იტვირთება

გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ეთნიკური წმენდის ზუსტი სამართლებრივი განმარტება არ არსებობს. თუმცა გაეროს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ეთნიკური ნიშნით სამოქალაქო პირების მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, სამოქალაქო პირების ფიზიკური დაზიანება, მათი საკუთრების განადგურება და გაძარცვა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ა.შ. ეთნიკური წმენდისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ტერმინი „ეთნიკური წმენდა“ არ გამოუყენებია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თავისუფლად შეიძლება ეთნიკურ წმენდად შეფასდეს.

ანალიზი

2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს (შემდგომში ECRH) დიდმა პალატამ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე წარდგენილი ბრალდებების ძირითადი ნაწილი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდებების ძირითადი ნაწილი დააკმაყოფილა და რუსეთის მხრიდან ისეთი უფლებების დარღვევა დაადგინა, როგორიცაა სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლებები, გადაადგილების თავისუფლება და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველო იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე, გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა და აქედან გამომდინარე, მას საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის, პასუხისმგებლობა შეერაცხა. შესაბამისად, სასამართლომ საქართველოს მოთხოვნა დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მისივე თქმით, „სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია“.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენოციდის პრევენციისა და მისგან დაცვაზე პასუხისმგებელი ოფისის განმარტების მიხედვით, საერთაშორისო სამართალში ეთნიკური წმენდა ცალკე დამოუკიდებელ დანაშაულად აღიარებული არ არის. შესაბამისად, ზუსტი შინაარსობრივი განმარტება და კონკრეტულად განსაზღვრული ქმედებათა ჩამონათვალი, რომელსც ეთნიკური წმენდა შეიძლება ეწოდოს, არ არსებობს. ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესასწავლად შექმნილი გაეროს ექსპერტთა კომისიის მიხედვით, „ერთი ეთნიკური ჯგუფის მიერ, მიზანმიმართულად შემუშავებული ძალადობრივი პოლიტიკის საფუძველზე, სხვა ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის კონკრეტული გეოგრაფიული არეალიდან განდევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, შეიძლება ეთნიკურ წმენდად შეფასდეს“. ასევე, კომისია აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პირების მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, სამოქალაქო პირების ფიზიკური დაზიანება, მათი საკუთრების განადგურება და გაძარცვა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ა.შ. ეთნიკური წმენდისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა.

21 იანვრის გადაწყვეტილებაში ECHR-მ დაადგინა, რომ 12 აგვისტოს შემდეგ პერიოდში აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიონსა და „ბუფერულ ზონაზე“ რუსეთის ფედერაცია ე.წ. „ეფექტურ კონტროლს“ ახორციელებდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკურად ქართველ დევნილებს დაბრუნებაში ხელს რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები უშლიდნენ. ECHR-ის შეფასებით, სამხრეთ ოსეთის მიერ ძალის გამოყენებაზე, ოსი სამხედროების და უკანონო ფორმირებების ქმედებებზე პასუხისმგებელი რუსეთი ფედერაციაა, რადგან იგი ზემოხსენებულ ტერიტორიებზე ე.წ. „ეფექტურ კონტროლს“ ახორციელებდა. სასამართლომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ცხინვალის რეგიონსა და „ბუფერულ ზონაში“ მდებარე ქართულ სოფლებში სახლების სისტემური დაწვისა და ძარცვის, ასევე, ეთნიკურად ქართველების სიცოცხლის ხელყოფის, წამების და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის „ადმინისტრაციული პრაქტიკის“ არსებობა დაადგინა.

ECHR-ის გადაწყვეტილებას საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. 26 იანვრის სახალხო დამცველის განცხადებაში, აღნიშნულია - „ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ქართულ სოფლებში მიმდინარეობდა სახლების სისტემური დაწვა და ძარცვა, საქართველოს მოქალაქეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, სიცოცხლის ხელყოფა მათი ეთნიკური კუთვნილების ნიშნით“.

გადაწყვეტილების ტექსტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, სახალხო დამცველის მსგავსად მსგავსად კითხულობს. 21 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, საიამ აღნიშნა, რომ ECHR-მ გადაწყვეტილებაში დაადგინა, რომ „საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის არსებობას კონვენციის მე-2, მე-8 და პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლების საწინააღმდეგოდ. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო პირების მკვლელობა, ქართულ სოფლებში სახლების გადაწვა და გაძარცვა ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა, რაც გულისხმობდა მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენას და რუსეთის ოფიციალურ შემწყნარებლობას ამ აქტების მიმართ. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსხვერპლების მიმართ ჩადენილი ქმედებები, მათი სერიოზულობის გათვალისწინებით, კვალიფიცირდება როგორც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და აღნიშნული პირები ამ ქმედებას მათი ეთნიკურობის გამო დაექვემდებარნენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის და საკუთრების უფლების დარღვევა “.

გადაწყვეტილების შესახებ, მსგავსი შეფასება „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორმა, სოფო ასათიანმაც გააკეთა - „მე გამოვყოფდი სამ, ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ამ გადაწყვეტილებისა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ის, მნიშვნელოვანი არგუმენტაცია და დაადასტურა ის პოზიცია, რასაც საქართველო წარადგენდა მრავალი საერთაშორისო ფორუმის წინაშე. ის, რომ რუსეთი ახორციელებდა და ახორციელებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ოკუპაციას. მეორე, ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და მესამე, ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ განხორციელდა ეთნიკურად ქართველების ეთნიკური წმენდა, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ სახლებში”.

ყოველივე ზემოთქმული გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოჩა ლორთქიფანიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეთნიკური წმენდის ზუსტი სამართლებრივი განმარტება არ არსებობს. თუმცა გაეროს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ეთნიკური ნიშნით სამოქალაქო პირების მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, სამოქალაქო პირების ფიზიკური დაზიანება, მათი საკუთრების განადგურება და გაძარცვა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ა.შ. ეთნიკური წმენდისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ტერმინი „ეთნიკური წმენდა“ არ გამოუყენებია, ზემოხსენებული ჩანაწერი ეთნიკურ წმენდად შეიძლება შეფასდეს. ამასთან, საერთაშორისო სამართლის ექსპერტების ლექსიკონში ამ გადაწყვეტილებამ უკვე გააჩინა ტერმინი „ეთნიკური წმენდა“, რისგანაც სამართლის ბევრი (უცხოელი) ექსპერტი აქამდე თავს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ასეთი შეფასება არ გაუკეთებია, რადგან, კონვენციის მიზნებისთვის, ასეთი შეფასების გაკეთება უბრალოდ არ სჭირდება. დარღვევებში ეთნიკურ ელემენტზე აქცენტით, ეთნიკურ წმენდაზე საუბარი უკვე სამართლებრივად არის შესაძლებელი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2899 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი