იტვირთება

კორონავირუსის პანდემიის შეჩერება და შესაბამისად მრავალი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი. იმისათვის, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიქმნას, საჭიროა, მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ვაქცინაცია. COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა დამტკიცებულია და გასული წლის დეკემბერში რიგმა ქვეყნებმა მოსახლეობის ვაქცინაცია უკვე დაიწყეს. საქართველოში ვაქცინის შემოტანა უახლოეს მომავალში იგეგმება, რისთვისაც COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა უკვე დამტკიცდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ ნდობის ნაკლებობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. NDI-ის გამოკითხვის თანახმად, რომელიც დეკემბერში ჩატარდა, მოსახლეობის მხოლოდ 41%-მა განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინას გაიკეთებდა. ნოემბრის ბოლოს კი, WHO-ს მიერ, საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაქცინის გაკეთების მზაობა მოსახლეობის მხოლოდ 47%-მა გამოთქვა. ანტივაქცინური კამპანია საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიის დამარცხება ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია. COVID-19-ის ვაქცინის შესახებ სოციალური ქსელში დეზინფორმაციები აქტიურად ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ჯანდაცვის წამყვან პრობლემად სწორედ ვაქცინებზე უარის თქმა დაასახელა.

ვაქცინა მედიცინის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. ვაქცინაცია დაავადებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ჯანმოს ინფორმაციით, ვაქცინაციის საშუალებით, ყოველწლიურად, 2-3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. გლობალურად ვაქცინაციის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში, დამატებით 1.5 მილიონი ადამიანი გადარჩებოდა.

ვაქცინაცია მილიონობით ადამიანს ისეთი მძიმე დაავადებებისგან და მისგან გამოწვეული სიკვდილისგან იცავს, როგორებიცაა: პოლიომილიტი, წითელა, წითურა, ყივანახველა, ტეტანუსი, დიფტერია, ჩუტყვავილა, ყბაყურა, ცოფი, B ჰეპატიტი, გრიპი და ა.შ.

მსოფლიოში პირველი ვაქცინის შექმნა ინგლისელი ექიმის, ედუარდ ჯენერისის სახელს უკავშირდება, რომელმაც 1796 წელს ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა აღმოაჩინა. ყვავილის ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება იყო. 1967 წელს გლობალური იმუნიზაცია დაიწყო და, საბოლოოდ, 1977 წელს ვირუსი პრაქტიკულად აღარ არსებობდა. 1980 წელს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ყვავილის ვირუსის აღმოფხვრის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

თითქმის დამარცხებულია პოლიომიელიტი, რომელიც ერთ-ერთი მწვავე ვირუსული დაავადებაა და ყველაზე რთული ფორმით - პარალიზებით ვლინდება. ვაქცინაციის შედეგად 1988 წლის შემდეგ დაავადების ინციდენტობა 99%-ზე მეტით შემცირდა. 1988 წელს პოლიომიელიტის 350 000 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს კი მხოლოდ 175 შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის მონაცემებით, პოლიომიელიტისადმი ენდემურ კერებად მხოლოდ ორი ქვეყანა (ავღანეთი და პაკისტანი) რჩება, მაშინ როდესაც 1988 წელს ის 125 ქვეყანაში იყო გავრცელებული.

იმუნიზაციის შედეგად, მსოფლიოში 2000-2018 წლებში წითელათი გარდაცვალების მაჩვენებელი 73%-ით შემცირდა. წითელა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გადამდებ დაავადებად ითვლება. 2018 წელს წითელა 142 000 ადამიანის (ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვები) გარდაცვალების მიზეზი გახდა, წითელათი გარდაცვლილთა რიცხვი 2000 წელს დაახლოებით 536 000 იყო.

1998 წელს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში The Lancet ბრიტანელი ექიმის ენდრიუ უეკფილდის ნაშრომი გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო წითელა, წითურა, ყბაყურას აცრასა და აუტიზმს შორის კავშირზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ უეკფილდმა ნაშრომი გარკვეული თანხის სანაცვლოდ გააყალბა, რის გამოც მას ექიმის ლიცენზია ჩამოერთვა. სწორედ ამ პერიოდიდან, 90-იანი წლების ბოლოდან იწყება ანტივაქსერული მოძრაობების გააქტიურება. ეს არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების არ სჯერათ, აქტიურად იბრძვიან მის წინააღმდეგ და ავრცელებენ მცდარ მოსაზრებებს ვაქცინასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსული პროპაგანდა ანტივაქცინურ კამპანიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. კერძოდ, სოციალურ ქსელებში რუსული ანგარიშები ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზიფორმაციას აქტიურად ავრცელებენ.

პანდემიასთან ერთად, გლობალურად დაიწყო COVID-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის, მათ შორს ანტივაქცინური ინფორმაციის გავრცელაბა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „ინფოდემია“ უწოდა. რეალურად, ვაქცინაცია პანდემიის შეჩერების ერთადერთი ეფექტური საშუალებაა!

რა ვიცით COVID-19-ის ვაქცინებზე, რომლის შემოტანასაც საქართველო გეგმავს?

ვაქცინას, კვლევების საფუძველზე, რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დგინდება, ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში შესაბამისი სააგენტოები ამტკიცებენ.

საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვაქცინის იმპორტისთვის სავალდებულო კრიტერიუმებია: ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს აღიარებული, ან ვაქცინას უნდა ჰქონდეს გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია მაღალი სანდოობის მქონე ეროვნული მარეგულირებლისგან, როგორიცაა FDA (მედიკამენტებს აშშ-ში სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია), EMA (ევროპის მედიკამენტების სააგენტო), გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის, ავსტრალიის და ა.შ. (სულ 37 ქვეყნის მარეგულირებელი).

2021 წლის იანვრის მონაცემებით, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლებისგან COVID-19-ის სამი ვაქცინაა დამტკიცებული, ესენია: Pfizer-BioNtech, Moderna და AstraZeneca. ამ ეტაპზე, საქართველოშიც სწორედ აღნიშნული ვაქცინების შემოტანა განიხილება.

2020 წლის დეკემბრის დასაწყისში ფართომასშტაბიანი აცრებისთვის პირველი ნებართვა Pfizer-BioNtech-ის ვაქცინამ მიიღო, შემდგომ კი ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა. დეკემბრის ბოლოს კი, დიდ ბრიტანეთში მასობრივი გამოყენებისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდა. ეს უკანასკნელი, არსებული ანალოგებისგან განსხვავებით, შედარებით იაფია. ამასთან, მისი ტრანსპორტირება და შენახვა ადვილია, რადგან განსაკუთრებულად დაბალ ტემპერატურას არ საჭიროებს.

რაც შეეხება ვაქცინების ეფექტურობას, თუ ვაქცინის ეფექტურობა 50%-ზე მაღალია, ის ეფექტურად მიიჩნევა. Pfizer-BioNtech-ისა და Moderna-ს ვაქცინის ეფექტურობა 95%-ის ფარგლებშია. AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა კი დაახლოებით 70%-ია.

ასევე არსებობს რუსული და ჩინური წარმოების COVID-19-ის ვაქცინები, რომელსაც რიგი ქვეყნები იყენებენ მოსახლეობის ვაქცინაციისთვის. თუმცა ამ ეტაპზე ისინი ევროპისა და ამერიკის მარეგულირებელი სააგენტოების მიერ არ არის ავტორიზებული და არც ჯანმოს მიერ არის აღიარებული. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი შემოტანა საქართველოში არ იგეგმება.

არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ საქართველოს შესაბამისი ლოჯისტიკა არ აქვს, Pfizer-BioNtech-ისა და Moderna-ს ვაქცინის დანერგვისთვის, შესაბამისად აღნიშნულ ვაქცინებს ვერ შემოიტანდა და ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანა განიხილებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია). საქართველოში ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის მქონე ვაქცინის გამოყენებას, შემდეგი დაშვებებით ითვალისწინებს:

- 80 ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის, რა ტემპერატურაც Pfizer-BioNtech-ს სჭირდება, გამოყენებას 200 000 დოზის მოცულობით;

- 20 ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის, როგორიცაა Modern-ს ვაქცინა, გამოყენებას 200 000 დოზის მოცულობით;

მასობრივი გამოყენებისთვის, უმეტესწილად -2-დან -8-მდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რადგან ქვეყნის ცივი ჯაჭვის და იმუნიზაციის სისტემა უფრო მეტად ამგვარ ვაქცინებზეა მორგებული.

დასახული მიზნის მისაღწევად, 2021 წლისთვის 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 60%-ის (1,691,214 მოქალაქის) ვაქცინაცია იგეგმება, რისთვისაც საქართველოს 3,979,300 დოზა ვაქცინა დასჭირდება. როგორც ცნობილია, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორ დოზად, დაახლოებით სამკვირიანი ინტერვალით კეთდება.

პირველ ეტაპზე მაღალი რისკის ჯგუფები შემდეგი რიგითობით აიცრებიან:

• ჯანდაცვის სექტორის მუშაკები;

• ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი;

• 75 ასაკის პირები;

• 65-74 ასაკის პირები;

• ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები;

• 55-64 წლის ასაკის პირები;

• 18-54 ქრონიკული დაავადების მქონე პირები

და ბოლოს, მოსახლეობის სხვა ჯგუფები.

საქართველო კოვაქსის პლატფორმაზე უკვე რეგისტრირებულია და გადახდილი აქვს პირველადი შენატანი 1.4 მილიონ დოზის მისაღებად, მოსახლეობის 20%-სთვის. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის პირველ პარტიას, საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, თებერვლის ბოლოს ელოდებიან.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2928 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი