• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა ვიცით კორონავირუსის ვაქცინების შესახებ და საქართველოში რომელი მათგანის შემოტანა განიხილება?

რა ვიცით კორონავირუსის ვაქცინების შესახებ და საქართველოში რომელი მათგანის შემოტანა განიხილება?

კორონავირუსის მართვაში ჩართული ავტორიტეტული პირების მიერ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება, ვაქცინაციის ირგვლივ ისედაც არსებულ მცდარ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს კიდევ უფრო ართულებს.

12/01/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) ბაზაზე „კორონავირუსის ვაქცინის გლობალური ხელმისაწვდომობის მექანიზმი” (COVAX Facility) შეიქმნა. COVAX პლატფორმის მიზანია ვაქცინის უსაფრთხო, სწრაფი და თანაბარი გავრცელების ხელშეწყობა. COVAX პლატფორმა განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს კოვიდ ვაქცინის დანერგვაში ეხმარება.

ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც COVAX პლატფორმასთან, ისე უშუალოდ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებთან. COVAX პლატფორმასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვაქცინის შესაძენად, საქართველომ წინასწარი შენატანი უკვე გადაიხადა, რომელიც ქვეყანას ვაქცინის თავად არჩევის შესაძლებლობას აძლევს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა ფართო მასშტაბით ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ, 2021 წლის გაზაფხულიდან იქნება. 8 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შესაძლოა, თებერვალში საქართველოსთვის COVAX პლატფორმიდან გარკვეული მოცულობის ვაქცინა გამოიყოს, რომელიც რისკ ჯგუფების წარმომადგენლებზე გადანაწილდება.

ვაქცინას, კვლევების საფუძველზე, რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დგინდება, ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში შესაბამისი სააგენტოები ამტკიცებენ. მაგალითად, ვაქცინებს და სხვა მედიკამენტებს აშშ-ში სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA), ევროკავშირში კი ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ამტკიცებს.

ნოემბერში, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, COVID-19-ის ვაქცინის კვლევის კლინიკური ეტაპი, წარმატებით სამმა მწარმოებელმა დაასრულა, ესენია: Pfizer-BioNtech, Moderna და AstraZeneca. დეკემბრის დასაწყისში ფართომასშტაბიანი აცრებისთვის პირველი ნებართვა Pfizer-BioNtech-ის ვაქცინამ მიიღო, შემდგომ კი ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა. Pfizer-BioNtech-ის ვაქცინას შესანახად -70°C და ნაკლები ტემპერატურა სჭირდება, Moderna-ს ვაქცინა კი -20°C ტემპერატურაზე ინახება, ამასთან მისი ტრანსპორტირებაც უფრო მარტივია.

დეკემბრის ბოლოს, დიდ ბრიტანეთში მასობრივი გამოყენებისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინაც დამტკიცდა. ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანია, რადგან არსებული ანალოგებისგან განსხვავებით, ის შედარებით იაფია, ამასთან მისი ტრანსპორტირება და შენახვა ადვილია, ის განსაკუთრებულად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს.

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტურობას, Pfizer-BioNtech-ისა და Moderna-ს ვაქცინის ეფექტურობა 95%-ის ფარგლებშია. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ის ვაქცინას ეფექტურობა კი დაახლოებით 70%-ია. აღსანიშნავია, რომ თუ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ზე მაღალია, ის ეფექტურად მიიჩნევა.

რა ვიცით ჩინურ ვაქცინებზე?

31 დეკემბერს, ჩინეთმა Sinopharm-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ფარმაცევტული კომპნაია Sinopharm-ის განცხადებით, მესამე ფაზის კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 79%-ით ეფექტურია. მანამდე, დეკემბრის დასაწყისში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებმა განაცხადა, რომ ვაქცინა 86%-ით ეფექტური აღმოჩნდა. არაბთა გაერთიანებულ საამიროები პირველი ქვეყანა იყო, ჩინეთს გარეთ, რომელმაც Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის სექტემბერში დაამტკიცა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ვაქცინის ეფექტურობაზე გარკვეული კითხვის ნიშნები აქვთ, რადგან ვაქცინის საბოლოო კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

აღნიშნული ვაქცინა ერთ-ერთია იმ 5 ვაქცინას შორის, რომელიც ჩინეთში შექმნეს, დანარჩენებს საგანგებო ავტორიზაცია აქვთ მინიჭებული. ჩინეთში ჯანდაცვის მუშაკებისა და მაღალი რისკის მქონე მოქალაქეების აცრა, ვაქცინების საბოლოო კვლევის პარალელურად, ივლისში დაიწყო.

Sinopharm-ს ასევე ვაქცინის სხვა კანდიდატიც აქვს, თუმცა მას არ დაუსახელებია, თუ ფართო გამოყენებისთვის მისი რომელი ვაქცინა იქნა დამტკიცებული. ჩინეთში ერთ-ერთი კოვიდ ვაქცინა ბიოფარმაცევტულმა კომპანია Sinovac-მა შექმნა. თურქეთში Sinovac-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 91.25 %-ით ეფექტურია, თუმცა ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ეფექტურობა მხოლოდ 50%-ია.

აღსანიშნავია, რომ ჩინური ვაქცინები, არც ფართო გამოყენებისთვის და არც გადაუდებელი შემთხვევებისთვის, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) და არც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ არ არის ავტორიზებული.

რომელი ვაქცინის შემოტანას გეგმავს საქართველო?

10 იანვარს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, „ქვეყანაში ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება - AstraZeneca-ს და ერთ-ერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია“. მისი განმარტებით, „ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართოდ იხმარება ამერიკაში, გერმანიასა და ინგლისში, ანუ Pfizer და Moderna, ჩვენთვის არ არის მათი გამოყენება მისაღები და ხელსაყრელი იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას, -80-ზე და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული და ტრანსპორტირებული, ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია“.

აღნიშნულის საპირისპიროდ, 11 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა: „საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებთაც აქვთ ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია, ან WHO-ს მიერ პრეკვალიფიცირებულია. ჩინური ვაქცინა არც ერთი მკაცრი მარეგულირებლის მიერ არ არის აღიარებული და არც WHO-ს მიერ. ამ ეტაპზე მხოლოდ Pfizer-ის, Moderna-ს და Astra Zeneca-ს ვაქცინის შემოტანა განვიხილავთ“. თამარ გაბუნიამ ასევე განმარტა, რომ „დღესაც რომ გვქონდეს Pfizer-ის ვაქცინა, სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, - 80 გრადუსზე ტემპერატურის მქონე მაცივრები, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინების შენახვა. პრობლემა ეს არ არის და არც ძვირი არ ღირს ეს მაცივრები იმდენად, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ შესყიდვა მოკლე ვადაში და ამ მიმართულებითაც მოკვლევა დაწყებულია“. ასევე 11 იანვარს, განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გააკეთა, რომლის თანახმადაც, საქართველოს არსებული სამაცივრე ინფრასტრუქტურით „დღესვე შეუძლია ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღება“.

ამავე საკითხზე, გასული წლის დეკემბერში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია რამდენიმე თვეში, გაზაფხულზე დაიწყება. მისივე თქმით, ვაქცინაციამდე შესაძლოა ქვეყანას ტექნოლოგიური გადაიარაღება დასჭირდეს. ამასთან, Pfizer-BioNtech-ისა და Moderna-ს ვაქცინებზე საჭირო იქნება პერსონალის გადამზადება.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, „ქვეყანას აქვს -2-დან -8 გრადუსამდე „ცივი ჯაჭვის“ სისტემა, არაფრის დამატება არ არის საჭირო, AstraZeneca-ს ვაქცინის დანერგვისთვის, რომელსაც განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა არ სჭირდება. ასევე Moderna-ს ვაქცინა, რომელსაც -20 გრადუსამდე ტემპერატურა სჭირდება, მუნიციპალიტეტებში არის შესაბამისი სამაცივრე დანადგარები და შესაძლებელია ამ ვაქცინის დანერგვა. Pfizer-ის ვაქცინას სჭირდება -80-დან -70 გრადუსამდე ტემპერატურა, ქვეყანაში 40-მდე ასეთი მაცივარია, რომელიც დაკავებულია სხვადასხვა ტესტსისტემებით. რამდენიმე მაცივრის გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს და რამდენიმეს ყიდვა იგეგმება“.

ნოემბრის ბოლოს, WHO-ს მიერ, საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 47% გამოთქვა მზაობა ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით. ამას გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ვაქცინის მიმართ ნდობას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს. „ვაქცინისადმი ნდობის გაზრდას საქართველოში ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია დასჭირდება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამ ფონზე, კორნავირუსის მართვაში ჩართული ავტორიტეტული პირების მიერ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთება, ვაქცინაციის ირგვლივ ისედაც არსებულ მცდარ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს, კიდევ უფრო ართულებს.

დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“. 

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეკატერინე ტიკარაძის განცხადება ნახსენები არ იყო, ვინაიდან მინისტრმა აღნიშნული განცხადება სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.

თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა