმრავლესობა უშუალოდ მეორადი ბაქტერიული პნევმონიის შედეგი იყო, რაც საერთო ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიებმა გამოიწვია. სტატიის ავტორთა აზრით, მეორადი ბაქტერიული პნევმონიის პრევენცია, დიაგნოზირება, პროფილაქტიკა და მკურნალობა, ასევე ანტიბიოტიკებისა და ბაქტერიული ვაქცინების მომარაგება პანდემიებისთვის მზადებაში პრიორიტეტი უნდა იყოს. სტატია არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბაქტერიულ პნევმონიას პირბადის ტარება იწვევს, როგორც ეს გავრცელებულ ყალბ ამბავშია წარმოჩენილი. მეტიც, „პირბადე“, ფაუჩის თანაავტორობით 2008 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, საერთოდ არაა ნახსენები.

Reuters-ის მიხედვით, აღნიშნული ყალბი ამბის პირველწყარო Twitter-ზე გავრცელებული ინფორმაციაა, თუმცა ინფორმაციის ავტორმა კომენტარებში განმარტა, რომ ბაქტერიულ პნევმონიასა და პირბადეებს შორის კავშირი, მისივე სტატიას ემყარებოდა და არა ენტონი ფაუჩის კვლევას. თუმცა მის სტატიას კოლეგიალური შემოწმება (დამოუკიდებელი პროფესიონალების შემოწმება სტანდარტების დადგენის მიზნით) არ აქვს გავლილი და ResearchGate-მა დასახელებული სტატია მისი საიტიდანაც კი წაშალა.

მოცემული ყალბი ამბავი პირბადის ტარების საწინააღმდეგოდ გავრცელებული დეზინფორმაციის მაგალითია.

უახლესი სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა, იყოს არაკომფორტული, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს. პირბადის ტარებისას დისკომფორტი სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით არის გამოწვეული.

COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი, აუცილებელი ხელების ჰიგიენა და სოციალური დისტანციის დაცვაა. პირბადეებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის, მისი გამოყენების აუცილებლობისა და მოხმარების სწორი წესების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.


მსგავსი სიახლეები

3391 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი