იტვირთება

დეზინფორმაცია: COVID-19-ზე ტესტირების ფორმა ეგვიპტური სასჯელის მსგავსია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

Facebook-მომხმარებელი Georgi Liluashvili სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს რუსული წარწერით- „ Египте эта процедура (повреждение палочкой хрупкого гематоэнцефалический барьера через нос) считалось штрафом и наказанием для рабов. Севодня этот метод называют: тестом на ковид и рассказывают вам что так они защищают вас и всех людей вокруг“. წარწერის შინაარსის თანახმად, კორონავირუსის ტესტირების ფორმა ეგვიპტეში მონების დასჯის მეთოდთან არის გაიგივებული. პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

კორონავირუსის დიაგნოსტირების ტესტების შესახებ პანდემიის პერიოდში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცხვირიდან ჩხირის მეშვეობით მონაცემების მოგროვება დიაგნოსტირების საკმაოდ გამოცდილი და უსაფრთხო მეთოდია. კონკრეტულად PCR ტესტები რესპირატორული ვირუსების კვლევის ყველაზე ეფექტური ფორმაა, რომელიც პანდემიის დაწყებამდეც აქტიურად გამოიყენებოდა. უშუალოდ პანდემიის პირობებში კი PCR ტესტები მაღალი სანდოობის გამო კორონავირუსის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ იქცა.

ტესტირების მეთოდი, რაც ჩხირის ცხვირის ღრუში დაახლოებით 2 სანტიმეტრამდე მოთავსებას გულისხმობს, არაერთი დეზინფორმაციის წყარო გახდა. ერთ-ერთის თანახმად, რომელიც პოსტშიც გაჟღერდა, ჩხირს ჰემატოენცეფალური ბარიერის დაზიანება შეუძლია. რეალურად, ჰემატოენცეფალური ბარიერი ტვინის დამცავი სტაბილური ბარიერია, რომელიც დამცავი სითხისა და მრავალი გარსისგან შედგება და ტვინს შიდა დაზიანებისგან იცავს. PCR ტესტირების დროს გამოყენებულ ჩხირს ამ დამცავი გარსების გარღვევა და ქსოვილებში შეღწევა არ შეუძლია. შესაბამისად, მცდარია მტკიცება, რომ ჩხირი ჰემატოენცეფალურ ბარიერს ზიანს აყენებს. ადამიანებში ჰემატოენცეფალური ბარიერის დაზიანება, შეიძლება, შეინიშნოს მთელი რიგი დაავადებების დროს, მაგრამ არა ცხვირიდან ჩხირით ნაცხის აღების შედეგად.

პოსტში გავრცელებული ეგვიპტური ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის gettyimages.com-დან არის აღებული. ორიგინალი ფოტოს ნახვის შემდგომ აშკარაა, რომ პოსტში გამოქვეყნებული ფოტოს კონტექსტი შეცვლილი და ხელოვნურად დამუშავებულია. ორიგინალ ფოტოში ნათლად ჩანს, რომ ფოტოზე გამოსახულ პირს ჩხირი პაციენტის თვალთან და არა ცხვირთან მიაქვს. რეალურად, ფოტო ეგვიპტური ცივილიზაციის მე-19 დინასტიის დროინდელ ერთ-ერთ სამარხში არსებული ფრესკის რეკონსტრუქციაა, რომელზეც ნაჩვენებია თუ როგორ მკურნალობს ოფთალმოლოგი პაციენტს. ფოტოზე მონების დასჯის მეთოდის შესახებ არაფერია ნათქვამი.

წყარო: gettyimages.com

ამრიგად, ეგვიპტური ფრესკის რეკონსტრუქციას კორონავირუსის ტესტირების მეთოდთან კავშირი არ აქვს და პოსტში გავრცელებული ინფორმაცია ყალბი ამბავია.

---------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

3044 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი