იტვირთება

გიორგი კანდელაკი: მუნიციპალურ ა(ა)იპებში თანამშრომელთა და ხელფასების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით არის 300%-ით გაზრდილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: ჩვენ 19 მუნიციპალიტეტის ა (ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები, 2012 და 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, განვიხილეთ. აღნიშნული მონაცემებით, 19-ვე მუნიციპალიტეტის ა (ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასებიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ყველაზე მეტი ზრდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არის დაფიქსირებული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 388 %-ით, შრომით ანაზღაურება კი 519%-ით არის გაზრდილი. ყველაზე ნაკლები ზრდა კი ხობის მუნიციპალიტეტშია (შესაბამისად, 17% და 62%). დედოფლისწყაროს ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა, 2012 წელთან შედარებით, 2019 წელს 10%-ით არის შემცირებული, სამაგიეროდ, შრომის ანაზღაურება 243%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა 57%-იანი ზრდაა მარტვილში, შრომის ანაზღაურება კი 304%-ით არის გაზრდილი. სენაკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა 177%-ით გაიზარდა, შრომის ანაზღაურება კი მხოლოდ 47%-ით. ჯამში, 19 მუნიციპალიტეტში, 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 279%-ით, შრომის ანაზღაურება კი - 283%-ით არის გაზრდილი.

მართალია, ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობის და ხელფასების 300%-იანი ზრდა ყველა განხილულ მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება, თუმცა აღნიშნული მონაცემები ყველაგან გაზრდილია და საკმაოდ სოლიდურადაც. აქედან გამომდინარე, გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა მუნიციპალურ ა(ა)იპებში დასაქმებულთა ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა (6 წთ): „ მუნიციპალურ ა(ა)იპებში თანამშრომელთა და ხელფასების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით არის 300%-ით გაზრდილი“.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით (თავი I, მუხლი 20), მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, თავიანთი საქმიანობის კოორდინაციის და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირები დააფუძნონ ან/და გახდნენ მისი წევრები. თავის მხრივ, ა(ა)იპებს უფლება აქვთ, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სფეროში ორგანიზება გაუწიონ ერთობლივ ღონისძიებებს, მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონპროექტების წინასწარ განხილვასა და კონსულტაციებში, ითანამშრომლოს ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის საერთაშორისო კავშირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, რეალურად, მუნიციპალური ა(ა)იპები საჯარო ფუნქციებს ასრულებენ და პრაქტიკულად საჯარო დაწესებულებებს წარმოადგენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება კონკურსის გამოცხადებას არ ითვალისწინებს და ხელმძღვანელი პირი, საკადრო გადაწყვეტილებებს, პრაქტიკულად ერთპიროვნულად იღებს.

მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების რაოდენობის ზრდა და შესაბამისად, მათში დასაქმებული პირების რაოდენობის და მათი შრომის ანაზღაურების ზრდა, ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ჩვენ ქვემოთ 19 მუნიციპალიტეტის მაგალითზე განვიხილავთ 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი ანაზღაურება, რამდენად გაიზარდა.

ცხრილი 1: მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები 2012, 2019 წლებში

წყარო: მუნიციპალიტეტების ოფიციალური ინფორმაცია

როგორ მონაცემებიდან ჩანს, 2012 წელთან შედარებით, 2019 წელს, 19-ვე მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისად, მათი შრომის ანაზღაურება, საკმაოდ სოლიდურად არის გაზრდილი. ყველაზე მეტი ზრდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არის დაფიქსირებული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 388 %-ით, შრომით ანაზღაურება კი 519%-ით არის გაზრდილი. ყველაზე ნაკლები ზრდა კი ხობის მუნიციპალიტეტშია (შესაბამისად, 17% და 62%). დედოფლისწყაროს ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა, 2012 წელთან შედარებით, 2019 წელს 10%-ით არის შემცირებული, სამაგიეროდ, შრომის ანაზღაურება 243%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა 57%-იანი ზრდაა მარტვილში, შრომის ანაზღაურება კი 304%-ით არის გაზრდილი. სენაკის მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა 177%-ით გაიზარდა, შრომის ანაზღაურება კი - მხოლოდ 47%-ით და ა.შ.

საქართველოში არსებული უმუშევრობის ფონზე, მუნიციპალიტეტებში დასაქმების ძირითადი წყარო თვითმმართველობებია, თუმცა ხშირ შემთხვევაში არასაჭიროებისამებრ და არამიზნობრივად შექმნილი ა(ა)იპები და მათში დასაქმებულთა მზარდი რაოდენობა, მუნიციპალიტეტების ისედაც მცირე ბიუჯეტებს, მძიმე ტვირთად აწვება.

განხილულ მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა და ხელფასები ყველგან გაზრდილია, თუმცა არა 300 %-ით. აქედან გამომდინარე, გიორგი კანდელაკის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3586 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
ყალბი ამბავი
8%

ყველაზე კითხვადი