იტვირთება

ანალიზი:

2020 წლის 7 დეკემბერს, თვალსაზრისმა გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით - „მამა კლეომენი: ,,წინ აღვუდგეთ ხარაგმას (დაჩიპვას) და, ახალი მსოფლიო წესრიგის – ანტიქრისტეს -გეგმებს 666-ს! ფრთხილად და ყურადღებით!!!“. სტატია ბერძენი მამა კლეომენის ვიდეოზეა დაფუძნებული, რომელშიც იგი საყოველთაო ვაქცინაციით დაჩიპვასა და ლუციფერინის შეყვანაზე, ვაქცინებით დნმ-ის შეცვლასა და 5G-ის მავნებლობის შესახებ საუბრობს. სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

სტატიის მიხედვით, ვაქცინები ლუციფერინს შეიცავს, რომლის მეშვეობითაც დგინდება არის, თუ - არა, ადამიანის ორგანიზმში ჩიპი. აღნიშნული მტკიცება მცდარია.

ბიოქიმიაში ლუციფერინი ორგანული ნაერთის სახელწოდებაა და მისი დაჟანგვა ფერმენტ ლუციფერაზას არსებობისას სინათლეს წარმოქმნის. ლუციფერინები ერთმანეთისგან ქიმიური სტრუქტურით განსხვავდება. მაგალითად, შუქმფენი ბაქტერიების ლუციფერინი სრულიად განსხვავდება ციცინათელასგან. თითოეული ტიპის ლუციფერინისთვის სპეციფიკური ლუციფერაზა არსებობს. შესაბამისად, ლუციფერაზა უვნებელი ფერმენტია, რომელიც დაჟანგვისას ანათებს. იგი ბუნებრივი სახით ციცინათელაში გვხდება.

ტეხასის სამედიცინო ცენტრის თანახმად, ლუციფერაზას COVID-19-ის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნის ვიზუალურად დასადასტურებლად იყენებდნენ. ცენტრის მტკიცებით, წინა მეთოდებთან შედარებით, აღნიშნულმა მეთოდმა დიაგნოზის დამუშავების დრო შესაძლოა, 12–ჯერ შეამციროს, რაც თავისთავად ვაქცინის ეფექტურობის სწრაფად შეფასების შესაძლებლობასაც გაზრდის. შესაბამისად, ვირუსოლოგები ფერმენტ ლუციფერაზას უფრო სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკური ტესტების შესაქმნელად, პოტენციური თერაპიის გასაანალიზებლად და თავად SARS-CoV-2 ვირუსის უფრო უკეთ შესასწავლად იყენებენ.

ლუციფერაზა უჯრედების საქმიანობის შესასწავლად COVID-19-ის ვირუსის გამოჩენამდე გაცილებით ადრე გამოიყენებოდა, მაგალითად სიმსივნური თერაპიის შედეგების დასადგენად. აღსანიშნავია, რომ ფერმენტი უჯრედის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს. შესაბამისად, ლუციფერინიც და მისი ფერმენტი ლუციფერაზაც უვნებელია.

პანდემიისა და ვაქცინებზე მუშაობის პირობებში, ვაქცინებთან და ლუციფერინთან დაკავშირებული კონსპირაცია აქტიურად გავრცელდა. მაგალითად, გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ლუციფერაზას საღებავით ქვეყნები შეამოწმებენ, თუ ვის აქვს ვაქცინაცია ჩატარებული. სინამდვილეში, 2019 წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) ლუციფერაზას ფერმენტის გამოყენებით პაციენტის MMR (measles, mumps, rubella - წითელა, ყბაყურა, წითურა) ვაქცინის ისტორიის დაფიქსირების ახალი გზა შეიმუშავა. MMR ვაქცინაციის ჩატარების დროს, ვაქცინასთან ერთად კანქვეშ თვალისთვის შეუმჩნეველი ლუციფერაზას საღებავი შეჰყავთ. ამ მეთოდის მეშვეობით ვაქცინაციის ისტორიის სანახავად ცენტრალიზებული მონაცემების ბაზა ან MMR ვაქცინის სხვა სპეციფიკურ ინფრასტრუქტურის ქონა საჭირო აღარ არის. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მეთოდი COVID-19-ის ვაქცინის შემთხვევაში არ გამოყენებულა.

რაც შეეხება, მამა კლეონის მტკიცებას, რომ ვაქცინით ადამიანებში ლუციფერინთან ერთად ნანოჩიპებსაც შეიყვანენ, ასევე მცდარია. ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ კონსპირაციები უკვე წლებია ვრცელდება. შეთქმულების თეორიები სავალდებულო ვაქცინაციისა და მის შედეგად ადამიანებში ჩიპების შეყვანის შესახებ განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, გააქტიურდა. სულ ახლახანს წარმოიშვა შეთქმულების თეორია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-ით დაავადებულ პირებს ელექტრონული ჩიპის მეშვეობით გააკონტროლებს. ძირითადად კონსპირაციული თეორიები დაკავშირებულია ბილ გეითსის სახელთან და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებასთან. აღნიშნული დეზინფორმაციებისა და კონსპირაციების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდე სხვა სტატიებშიც აქტიურად წერდა.

მამა კლეონის მტკიცებით, ვაქცინა ადამიანის გენეტიკას ცვლის, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. მათ შორისაა მტკიცება, რომ ვაქცინა ადამიანის გენეტიკური კოდის დამანგრეველია.

სავარაუდოდ, აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას გულისხმობს. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება უცხო დნმ-ის შეყვანა. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.

ზოგადად, პანდემიის პირობებში საყოველთაო ვაქცინაციისა და 5G-ისთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა. დღემდე, ვაქცინის საყოველთაო სავალდებულოობაზე არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და არც რომელიმე სახელმწიფოს არ განუცხადებია. რაც შეეხება 5G-ის, 5G-სა და კორონავირუსს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს, ვირუსები რადიოტალღებისა და მობილური ქსელების მეშვეობით არ მოძრაობს. COVID-19 ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაიცემა, როდესაც ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ასევე დაინფიცირებული ზედაპირის ხელით შეხების შედეგადაც შესაძლებელია ვირუსის გადადება. არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G-ც რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ უჯრედების შიგნით დნმ-ის დაზიანება არ შეუძლიათ. 5G რადიოტალღები უჯრედების დნმ-ში ქიმიური ბმების გაწყვეტას და იმუნური სისტემის დაზიანებას არ იწვევს. შესაბამისად, 5G ადამიანის უჯრედებს არანაირ ზიანს არ აყენებს.

საბოლოოდ, „თვალსაზრისის“ სტატიაში მოცემული ინფორმაცია სავალდებულო ვაქცინაციის, ვაქცინების მეშვეობით ადამიანში ჩიპისა და ლუციფერინის შეყვანაზე, ვაქცინით დნმ-ის შეცვლაზე და 5G-ის მავნებლობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

3069 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი