იტვირთება

რომან გოცირიძე - 2017 წელს საქართველოში კურიოზული შემთხვევა მოხდა. არც ერთმა იურიდიულმა პირმა ფული არ გადაურიცხა ოპოზიციურ პარტიებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2017 წელს „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული პირებისგან, ფულადი შეწირულობის სახით 4 375 600 ლარი მიიღო. ამავე წელს იურიდიული პირისგან, მხოლოდ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რესპუბლიკურმა პარტიამ და პატრიოტთა ალიანსმა მიიღო ფულადი შეწირულობა (ჯამში 310 ლარი).

ანალიზი:

2020 წლის 16 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხუთმა დეპუტატმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებების პაკეტი დაარეგისტრირა. საყურადღებოა, რომ ცვლილებათა ინიციატორებმა კანონპროექტების განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვეს, რაც პარლამენტმა დააკმაყოფილა. 2020 წლის 23 დეკემბერს პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

2020 წლის 23 დეკემბერს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, რომან გოცირიძე ინიცირებულ ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს მსგავსი, სუსტი დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც ოპოზიციის დამფინანსებლები ხელისუფლების მიერ მტრად აღიქმება, პარტიისთვის საბიუჯეტო დაფინანსება, მისი დამოუკიდებლობის მთავარი გარანტია. აღნიშნულის დასადასტურებლად რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „2017 წელს საქართველოში კურიოზული შემთხვევა მოხდა. არც ერთმა იურიდიულმა პირმა ფული არ გადაურიცხა ოპოზიციურ პარტიებს. ოპოზიციას საკუთარი ჯიბიდან აფინანსებდნენ ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენები 60 000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ყველას ეშინოდა იურიდიული პირის მიერ გადარიცხვა, ვინაიდან, ხვალ მივიდოდნენ და გაუნადგურებდნენ ამ ფირმას“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და ქვემოთ გთავაზობთ, 2016-2020 წლებში პოლიტიკური პარტიებისთვის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ფულადი შეწირულობების სტატისტიკას. სტატიის მიზნებისთვის, მხოლოდ იმ პარტიების მონაცემებია დამუშავებული, რომელთაც 2016 და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და შედეგების მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსების წინაპირობები დააკმაყოფილეს.

ცხრილი 1: 2017-2020 წლებში იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განხორციელებული ფულადი შეწირულობების სტატისტიკა.

წყარო: პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ვებ-გვერდი.

ცხრილი 1- დან ნათლად ჩანს, რომ 2016-2020 წლებში მმართველი პარტიის მიერ მიღებული შეწირულობები, ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული შეწირულობების საერთო რაოდენობას, დაახლოებით 13-ჯერ აღემატება. 2017 წელს, იურიდიული პირისგან, მხოლოდ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რესპუბლიკურმა პარტიამ და პატრიოტთა ალიანსმა მიიღო ფულადი შეწირულობა (ჯამში 310 ლარი). ამავე წელს მმართველმა პარტიამ იურიდიული პირებისგან 4 375 600 ლარის ოდენობის ფულადი შეწირულობა მიიღო.

აღნიშული სტატისტიკა მოწმობს, რომ საქართველოში, როგორც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყანაში, იურიდიული პირები ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას ერიდებიან. იმ ფონზე, როცა ხელისუფალი შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს და ხელისუფლების სამივე შტოს აკონტროლებს, ბუნებრივია, რომ საწარმოები და ორგანიზაციები, საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების ლობირებაზე მეტად, მმართველი გუნდის სიმპათიის მოპოვებით არიან დაინტერესებულნი. აქვე აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის ფინანსური მხარდაჭერის პრობლემა, მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში არ გაჩენილა და იგი საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან ქართული პოლიტიკური სივრცის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე. 2017 წელს იურიდიულმა პირებმა 2 ოპოზიციური პარტიას შეწირეს თანხა (ჯამში 340 ლარი). ამის მიუხედავად, აღნიშნული, განხილული განცხადების პათოსს არ ცვლის, რადგან ამავე წელს „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული პირებისგან შეწირულობის სახით 4 375 600 ლარი მიიღო, რაც ოპოზიციური პარტიებისთვის შეწირული თანხის ჯამს 12 869-ჯერ აღემატება.

ინიცირებული ცვლილებების, პარლამენტის ბოიკოტის და პარტიების დაფინანსების შესახებ, უფრო დეტალური ანალიზისთვის, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

1. ცხრილში მონაცემები აღებულია 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდიდან.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3044 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი