დეზინფორმაცია: ნორვეგიაში, Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციის შედეგად, 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

საიტი Geomediapress.ge, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შესახებ დეზინფორმაციას შემდეგი სათაურით ავრცელებს: „“ფაიზერის” ვაქცინა შეაჩერეს“. გამოცემის განცხადებით, მიზეზი ნორვეგიაში ჩატარებული ვაქცინაცია გახდა, რამაც 400-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. იმ მტკიცებასთან ერთად, რომ ვაქცინაციამ 400-მდე ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, სტატიაში ნათქვამია: „სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ თუ რამ გამოიწვია ადამიანების მოულოდნელი სიკვდილი“. სტატია რამდენიმე ყალბ ამბავს შეიცავს.

Pfizer-BioNTech-ის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით, Pfizer-BioNTech-ს ვაქცინაცია არც ერთ ქვეყანაში არ შეუჩერებია, მათ შორის არც სტატიაში ნახსენებ ნორვეგიაში.

ყალბია ინფორმაციაც, რომ ვაქცინაციას ნორვეგიაში 400-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რეალურად, დღეის მონაცემებით, ნორვეგიაში მოხუცთა საცხოვრებელში მყოფი ხანდაზმული პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან მცირე ხნის შემდეგ, 33 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 14 იანვრისთვის, ნორვეგიაში ოფიციალურად პირველად დაფიქსირდა ვაქცინის შემდგომ 23 გარდაცვალების შემთხვევა. 18 იანვრის მონაცემებით, ნორვეგიის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტს უკვე შესწავლილი და გამოქვეყნებული ჰქონდა 23 გარდაცვალების შემთხვევიდან 13-ის აუტოპსიის შედეგები, რომლის თანახმადაც, უშუალოდ ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ვერ დადგინდა. Geomediapress.ge-ის სტატია, 19 იანვარსაა გამოქვეყნებული, მას შემდეგ, რაც ნორვეგიის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის კავშირი არ მტკიცდება.

ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენლების განაცხადებით, ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ბოლოდროინდელ შემთხვევებსა და COVID-19-ის ვაქცინებს შორის პირდაპირი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. დღეის მონაცემებით, 13 ადამიანის აუტოპსიის შედეგებზე დაყრდნობით, ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო აცხადებს, რომ გარდაცვალების ფაქტებსა და ვაქცინაციას შორის კავშირი დადგენილი არაა. „ყველა გარდაცვლილ პაციენტს ჰქონდა სერიოზული დაავადებები, შესაბამისად, არასწორია იმის თქმა, რომ ისინი ვაქცინის შედეგად დაიღუპნენ. ეს შესაძლოა დამთხვევა იყო“, - განაცხადა ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს დირექტორმა, შტაინერ მადსენმა.

ნორვეგიის სამედიცინო სააგენტომ ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, როცა საქმე განსაკუთრებული ავადმყოფობის ისტორიის მოხუცებს (გულის პრობლემები, დემენცია, ფილტვების ქრონიკული და სხვა სერიოზული დაავადებები) ეხებოდა, შესაძლოა, რომ mRNA-ის ვაქცინის გვერდით ეფექტებს, როგორიცაა: გულისრევა ან ტემპერატურა, ხელი შეეწყო (თუმცა, არა გამოეწვია) მწვავე რეაქციისთვის.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ჯანდაცვის ინსტიტუტისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვაქცინაციის პირველი ბენეფიციარები მოხუცთა საცხოვრებელში მცხოვრებნი არიან. შესაბამისად, მოსახლეობის ის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ამჟამად ნორვეგიაში ვაქცინაცია უტარდება, ძირითადად კორონავირუსის მომეტებული რისკის ქვეშ მყოფი და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან.

საიტი Geomediapress.ge-ის მიერ ნახსენები 400-მდე მოხუცი, რეალურად ნორვეგიაში ყოველ კვირას, მოხუცთა თავშესაფარში გარდაცვლილი მოხუცების მიახლოებითი რაოდენობაა და არა Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ მოხუცთა რაოდენობა.

ნორვეგიის მედიკამენტური სააგენტოს განცხადებით, ხანდაზმულთა ჯგუფის ვაქცინაციის შემთხვევაში, აუცილებლად დაფიქსირდება სიკვდილიანობა, რომელიც დაემთხვევა ვაქცინაციის შემდგომ დროის მონაკვეთს.

საბოლოო ჯამში, Geomediapress.ge , Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ვაქცინის დისკრედიტაციას და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითად განწყობას და უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად.

2021 წლის იანვრის მონაცემებით, ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლებისგან COVID-19-ის სამი ვაქცინაა დამტკიცებული, ესენია: Pfizer-BioNtech, Moderna და AstraZeneca. მათ შორის 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში ფართომასშტაბიანი აცრებისთვის პირველი ნებართვა Pfizer-BioNtech-ის ვაქცინამ მიიღო

ნორვეგიაში, ვაქცინის შედეგად მოხუცთა სახლებში გარდაცვალების შემთხვევების შესახებ დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. გთხოვთ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი