იტვირთება

დეზინფორმაცია: საავადმყოფოებში კორონავირუსის პაციენტებზე ექპერიმენტებს ატარებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი


ანალიზი
:

2021 წლის 28 იანვარს, Facebook-მომხმარებელმა ლაშა მოდებაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ საავადმყოფოებში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მაღალია, ვიდრე სახლში მკურნალობის დროს, რადგან საავადმყოფოებში პაციენტებზე ექსპერიმენტებს ატარებენ. პოსტში გაჟღერებული ინფორმაცია ძირითადად დეზინფორმაციას წარმოადგენს და ყალბი ამბავია.

მტკიცება: ფარმაცევტული კომპანიები მუშაობენ ვაქცინებსა და წამლებზე, რომლებიც ადამიანის გენეტიკურ კოდს ცვლის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პოსტის თანახმად, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები იმ ვაქცინებსა და მედიკამენტების წარმოებაზე მუშაობენ, რომლებიც ადამიანის გენეტიკურ კოდს ცვლის. აღნიშნული მტკიცება ყალბია. დღეისათვის დამტკიცებული კორონავირუსის საწინააღმდეგო Moderna, Pfizer/BioNTech, Astrazeneca-ს ვაქცინები ადამიანის გენეტიკური კოდის ცვლილებას არ იწვევს. ახალ ი-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა. mRNA ვაქცინის შეყვანა ადამიანის უჯრედებში დნმ–ს არ ცვლის და ამ უჯრედების გამრავლების შემთხვევაში, mRNA ახალი უჯრედების გენეტიკურ ინფორმაციაში არ შედის. შესაბამისად, mRNA, ადამიანის დნმ-ზე არც გავლენას ახდენს და არც რაიმე სახით მოქმედებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და, მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.

რაც შეეხება გენეტიკური კოდის შემცველ წამლებს, გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსთან მიმართებაში, მსგავსი პრეპარატი არ შეუქმნიათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამედიცინო სფეროში დნმ-ზე დაფუძნებულ მედიკამეტებზე მუშაობა რამდენიმე წელია დაიწყო. დნმ-წამლების რევოლუციის მიზანია, ამა თუ იმ დაავადების მკურნალობა, მაქსიმალურად ეფექტური გახადოს. ექიმები, როგორც წესი, იმ ბიოლოგიურ კოდს (იგივე დნმ-ს), რომელიც დაავადებას იწვევს, ვერ ეხებოდნენ. დნმ-რევოლუციის პირობებში კი დნმ-ზე დაფუძნებული წამლები იმ გენებს, რომლებიც დაავადებას იწვევს, ცვლის ან თრგუნავს. მაგალითისთვის, 2017 წელს FDA-იმ (საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) დნმ-ზე დაფუძნებული პრეპარატი Luxterna დაამტკიცა, რომელიც იშვიათი ფორმის გენეტიკურ სიბრმავეს დნმ-ის ცვლილებით კურნავს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლამდე კიდევ ორი გენური თერაპია იყო დამტკიცებული, თუმცა როგორც ინექციური პრეპარატი, რომელიც ადამიანის უჯრედების მემკვიდრეობით მიღებულ დნმ-ს განკურნების მიზნით ცვლიდა, FDA-იმ Luxterna-ს შემთხვევაში პირველად დაამტკიცა. შესაბამისად, დნმ-ზე დაფუძნებული მედიკამენტები სამედიცინო სფეროში რევოლუციურ პრეპარატებს წარმოადგენენ, რომლის დახმარებითაც სხვადასხვა გენეტიკური დაავადების მკურნალობა იქნება შესაძლებელი.

მტკიცება: საავადმყოფოში მიყვანილ პაციენტებზე ექსპერიმენტები ტარდება და ამ ექსპერიმენტის დამალვის მიზნით გარდაცვლილი ადამიანების ექპერტიზა იკრძალება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პოსტის თანახმად, საავადმყოფოში პაციენტებზე ექპერიმენტებს ატარებენ და მათ ისეთ პრეპარატებს აძლევენ, რომლითაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და ლეტალური შედეგით მთავრდება. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ-პაციენტებზე არავითარი ექსპერიმენტი არ ჩატარებულა, შესაბამისად მათ ჯანმრთელობისთვის სახიფათო პრეპარატებითაც არ მკურნალობდნენ. კორონავირუსით დაავადებული ადამიანების განზრახ არასწორ და სახიფათო მკურნალობაზე დეზინფორმაცია უფრო ადრეც ვრცელდებოდა. მაგალითად, ზოგიერთი მტკიცების თანახმად, კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატები- ნიმბექსი და რემდესივირი, კუნთებს ადუნებს და ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. ბუნებრივია, აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან არც ერთი აღნიშნული პრეპარატი ადამიანის გარდაცვალებას არ იწვევს.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების გაკვეთას, აღსანიშნავია, რომ აუტოფსია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აუკრძალავს. სინამდვილეში, ჯანმოს სახელმძღვანელოში ნათლად არის მითითებული, რომ გარდაცვლილის სხეულის გაკვეთა მაშინაც კი დასაშვებია, თუ არსებობს ვარაუდი, ან დადასტურებული ცნობა, რომ პირი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემულია რეკომენდაციები იმ პერსონალისთვის, რომელმაც გაკვეთის პროცედურა უნდა ჩაატაროს. მითითებების თანახმად, პერსონალმა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვას, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო დაინფიცირება. მაგალითად, პერსონალი ყველა საჭირო ნივთით შესაბამისად უნდა იყოს ეკიპირებული. პროცედურა ადეკვატურად ვენტილირებულ ოთახში უნდა ჩატარდეს. საუკეთესო ვარიანტი ბუნებრივი ვენტილაციის გამოყენებაა. მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ოთახში უარყოფითი წნევა უნდა შეიქმნას, რათა შესაძლებელი გახდეს ჰაერის ნაკადის გაკონტროლება. უზრუნველყოფილ უნდა იქნას შესაბამისი განათება. გვამის გაკვეთის პროცედურაში ჩართული პერსონალის რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. აღსანიშნავია, რომ ჯანმოს მითითებებს არ აქვს იძულების სახე და ორგანიზაცია მის წევრებს რეკომენდაციების დაცვას არ ავალდებულებს.

მტკიცება: კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საავადმყოფოებში მაღალია, მაშინ როდესაც ადამიანები სახლში მკურნალობით ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

პოსტის მიხედვით, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი საავადმყოფოებში უფრო მაღალია, რადგან იქ პაციენტებზე მკურნალობისას ექსპერიმენტები ტარდება, ხოლო ადამიანებმა, რომლებმაც კორონავირუსი სახლში გადაიტანეს, მარტივად გამოჯანმრთელდნენ. აღნიშნული მტკიცება არასრული კონტექსტით არის წარმოდგენილი.

საავადმყოფოებსა და სახლში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ერთმანეთთან შედარება არასწორია. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც წესი, ჰოსპიტალიზაციას ის ადამიანები საჭიროებენ, რომლებიც რომელიმე რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ან კორონავირუსის მძიმე სიმპტომები აღენიშნებათ. 2020 წლის 17 მარტს WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროტოკოლის თანახმად, COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული ყველა შემთხვევის იზოლირება და სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა პრიორიტეტულია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდება, მაშინ პრიორიტეტი რისკის ქვეშ მყოფ პირებს (ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნის და სხვ. დაავადებების მქონენი) ენიჭებათ. შედარებით მსუბუქი შემთხვევების და არა რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი პაციენტები კი სასტუმროებში ან სახლებში იტარებენ მკურნალობის კურსს, ექიმთან მჭიდრო კონტაქტის პირობებში.

რაც შეეხება უშუალოდ გარდაცვალებათა რაოდენობას, COVID-19-ით გარდაცვლილთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო მეტია, ვიდრე დადასტურებული სიკვდილიანობის რაოდენობა. ეს განსხვავება შეზღუდული ტესტირებითა და გარდაცვალების მიზეზების დადგენის პრობლემურობით არის გამოწვეული. ამასთანავე, დადასტურებული და რეალური გარდაცვალების მაჩვენებლები სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევაშიც განსხვავდება, რადგან გარდაცვალების რაოდენობის აღრიცხვა განსხვავებულად ხდება. ზოგიერთი ქვეყნის საერთო სტატისტიკაში შესაძლებელია, მხოლოდ საავადმყოფოებში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევები შედიოდეს, სხვა ქვეყნების სტატისტიკაში კი - სახლში გარდაცვალების შემთხვევებიც ფიქსირდებოდეს.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში სიკვდილიანობის მაჩვენებელზე საუბარი რთულია, რადგან პანდემიის დასაწყისში უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ჰოსპიტალიზირებული ადამიანების სიკვდილიანობა აღირიცხებოდა, სხვა ბევრი კორონავირუსით ინფიცირების და შესაბამისად გარდაცვალების შემთხვევაც კი უცნობი რჩებოდა. ბოლო დროს ჩატარებული ორი კვლევის თანახმად (ნიუ-იორკ სითისა და ინგლისის მაგალითზე), მარტში COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებული ადამიანების გარდაცვალების მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე აგვისტოში, ხოლო მოგვიანებით, 2020 წლის ნოემბერში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დადებითად შეიცვალა. COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებული პაციენტები გამოჯანმრთელების უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდნენ, რაც ვირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრდამ და მკურნალობის მეთოდების დახვეწამ განაპირობა.

ლაშა მოდებაძის მტკიცების მსგავსი ამბავი აშშ-შიც გავრცელდა, რომლის თანახმადაც კორონავირუსისგან ადამიანების გარდაცვალების ფაქტები მხოლოდ საავადმყოფოში ფიქსირდებოდა. სინამდვილეში, CDC-ის თანახმად, აშშ-ში გარდაცვალებათა დიდი ნაწილი ნამდვილად სამედიცინო დაწესებულებებში, მოხუცებულთა თავშესაფრებსა და გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებში ფიქსირდებოდა, თუმცა ამავე მონაცემების თანახმად, 10 000-მდე ადამიანი სახლის პირობებშიც გარდაიცვალა (2020 წლის სექტემბრის მონაცემებით). უფრო მოგვიანებით, სოციალური ქსელებში გავრცელდა ყალბი ამბავიც, რომ ამერიკაში 300 000 ადამიანი კორონავირუსისგან არ გარდაცვლილა და მათი სიკვდილი სამედიცინო პერსონალის ბრალი იყო, რადგან ისინი არასწორად უვლიდნენ პაციენტებს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2904 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი