იტვირთება

ანალიზი:

2021 წლის 17 იანვარს, Report.ge-მ გამოაქვეყნა სტატია შემდეგი სათაურით - „აშშ-ში ვაქცინაციის შემდეგ 55 ადამიანი გარდაიცვალა“. სტატია ამერიკული გამოცემის „The Epoch Time“-ის ინფორმაციაზეა დაფუძნებული. სტატიების თანახმად, აშშ-ში ადამიანების გარდაცვალება Pfizer/BioNTech-ისა და Moderna-ს მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას მოჰყვა. Report.ge სტატიის ბოლოს ნორვეგიაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრილი 23 ადამიანის გარდაცვალების შემთხვევასაც ახსენებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ 55 ადამიანის ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სანდო საინფორმაციო სააგენტოებზე არ იძებნება. ყველა სტატია კი, რომელიც ამ თემის ირგვლივ არის დაწერილი, Report.ge-ის მიერ წყაროდ მითითებულ „The Epoch Times“-ის [1] სტატიას ეყრდნობა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5). ამასთანავე, სტატიაში დასახელებული 66 წლის კოლორადოს მკვიდრის გარდაცვალების შესახებაც, ინფორმაცია არ იძებნება.

„The Epoch Time“-ის სტატია, რომელიც აშშ-ში Pfizer-BioNTech-ისა და Moderna-ს ვაქცინებით აცრის შემდეგ 55 ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყება, VAERS-ის ანგარიშზე არის დაფუძნებული. VAERS (Vaccine Adverse Event Reporting System) ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA) მიერ იმართება. სტატიაშიც აღნიშნულია, რომ VAERS-ის ბაზაში მონაცემების შეყვანა და დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგალითად, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენელს, პაციენტებს ან მათი ოჯახის წევრებს. შესაბამისად, VAERS-ს, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემას, შეუძლია, ბაზაში მნიშვნელოვანი მონაცემები დააფიქსიროს, თუმცა ეს მონაცემები დამატებით კვლევასა და დამუშავებას საჭიროებს. როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, მხოლოდ VAERS-ის ანგარიშზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენა, რაიმე გვერდითი მოვლენა უშუალოდ ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა. აქედან გამომდინარე, VAERS-ის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, გარდაცვალების შემთხვევებსა და ვაქცინას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, არ არის მართებული. აღსანიშნავია, რომ VAERS-ის მონაცემების არასანდოობაზე თავად „The Epoch Times“-იც ვრცლად საუბრობს, მათ შორის ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა (CDC) და საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) წარმომადგენლების ინტერვიუებზე დაყრდნობით: „მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ VAERS-ზე განთავსებული მონაცემებით შეუძლებელია იმის დადგენა, ესა თუ ის გვერდითი მოვლენა ვაქცინის გამოწვეულია, თუ - არა, აცხადებს აბიგაილ კაპობიანკო, ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის სპიკერი. თუმცა report.ge სტატიაში მოცემულ ახსნას არ გვთავაზობს.

ამასთანავე, საინტერესოა, რომ ტერმინი Adverse Event (გვერდითი მოვლენა) ჯანმრთელობის ნებისმიერ პრობლემას ასახავს, რომელიც შესაძლოა, ვაქცინასთან სულაც არ იყოს კავშირში. მაგალითად, VAERS-ის სიაში ერთ-ერთ „გვერდით მოვლენად“ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალებაც არის დასახელებული, რეალურად კი, მსგავსს ფაქტებს ვაქცინასთან კავშირი არ აქვს. VAERS-ის ბაზაში ასევე ისეთი არარეალური ცნობებიც არის დაფიქსირებული, რომელთა თანახმადაც ადამიანი ვაქცინაციის შემდეგ მარველის კომიქსების ერთ-ერთ გმირად, ჰალკად გადაიქცა.

Health Feedback-ის თანახმად, რომელიც ჯანმოს-ს გლობალური პროექტის - ვაქცინების უსაფრთხოების ქსელის (VSN) წევრია, ვაქცინების მავნებლობის შესახებ VAERS-ის ანგარიშების მოყვანა, ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდია. Health Feedback-ს VAERS-ის ბაზაზე დაყრდნობით ვაქცინებზე გავრცელებული დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია.

რაც შეეხება ნორვეგიაში 23 ადამიანის გარდაცვალების შემთხვევას, 16-17 იანვარს, როდესაც Report.ge-ის სტატია დაიწერა, დაზუსტებული ცნობები იმის შესახებ, რომ ადამიანთა გარდაცვალება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებმა გამოიწვია, არ არსებობდა. ცნობისთვის, ნორვეგიაში მოხუცთა საცხოვრებელში მყოფი ხანდაზმული პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო ახლადშექმნილი Pfizer-BioNTech ვაქცინის პირველი დოზით აცრიდან მცირე ხნის შემდეგ, დაახლოებით, 30 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ყველა 80 წელს გადაცილებული იყო. კონკრეტულად, 2020 წლის 14 იანვრისთვის, ნორვეგიაში ოფიციალურად პირველად ვაქცინის შემდგომ 23 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. 18 იანვრის მონაცემებით, ნორვეგიის საყოველთაო ჯანდაცვის ინსტიტუტს უკვე შესწავლილი და გამოქვეყნებული ჰქონდა 23 გარდაცვალების შემთხვევიდან 13-ის აუტოპსიის შედეგები, რომლის თანახმადაც, უშუალოდ ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ვერ დადგინდა. ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხანდაზმულთა სიკვდილიანობის ბოლოდროინდელ შემთხვევებსა და COVID-19-ის ვაქცინებს შორის პირდაპირი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს.

13 გარდაცვლილის გაკვეთის შემდეგ, ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტომ ივარაუდა, რომ ვაქცინისთვის დამახასიათებელ გვერდით ეფექტებს, შესაძლოა, განსაკუთრებით სუსტ მოხუცებში მწვავე რეაქციის გამოწვევაში გარკვეული როლი ეთამაშა. „ყველა გარდაცვლილ პაციენტს ჰქონდა სერიოზული დაავადებები, შესაბამისად, არასწორია იმის თქმა, რომ ისინი ვაქცინის შედეგად დაიღუპნენ. ეს შესაძლოა დამთხვევა იყო“, - განაცხადა ნორვეგიის მედიცინის სააგენტოს დირექტორმა, შტაინერ მადსენმა. ნორვეგიის სამედიცინო სააგენტომ ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, როცა საქმე განსაკუთრებული ავადმყოფობის ისტორიის მოხუცებს (გულის პრობლემები, დემენცია, ფილტვების ქრონიკული და სხვა სერიოზული დაავადებები) ეხებოდა, შესაძლოა, რომ mRNA-ის ვაქცინის გვერდით ეფექტებს, როგორიცაა: გულისრევა ან ტემპერატურა, მწვავე რეაქციისთვის ხელი შეეწყო. თუმცა, ნორვეგიის სამედიცინო სააგენტოს თანახმად, ვაქცინა გართულების გამომწვევი ვერ იქნებოდა.

ამრიგად, Report.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, აშშ-ში ვაქცინის მიღების შემდეგ 55 ადამიანის გარდაცვალების შესახებ, კონტექსტის გარეშეა წარმოდგენილი. Report.ge წყაროდ „The Epoch Times“-ს იყენებს, თუმცა ინფორმაცია იმდაგვარად აქვს გადმოტანილი, რომ ორიგინალი მასალის შინაარსი იკარგება და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.[1] „The Epoch Times“ არის საერთაშორისო მედია, რომელიც 21 ენაზე გამოიცემა. Media Bias/Fact Check-ის თანახმად, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, „The Epoch Times“ არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაშია შემჩნეული.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

2925 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი