იტვირთება

ელენე ხოშტარია: ქართული ოცნების შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინო ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) კოვიდ-19-თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები გამოიკვლიეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, სხვადასხვა წელს „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის მიხედვით, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით, ელენე ხოშტარიას განცხადება, არის სიმართლე.

ანალიზი

ელენე ხოშტარიამ საკუთარ facebook-გვერდზე პოსტი გავრცელა, სადაც საგანგებო მდგომარეობის დროს „ქართული ოცნების“ შემომწირველების მიერ მიღებულ კონტრაქტებზე საუბრობს: „ბაკურიანში კოტეჯებიდან და სახლებიდან აგდებენ ადამიანებს, ბოლო რესურსს უჭრიან და ეს იმ ფონზე, როცა ქართული ოცნების შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინო ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ. მაგალითად, პაატა კოკაიას, რომელსაც აქვს 4 სასტუმრო (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) 3.8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს. კოკაიამ სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ასევე ოცნების შემომწირველია 485.290 ლარს იღებს ტურიზმის ადმინისტრაციიდან. ზურაბ ჩხაიძეს („კახური ტრადიციული მეღვინეობა) ქართული ოცნებისთვის 300 000 ლარი აქვს შეწირული, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტურიზმის ადმინისტრაციამ 286.919 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა. ჯამში 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა“.

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, 21 მარტს კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა. აღნიშნულ პერიოდში, კორონავირუსთან დაკავშირებული შესყიდვები ძირითადად გამარტივებული წესით ხორციელდებოდა, რადგან სახელმწიფო სწრაფი რეაგირების რეჟიმში იყო და შესაბამისად, საჭირო პროდუქციის/მომსახურების შესასყიდად დრო შეზღუდული.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) კოვიდ-19-თან დაკავშირებულ შესყიდვებს ორი კვლევა მიუძღვნა. ორგანიზაცია დაინტერესდა, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ბიუჯეტიდან უტენდეროდ რა რაოდენობის თანხები დაიხარჯა და თანხის უმეტესი ნაწილი რომელ პროდუქტის თუ მომსახურების შეძენას მოხმარდა. დასახელებული კვლევების მიხედვით, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. სასტუმროების ჩამონათვალში, რომელთაც ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად კონტრაქტი გაუფორმა, თბილისი - „ივერია ინ“, გუდაური - „გუდაური ინ“, ბაკურიანი - „ბაკურიანი ინ“, ფიგურირებს. დასახელებული სასტუმროების პარტნიორი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიის რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 20%-40%-იანი წილის მფლობელი, პაატა კოკაიაა ( „ბაკურიანი ინნ“- 20%, „ივერია ინ“-35%, „გუდაური ინ“-40%, „რენესანს ქონსტრაქშენი“ - 25%).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს ეძღვნება, პაატა კოკაიას კუთვნილმა სასტუმროებმა აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული შესყიდვების შედეგად ჯამში 3.8 მლნ ლარის კონტრაქტი მიიღო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად გამოყენებისას, ერთი ოთახის ღირებულება 70-დან 110 ლარს შორის მერყეობდა, ერთ პერსონაზე კვების ღირებულება კი 10-30 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნულ სასტუმროებში იზოლირებული ერთი პირის მომსახურება სახელმწიფოს ერთი დღის განმავლობაში, 80-დან 140 ლარამდე დაუჯდა. უნდა აღინიშნოს, რომ პაატა კოკაიამ „ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.

ვლადიმერ სტეფანიანმა სალომე ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, 60 000 ლარი შესწირა (ამავე პიროვნებას „ნაციონალური მოძრაობისთვის 2500 ლარი აქვს შეწირული). დასახელებული კვლევის მიხედვით, მისმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში ჯამში 485 290 ლარის კონტრაქტი გააფორმა. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ ამავე პერიოდში 252 183 ლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 120 000 ლარი აქვთ შეწირული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტი მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. გარდა ზემოთ დასახელებული პიროვნებების და კომპანიებისა, ამავე პერიოდში კონტრაქტი მიიღეს:

• შპს „ალფამ“ - 2 808 400 აშშ დოლარის ღირებულების, ამ კომპანიას ქართული ოცნებისთვის 120 000 ლარი აქვს შეწირული.

• შპს „მზიურმა“ - 1 424 400 აშშ დოლარის, ამ კომპანიის დირექტორს შოთა ბასილაშვილს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 80 000 ლარი აქვს შეწირული.

• შპს „ეი-ბი-ემ“-მა - 3.1 მლნ აშშ დოლარის, კომპანიის დირექტორს ალექსანდრე ხეთერელს „ ქართული ოცნებისთვის“ 60 000 ლარი აქვს შეწირული.

• შპს „Weekend“-მა - 1 329 680 აშშ დოლარის, კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ჯამში 85 000 ლარი შესწირა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის დასკვნის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვების დროს, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები მმართველი პარტიის შემომწირველ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან კონცენტრირდეს. ამიტომ, მათი რეკომენდაციაა, რომ გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას, აუცილებლად დეტალურად დასაბუთდეს, კონკრეტული კომპანია რატომ შეირჩა და მას, სხვა კომპანიებთან შედარებით, რა უპირატესობა გააჩნდა.

ზემოთ განხილულ კვლევებში საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი ცხადყოფს, რომ ასეთი ტიპის შესყიდვები საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკებს შეიცავს და აქედან გამომდინარე, მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს.

ელენე ხოშტარიას განცხადება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ბაკურიანში ჩასულ ადამიანებს კოტეჯებისა და სახლების დატოვება მოსთხოვეს. რაც შეეხება იმ საკითხს, რამდენად სასარგებლო ან უსარგებლოა საკარანტინო ღონისძიებები, ეს პოლიტიკოსის შეფასებაა და ამ მსჯელობაში „ფაქტ-მეტრი“ ვერ შევა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3715 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ყალბი ამბავი
8%
ნახევრად სიმართლე
8%

ყველაზე კითხვადი