იტვირთება

ტყუილი 1: COVID-19-ის ვაქცინა შესწავლილი არ არის, ის საფრთხის შემცველია

COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება [1] , ამოღებული არ ყოფილა.

ზოგადად, ვაქცინამ დამტკიცებამდე პრე-კლინიკური კვლევები და კვლევის სამი ფაზა უნდა გაიაროს. პრე-კლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და მეცნიერები აკვირდებიან, ცხოველი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებს, თუ - არა. კლინიკური ტესტირების I ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. II ფაზაში ვაქცინა ასეულობით ადამიანს უკეთდება და მეცნიერები ვაქცინის შესახებ დამატებით ინფორმაციას იღებენ. III ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანს უტარდება და ვაქცინის ეფექტიანობა, უსაფრთხობა და გვერდითი ეფექტები მოწმდება. იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დაავადების პრევენციას ვერ ახდენს, ან ძლიერი გვერდითი ეფექტები აქვს, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, ცდები ჩერდება. ქვეყნებში ან ქვეყნების ჯგუფში ვაქცინას, კვლევების საფუძველზე (რომლითაც ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება), შესაბამისი სააგენტო ამტკიცებს. ვაქცინის მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დამტკიცების შემდეგაც გრძელდება. ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ მან კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა და მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კვლევებით დამტკიცებულია.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს ცნობით, კოვიდვაქცინები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მილიონობით ადამიანს გაუკეთეს, ძალზედ უსაფრთხოა. ვაქცინაციის შემდეგ, მხოლოდ მსუბუქი, მოსალოდნელი, გვერდითი ეფექტები გამოვლინდა.

ტყუილი 2: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დნმ-ს ცვლის

ვაქცინა ადამიანის დნმ-ს ვერ ცვლის. ვაქცინის ერთადერთი ფუნქცია დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რიგ შემთხვევაში, ინოვაციური ტექნოლოგიით არის დამზადებული. კერძოდ, Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინები mRNA ტექნოლოგიას ეყრდნობა. იმუნური პასუხის შესაქმნელად, ბუნებრივი ქიმიური ნივთიერების ასლი - რნმ მატრიცაა გამოყენებული. უჯრედში მოხვედრის შემდეგ, რნმ ვაქცინა ფუნქციონირებს, როგორც რნმ მატრიცა და უჯრედს ასწავლის, უცხო ცილა ან მხოლოდ პროტეინის ნაწილი შექმნას, რომელიც იმუნური პასუხის გამომუშავებას იწვევს. mRNA ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა არ აქვს.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ ვირუსული ვექტორის ვაქცინაც გამოიყენება. ასეთია AstraZeneca-ს ვაქცინა. ამ შემთხვევაში სხვა ვირუსის მოდიფიცირება ხდება. კერძოდ, კორონავირუსის გენის, ე.წ. სპაიკ ცილის გადატანა სხვა ვირუსთან (ადენოვირუსთან), მოდიფიცირებული ვირუსის (ვექტორის) გამოყენებით ხდება. იმუნური სისტემა COVID-19 ის წინააღმდეგ აქტიურდება და ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ვექტორული ტექნოლოგია აპრობირებული მეთოდია, ის ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელადაც გამოიყენეს. COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები ტრადიციული ტექნოლოგიებით შეიქმნა (ცილოვანი ვაქცინები, ვირუსის ფრაგმენტების შემცველი ვაქცინები).

Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები ამ პრინციპით არ მოქმედებს.

ტყუილი 3: COVID-19-ის ვაქცინა ძლიერ გვერდით ეფექტებს იწვევს

არ არსებობს მტკიცებულება, რომ COVID-19-ის ვაქცინებს ძლიერი გვერდითი ეფექტები აქვს. ვაქცინაციის შემდეგ, ზოგიერთ ადამიანს, მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება - კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში ვაქცინა ალერგიულ რეაქციებს იწვევს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აშშ-ში 2020 წლის 14-23 დეკემბრის მონაკვეთში გაკეთებული Pfizer-ის ვაქცინის, დაახლოებით, 1.9 მილიონი დოზიდან, მწვავე ალერგიული რეაქცია მხოლოდ 21 პაციენტში გამოვლინდა. ეს ნიშნავს, რომ მილიონ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქცია მხოლოდ 11 პაციენტს აღენიშნა. მძიმე შემთხვევებშიც კი ფატალური შედეგი არ დამდგარა. კვლევაში ასახული 21 შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკი (მწვავე ალერგიული რეაქცია) აცრიდან რამდენიმე წუთში დგებოდა. სწორედ ამიტომ, ადამიანები აცრიდან გარკვეული ხნის განმავლობაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. CDC-ის მიხედვით, ვაქცინებთან დაკავშირებული რისკი COVID-19-ის მწვავე ფორმით მიმდინარეობის რისკზე უფრო დაბალია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი, მხოლოდ კოვიდვაქცინის უკუჩვენება არაა. მსგავსი ალერგიული რეაქცია შესაძლოა, სხვადასხვა მედიკამენტის და საკვების შემთხვევაშიც ,გამოვლინდეს.

ტყუილი 4: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ადამიანები იღუპებიან

9 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 2,3 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად კი - 0.

ყალბი ამბები COVID-19-ის ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შესახებ აქტიურად ვრცელდება. მათ შორის, გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ ნორვეგიაში კორონავირუსის ვაქცინაციას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობისთვის, ნორვეგიაში მოხუცთა საცხოვრებელში მყოფი ხანდაზმული პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიდან მცირე ხნის შემდეგ გარდაცვალების შემთხვევები მართლაც დაფიქსირდა. აუტოპსიის შედეგების თანახმად, უშუალოდ ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი ვერ დადგინდა. ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს ცნობით, ხანდაზმულთა სიკვდილიანობის შემთხვევებსა და COVID-19-ის ვაქცინებს შორის პირდაპირი კავშირის მტკიცებულება არ არსებობს.

ტყუილი 5: ვაქცინის საშუალებით ადამიანების „დაჩიპვა“ ხდება

მტკიცება, თითქოს ვაქცინის საშუალებით ადამიანის სხეულში მიკროჩიპების შეყვანა ხდება, რეალობას არ შეესაბამება. ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ კონსპირაციები Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის სახელთან არის დაკავშირებული. დეზინფორმაციის საფუძველი ბილ გეითსის საქველმოქმედო საქმიანობაა, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვას, მათ შორის ვაქცინების განვითარებას უკავშირდება. არ არსებობს ლოგიკური საფუძველი იმის, რომ ვაქცინაციით ადამიანების ე.წ. „დაჩიპვა“ შესაძლებელია.

თავად ბილ გეითსმა განცხადება მასთან და ვაქცინაში ნანო ჩიპების არსებობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში გააკეთა. „იმდენად გულუბრყვილო და უცნაური მტკიცებაა, რომ მისი უარყოფა თითქმის შეუძლებელია. მისი გამეორებაც კი სანდოობას მატებს მას“, - განაცხადა გეითსმა.

ამასთანავე, Pfizer-მა, ისევე როგორც Moderna-მ, მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის შემადგენელი ინგრედიენტების სია გამოაქვეყნეს. ვაქცინის მეშვეობით ნანო ჩიპის შეყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია და მისი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

[1]COVID-19-ის ვაქცინებზე საუბრისას, ვგულისხმობთ ვაქცინებს, რომელთაც აქვთ საერთაშორისო მარეგულირებლების ავტორიზაცია - BioNTech/Pfizer, Moderna და AstraZeneca.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2851 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი